როგორ მიმდინარეობს სარეალიზაციო პუნქტში სასკოლო ფორმების გაყიდვა – EDU.ARIS.GE-ს რეპორტაჟი (+ფოტოები)
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე, საქართველოს მასშტაბით სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო. მშობლებს ფორმის შეძენა ჯერ მხოლოდ პირვეკლასელებისთვის როგორც ქვეყნის 11 რეგიონში გახსნილ 84 სარელიზაციო პუნქტში, ისე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ონლაინ მაღაზიიდან შეუძლიათ. გივი მიქანაძის უწყება გვარწმუნებს, რომ მოგვიანებით [პირველი სემესტრის განმავლობაში – ავტ.] სასკოლო სამოსი ხელმისაწვდომი იქნება II-VI-კლასელების მშობლებისთვისაც.
EDU.ARIS.GE-მ ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოების წევრთა – მათ შორის, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები არაერთხელ შემოგთავაზათ, ამჯერად კი გადავწყვიტეთ, მოგვესმინა იმ პირველკლასელთა მშობლების შეფასებები, რომლებმაც შვილებს სამოსი უკვე შეუძინეს.
ნათია პაპავამ სასკოლო ფორმის კომპონენტები – ერთი პიჯაკი და ერთი შარვალი, თბილისის 79-ე საჯარო სკოლაში გახსნილ სარეალიზაციო პუნქტში იყიდა და როგორც თვითონ გვითხრა, ზომებთან დაკავშირებულ პრობლემას გადააწყდა.
„1-ელ სექტემბერს შევიძინე ფორმა, მაგრამ მიწევს ორივეს [პიჯაკის, შარვლის] გადაკეთება, რადგან ბავშვს ყველაზე პატარა ზომაც კი ძალიან დიდი აქვს. რაც შეეხება ხარისხს, მე პირადად არ მომწონს, რადგან „კარდონივით“ არის“, – აღნიშნა მშობელმა.
მისგან განსხვავებით, ფორმით კმაყოფილია ჩვენი რესპონდენტი აჭარიდან, მან შვილისთვის ერთი პიჯაკი, ერთი ქვედაკაბა და ერთი შარვალი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის 1-ელ საჯარო სკოლაში შეიძინა:
„80%-ით კმაყოფილი ვარ. XS ზომა მოერგო ჩემს შვილს, თუმცა, ეს ზომა ზოგს დიდი ჰქონდა, ზოგს არ ჩაეტია. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ და ფორმებს მივესალმები არა მხოლოდ მე-6 კლასის ჩათვლით, არამედ მე-12 კლასამდე. რომ საუბრობენ პოლიესტერზე, მთლად ასეთიც არ არის. ნამდვილად სჯობს TEMU-დან გამოწერილ ტანსაცმელს, რომელიც დილიდან დაღამდებამდე აცვიათ ბავშვებს“.
EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, თბილისში, სასკოლო ფორმების ერთ-ერთ სარეალიზაციო პუნქტშიც მისულიყო და უშუალოდ გაყიდვის პროცესს დაკვირვებოდა. ამ მიზნით, დღეს, 2 სექტემბერს, გაყიდვების დაწყებიდან მეორე დღეს, ვესტუმრეთ 55-ე საჯარო სკოლას, სადაც ფორმების ყიდვა 11:00 საათიდან იყო შესაძლებელი. პუნქტიდან გამოსული მშობლების ნაწილმა პირად საუბარში გაგვიმხილა, რომ „უარესი ხარისხის“ ფორმას ელოდა, ნაწილისთვის კი სასკოლო სამოსი თავიდან ბოლომდე მისაღები აღმოჩნდა.
ეკო სხირტლაძემ, მას შემდეგ, რაც შვილს ერთი პიჯაკი და ერთი შარვალი 70 ლარად უყიდა, არ დაგვიმალა, რომ ფორმა „არასტანდარტულად არის შეკერილი“ და აი, რატომ:
„პიჯაკი XS ვიყიდე. თავიდან ბავშვს S ზომა ჩავაცვი, სიგრძე კარგი იყო, მაგრამ მხრებში დიდი ჰქონდა. ამიტომ, ვიყიდე ერთი ზომით პატარა და ეს მოკლეა. როგორც ჩანს, რაღაც ისეა შეკერილი – არასტანდარტულად. ხარისხი, რა თქმა უნდა, უკეთესი აჯობებდა… ვფიქრობ, რომ ერთი შარვალი და ერთი პიჯაკი არ მეყოფა. რადგან სავარაუდოდ, ხარისხი არ არის კარგი და უცებ გაფუჭდება, მეორე შარვალი – ფორმის შარვლის მსგავსი, ლურჯი შარვალი დამოუკიდებლად უნდა შევიძინო. რაც შეეხება, ზოგადად, სასკოლო ფორმის იდეას, მომწონს. ყოველდღე აღარ მოგვიწევს ფიქრი, თუ რა შეიძლება, ბავშვს ჩააცვა. ზოგი ბავშვი ხომ პრეტენზიულია“, – გვითხრა ეკო სხირტლაძემ, რომლის შვილიც წელს, 41-ე საჯარო სკოლის პირველკლასელი გახდება.
55-ე სკოლასთან EDU.ARIS.GE ასევე ესაუბრა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხს, რომელმაც ამავე სკოლაში გახსნილ სარეალიზაციო პუნქტში შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა.
„წელს ჩემი უფროსი შვილი საჯარო სკოლის პირველ კლასში შედის. დღეს ფორმა ბავშვს ადგილზე მოვარგეთ და ჯერჯერობით ერთი კომპლექტი შევიძინეთ… ძალიან ლამაზი ფორმებია და ხარისხის მხრივაც კარგია”, – გვითხრა მარიამ ლაშხმა.
მან ჩვენთან საუბრისას ფორმის სავალდებულოდ შემოღებას ზოგადი განათლების რეფორმის „ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მხარე“ უწოდა და სასკოლო სამოსის შეკერვის პროცესში კერძო სექტორის ჩაერთვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
აღსანიშნავია, რომ 55-ე სკოლაში დღეს, 2 სექტემბერს, ფორმის ყიდვა რიგში დგომის გარეშე იყო შესაძლებელი, სარეალიზაციო პუნქტის შიდა სივრცეში კი წესრიგი სუფევდა.
შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან, სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასების მოსწავლეებისთვის ხდება. პირველკლასელებისთვის ფორმის ყიდვა უნაღდო ანგარიშსწორებით, 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, 15 სექტემბრიდან კი – მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი.
ასევე იხილეთ:
დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე



