„ჩემთვის ყველა დღე მზიანია“ – გურული მასწავლებლის 35 წელი სკოლაში და შექმნილი სტრატეგია სკოლებისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლეა
„ასეთი ზამთარი გურიაში ჩემი ბავშვობის შემდეგ არ მახსოვს. 35 წელია რაც მასწავლებელი ვარ, ხოლო შუა ამაღლების საჯარო სკოლაში 10 წელია ვასწავლი“, – ამის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი, გულნარა ჟღენტი EDU.ARIS.GE-ს დათოვლილი გურიიდან ესაუბრება.
როგორც იცით, გურიაში დიდთოვლობაა და სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ყურადღებიანი მასწავლებელი იმ სტრატეგიის შესახებ გვესაუბრება, რომელსაც მაშინ იყენებს, როცა კლასში მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მოსწავლე ჰყავს. ქალბატონი გულნარა ცდილობს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით დაეხმაროს ახალგაზრდა კოლეგებსაც.
„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე მყავდა. ამ შემთხვევაში ახალ გაკვეთილს არ ვხსნი, მე რადგან დაწყებით კლასებში ვასწავლი ქართულს, მოსწავლეს განვლილ მასალას თამაშით ვამეორებინებ; აგრეთვე GoogleForms-ში მათთვის შექმნილი მაქვს ტესტები ღია და დახურული კითხვებით, რითაც მოსწავლე გააზრებასაც სწავლობს და თან გრამატიკას იმეორებს.
იხილეთ ფოტო:
„ყველაფერ ამას ხან ამობეჭდილი ტესტებით ვაკეთებთ და ხანაც კომპიუტერზე, ტექნოლოგიების ოთახში, რომელიც უფრო მეტად მოსწონთ პატარებს, რადგან ტესტის შესრულების ბოლოს ის აჭერს ხელს გაგზავნას და იქვე გამოდის ფანჯარა “ქულების ნახვა”, ამასაც აჭერს ხელს და თავად ნახულობს ნახულობს მიღებულ ქულას. დაწყებით კლასებში რომ ქულები არ იწერება, ეს მათთვის სახალისოა და ცდილობენ, მანამ გააკეთონ ტესტი, სანამ 10-დან 10 ქულას არ მიიღებენ“, – გვიამბო მასწავლებელმა გურიიდან.
პედაგოგი რჩევას სკოლების იმ ახალგაზრდა კადრებსაც აძლევს, რომლებსაც მაღალმთიან რეგიონში მასწავლებლად დასაქმების სურვილი აქვთ.
„პირველ რიგში, აუცილებელია, მასწავლებელი თავად ეძებდეს ისეთ აქტივობებს, რაც მასწავლებლისთვისაც მნიშვნელოვანია. ამით ის საკუთარ თაზეც მუშაობს და მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან ახალ-ახალ აქტივობებში და ასე ხალისით ცოდნასაც ეუფლებიან. რაც შეეხება ცივ ზამთარს, ვიცი, ეს მათ არ შეაშინებთ. ჩემთვის ყველა დღე მზიანია“, – გვითხრა გულნარა ჟღენტმა.
ამავე თემაზე:
აჭარის მუნიციპალიტეტებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – სწავლის განახლების თარიღი