GE
21 ივნისი, 2024 12:07

ჩაკეტილი მოსწავლიდან ლიდერ მოსწავლემდე – კითხვა და გამოსავალი, რომელსაც ფსიქოლოგი მშობლებსა და პედაგოგებს სთავაზობს

საზაფხულო არდადეგები დაწყებულია. მშობლებსა და პედაგოგებს ახლა მთელი ზაფხული აქვთ იმისთვის, რომ დაშვებული “შეცდომები” გამოასწორონ და მოსწავლესთან თუ შვილთან ურთიერთობის საკუთარი სტრატეგიების გაუმჯობესებაზეც მეტი იმუშაონ. როგორც EDU.ARIS.GE-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო ცენტრ “საფეხურის” ფსიქოკონსულტანტი, ნინო მაზიაშვილი უხსნის, ეს პერიოდი საკმარისი დროა იმისათვის, რომ თუ ჩაკეტილი, ნაკლებად მოტივირებული და ასოციალური შვილი/მოსწავლე გყავთ, ის საპირისპირო ადამიანად – ლიდერად აქციოთ.

ფსიქოლოგის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მოსწავლეს/შვილს დავეხმაროთ ჯერ თავად უნდა გავიგოთ, რას ფიქრობს ის საკუთარი თავისა და ჩვენს შესახებ, მაგალითისთვის ვკითხოთ: “რა ხდება, როცა სკოლაში გამოწვევები გაქვს?”.

შვილი/მოსწავლე #1

„სასკოლო გამოწვევების დაძლევაში იშვიათად თუ მეხმარებიან, თუ ცუდ ნიშანს ვიღებ, მსაყვედურობენ, მსჯიან, თუ კარგს ვიღებ, არავინ მაჯილდოებს. არ აღნიშნავენ, რომ წამატების მიღწევა შევძელი. არ არის ჯილდო, არ არის წახალისება, მხოლოდ შენიშვნები და საყვედურებია“.

შვილი/მოსწავლე #2

„გამოწვევების დაძლევაში ყოველთვის მეხმარებიან, მხარს მიჭერენ, მამხნევებენ. თუ ცუდ ნიშანს ვიღებ, მეუბნებიან, რომ მეტი ვიმუშავო და ყველაფერი გამოვა. თუ კარგ შეფასებას ვიღებ მაჯილდოვებენ, ბედნიერებას გამოხატავენ და ახარებთ, რომ წამატების მიღწევა შევძელი. არ არის საყვედურები, არ არის დასჯა, არის სიყვარული, თანადგომა და იმედი, რომ შევძლებ!“

– პირველ შემთხვევაში, როცა ბავშვის, მოზარდის მიმართ არ ვართ მხარდამჭერნი, ვაფერხებთ მათ მოტივაციას, ვუბიძგებთ, ჰქონდეთ დაბალი თვითშეფასება და გარკვეული აკადემიური წარუმატებლობაც. ამის გამო მეტად იკეტებიან საკუთარ თავში, იზოლირდებიან სხვებისგან, აქვთ უნდობლობა და ახლო მეგობრული ურთიერთობების ნაკლებობა. მეორე შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. აქვს გამბედაობა, საკუთარი თავის საკმარისობის და ბედნიერების განცდა. იციან, რომ უყვართ, ყავთ უმრავი მეგობარი და შესაბამისად საკომუნიკაციო უნარებიც კარგი აქვთ.

რა არის გამოსავალი, რომელმაც ჩაკეტილი მოსწავლე ლიდერ მოსწავლედ უნდა აქციოს – რა უნდა გააკეთოს მშობელმა/მასწავლებელმა

აღიარეთ მისი პიროვნება – მათ უნდა დაანახოთ თავიანთი ძლიერი მხარეები, აღნიშნოთ მათი მცირედი მცდელობაც, პატარა წარმატებული ნაბიჯებიც, აუცილებლად აქცენტი გააკეთოთ ამა თუ იმ საქმის შესრულებისას პროცესზე და არა შედეგზე!

არ აიღოთ მისი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე – მოზარდს ულაგებთ ოთახს? – ეს არ გააკეთოთ, მოზარდს უწერთ რვეულში თუ რა აქვს საშინაო დავალებად? – ეს არ გააკეთოთ. ეს მათში იწვევს ისეთ განცდას თითქოს მათ ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ, არ აქვთ რესურსები, ეს კი პირდაპირ მიბმულია მათ თვითშეფასებაზე.

გამოიყენე პოზიტიური განმამტკიცებლები – უთხარით რომ გიყვართ, პატივს ცემთ მის არჩევანს და გაქვთ მისი იმედი. როცა შვილის/მოსწავლის ნაცვლად იწყებთ საუბარს, მაგალითად იმყოფებით სტუმრად, ან თავად გსტუმრობენ, დაუშვებელია, რომ თავად ისაუბროთ მის სამომავლო გეგმებსა და ცხოვრებაზე.

მიეცით საქმე, რომლის გაკეთებაც შეუძლია – იმისთვის, რომ დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში მიეცით საქმე, თუ შემოქმედებითია დაწეროს ლექსი, შექმნას ნახატი, დაავალეთ ის, რის გაკეთებასაც ზუსტად იცით, რომ შეძლებს, თუნდაც დიდი დრო დასჭირდეს ამისათვის, ნუ დაუთქვამთ დროს! მიეცით თავისუფლება.

ფსიქოლოგის განცხადებით, ნებისმიერ ასაკში თავისუფლადაა შესაძლებელი, ადამიანი იქცეს ლიდერად, თუმცა ზრდასრულის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო რთული პროცესია და აუცილებლად საჭიროებს ფსიქოთერაპიას.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში