GE
16 თებერვალი, 2023 11:41

„ჩემი შვილი ცუდ ნიშნებს იღებს, როგორ მოვიქცე?“-სპეციალისტის პასუხი მშობლებს

ხანდახან ყველა მოსწავლე იღებს დაბალ შეფასებას. ეს მშობლებმაც კარგად იციან, თუმცა, ზოგჯერ, ეს „ხანდახან“ ძალიან ხშირად მეორდება და საქმე უფრო შორს მიდის ვიდრე წარმოვიდგენდით.

ამ დროს მშობლები განსაკუთრებით ღელავენ, შვილს საყვედურობენ და მის „გამოსაფხიზლებლად“ ეფექტური მეთოდების შერჩევას იწყებენ. განაწყენებულ მშობლებს ავიწყდებათ, რომ ცუდი ნიშნის მიღების გამო, მოსწავლე ისედაც არ უნდა გრძნობდეს თავს საუკეთესოდ და მიღებული შედეგით თავადაც არანაკლებ იმედგაცრუებულები არიან.

EDU.ARIS.GE მშობლებისა და მოსწავლეების დახმარებას შეეცადა ამ მიზნით სპეციალისტს ვესაუბრეთ. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, როდის უნდა ჩაერთოს მშობელი მოსწავლის შეფასებით საკითხებში, რისი გაკეთება შეუძლია, როცა შვილი ცუდ ნიშნებს იღებს და რა მეთოდების გამოყენებაა დასაშვები ბავშვთან თუ მოზარდთან საუბრის დროს.

ამ საკითხებზე გვესაუბრა პერსონალური განვითარების ფსიქოლოგი, თათია მამნიაშვილი, რომელმაც სპეციალურად, EDU.ARIS.GE-ს მკითხველი მშობლებისთვის რეკომენდაციებიც გაგვიზიარა.

-თათია, პირველ რიგში, გვითხარით, რა არის „ცუდი ნიშანი“ და რატომ ვანიჭებთ მას ასეთ მნიშვნელობას?

-ეს საკითხი იმაზე მეტად კომპლექსური და სისტემურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვა კონკურენციაზე რა გახსენდებათ? -ეკონომიკური კონცეფცია, თუ იდეოლოგია, რომელიც ძვალსა და რბილში გასჯდომია საზოგადოებას და ამახინჯებს მთელ სოციუმს. ჩვენ ვაღმერთებთ კონკურენციას, თავგამოდებით ვამტკიცებთ მის აუცილებლობას და ვასრულებთ მის დირექტივებს. შედეგად კი, ვებმებით მახეში, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. განათლების სისტემა კონკურენციისკენ ჩვენი ლტოლვის წამახალისებელია. სკოლის ნიშნებიც სხვა არაფერია, თუ არა თითოეული მოსწავლის კონკურენტუნარიანობის შეფასება. შესაბამისად, გვჭირდება „კარგი“ ნიშნები და „ცუდი“ გვანერვიულებს, უკვე ასე ვართ გაზრდილები.

-უთხარით მშობლებს, უმეტესად რა მიზეზით შეიძლება, მოსწავლე ცუდ ნიშანს იღებდეს?

-სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა პედაგოგები უკლებლივ ყველა ბავშვს ერთი და იმავე მეთოდიკით ასწავლიან ერთსა და იმავე საგნებს და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას მოსწავლეთა ინდივიდუალურ უნარებსა თუ მიდრეკილებებს. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ეს არის. ასევე, ძალიან ხშირად, მშობლები შვილებისგან ითხოვენ საუკეთესო შედეგებს, ამისათვის კი არანაირ პირობას არ უქმნიან. მაღალ შედეგებს სჭირდება საშინაო დისციპლინა, საშინაო დისციპლინას კი ბიოლოგიურად მოწესრიგებული რეჟიმი, ჯანსაღი კვება, ძილი, უკონფლიქტო გარემო, სტაბილურად დაკმაყოფილებული საბაზისო მოთხოვნილებები, რასაც ცხადია, მშობლის მაღალი ჩართულობა სჭირდება, რაც იშვიათია. ხშირად, მოსწავლეები თავს უსაფრთხოდაც კი ვერ გრძნობენ. ბავშვი უნდა იყოს მიღებული, ენდობოდეს იმ გარემოს, რომელშიც იზრდება, რომ შეძლოს მისი შესაძლებლობების გამოვლენა, ენერგიის სტაბილურად მობილიზება და ძალების ერთი მიზნისკენ მიმართვა. ცუდი ნიშნის მიღების მიზეზი მასწავლებლის არაპროფესიონალიზმიც შეიძლება იყოს, არაჯანსაღი შეფასების სისტემა, ან უკიდურეს შემთხვევაში, მოსწავლის რადიკალური ინდიფერენტულობა რომელიმე საგნის მიმართ. ან ყველა ზემოთჩამოთვლილი მიზეზი სხვადასხვა დოზებით. ამიტომ, საკითხის ცალსახად შეფასება არ შეიძლება, მშობლების მხრიდან გამოკვლეული უნდა იყოს მიზეზები, სწორად შეფასებული და შეძლებისდაგვარად გადაჭრილი.

-რა ხდება ამ დროს ბავშვის თუ მოზარდის ფსიქიკაში?

-ცუდი მოსწრების მქონე მოწაფეები თავს არასრულფასოვან ადამიანებად აღიქვამენ. ფორმირდება რეალობისთვის შეუსაბამო თვითშეფასება, დაბალი თვითშეფასება შიშებს ამრავლებს და აუცილებელი გამოცდილების მიღება ბავშვისთვის მტკივნეული პროცესი ხდება. ამას გარდა, როგორც იცით, მშობლები ხშირად საყვედურობენ ცუდი ნიშნების გამო, ზოგჯერ მათი რეაქცია იმდენად მძიმეა, რომ ბავში მისი ნებით უარს იტყვის რეალობის მიღებაზე და სტრესისგან თავის არიდების მიზნით, მკვეთრად დააფიქსირებს საკუთარ ყურადღებას მისთვის არარეალურ სივრცეზე. ეს კი ძალიან საშიში მდგომარეობაა, რასაც ბავშვი გაუცნობიერებლად გადაყავს პასიურ რეჟიმში. ის სწავლობს გაქცევას „პრობლემების გადაჭრის“ ნაცვლად და კიდევ უფრო სუსტდება. თანდათან კარგავს რეალობასთან კონტაქტს და ეწყება მუდმივი შინაგანი არეულობები.

-როგორია თქვენი რეკომენდაციები მშობლებისთვის

-სამ მნიშვნელოვან ასპექტს გამოვყოფდი.

პირველი – შვილის პიროვნული მხარის და მისი სასკოლო შედეგების გამიჯვნა ერთმანეთისგან. როგორც წესი, „ცუდი ნიშნების“ მიღების შემდეგ, საყვედური მიემართება ხოლმე არა ცოდნის დონეს, ან სწავლისადმი დამოკიდებულებას, არამედ პიროვნებას, რაც კატეგორიულად მცდარი დამოკიდებულებაა. ბავშვის გალანძღვა დაუშვებელია. თუ შედეგის მიღებაზე ხართ ორიენტირებული, ეცადეთ, მისი პიროვნული საზღვარი არ გადაკვეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც და საკუთარ მსჯელობასაც ჩიხში შეიყვანთ და ახალი პრობლემები აღმოცენდება; შემდეგ კი ყველაფერი ერთბაშად გექნებათ გადასაჭრელი, რაც ურთულესია.

მეორე – თქვენი დამოკიდებულება საკითხისადმი, როგორ ვუყურებთ ნიშნებს და მის დანიშნულებას. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, გნებავთ მოზარდობა. მანამ ვმეტოქეობთ აბსტრაქტულ ცხრილებში ერთი პოზიციით მაღლა აწევისთვის, სანამ კონკურენცია სამუდამოდ არ გამოგვიბერტყავს თავიდან ბავშობის ოცნებებს. მაგრამ არიან გიჟები, მეამბოხები, რომლებიც ყველაფერს სხვანაირად ხედავენ, წესებს მიღმა, ნიშნებს მიღმაც. ნიშნებს იმაზე მეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ასე, შესაძლოა, ადამიანის მნიშვნელოვანი პოტენციალი დავაზიანოთ.

და მესამე ადამიანური მხარე – უბრალოდ უნდა ვიყოთ ჩვენი შვილების მხარდამჭერი და საყრდენი. ასწავლეთ მათ, რომ ყველაფრის შეცვლა და გაუმჯობესება შეიძლება და ყოველთვის შესაძლებელია ამის გაკეთება. პროცესის სამართავად მიყევით ამ კობინაციას: გამოიკვლიეთ მიზეზები, გარეგანი და შინაგანი ფაქტორები. პარალელურად, მუდმივად ამყოფეთ ბავშვი საქმის კურსში, ესაუბრეთ, აუხსენით, გაუზიარეთ რა კეთდება მისთვის და მხარი დაუჭირეთ ბავშვს მომდევნო ეტაპზე საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში