GE
7 სექტემბერი, 2026 11:51

„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა ახალი პროგრამა, სახელწოდებით „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ ყველა პირველკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი ნერგი დარგოს და მის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვების პროცესში ჩაერთოს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, პროგრამის მიზანია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს:

  • ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის/ზრდის მხარდაჭერას;
  • ბიომრავალფეროვნების დაცვას;
  • კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების
    პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგრადი
    განვითარების პრინციპების დამკვიდრებას;
  • პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის
    გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის
    სახელმწიფო პოლიტიკასთან.

პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ანალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით განხორციელდება.

„პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართულობით, დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობები, სადაც გამწვანების ღონისძიებები დაიგეგმება; გარემო პირობების, კლიმატური სარტყელისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება ნერგების სახეობების შერჩევა და განისაზღვრება დარგვის ოპტიმალური პერიოდები/ვადები;

განხორციელდება საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, რომელთა მიზანი იქნება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება; ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართულობით, გათვალისწინებული იქნება დარგული ნერგების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი შემდგომი მოვლა-პატრონობა“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

პროგრამის დამტკიცების შესახებ განკარგულება 31 აგვისტოთი თარიღდება და უკვე ძალაშია.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს მთავრობის განკარგულება

ასევე იხილეთ:

როგორ მიმდინარეობს სარეალიზაციო პუნქტში სასკოლო ფორმების გაყიდვა – EDU.ARIS.GE-ს რეპორტაჟი (+ფოტოები)

schools.ge (ნ)