GE
30 იანვარი, 2026 15:39

ცნობილია, რას მოიცავს გოგოსთვის და ბიჭისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმა

2026-2027 სასწავლო წლიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. სიახლეს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ითვალისწინებს და მისი შემოღება ჯერ კიდევ 2025 წელს დაანონსდა. ამის მიუხედავად, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის სასკოლო ჩაცმულობაზე ამ დრომდე ბევრი არაფერია ცნობილი, მათ შორის – როგორი იქნება ფორმა და საშუალოდ, რა იქნება მისი ღირებულება. ერთადერთი, რაც ბოლო პერიოდში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გავიგეთ, ფორმაში შემავალი კომპონენტებია.

როგორც დღეს, 30 იანვარს, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა, ფორმა გოგოსთვის – პიჯაკს, ქვედაბოლოსა და შარვალს, ბიჭისთვის კი პიჯაკსა და შარვალს მოიცავს.

მისივე თქმით, ფორმების სხვადასხვა ვერსიის შესარჩევად განათლების მინისტრ გივი მიქანაძის მიერ დაანონსებული კენჭისყრა აღარ გაიმართება, თუმცა სასკოლო საზოგადოებას შესთავაზებენ ისეთ ფორმას, როგორიც „აპრობირებული და ზოგადად მიღებულია“:

„ფორმა მოიცავს გოგოსთვის – პიჯაკს, ქვედაბოლოსა და შარვალს, ბიჭისთვის – პიჯაკსა და შარვალს. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვინდოდა, „ვოუთინგის“ გაკეთება, ბევრი ვერსიების არჩევა. გოგოების შემთხვევაში იქნება, ვთქვათ, ორი ვერსია, მაგრამ ეს თემა „ვოუთინგზე“ არ გაგვაქვს იმიტომ, რომ „ვოუთინგზე“, ამ შემთხვევაში, მოვემზადებით უკეთესად შემდეგ. ვერ მოვახერხეთ [„ვოუთინგი“]. ის თემები, რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი ფინანსურად, ხარისხიანი – ეს ყველაფერი ამას ებმის. რაც არ უნდა აარჩიო – მაგალითად, ნაწილი ეს ყოფილიყო, ნაწილი – მეორანაირი, ნაწილი – მესამენაირი, ეს პრინციპები გაგვექცეოდა მერე ხელიდან. თუმცა, იქნება ისეთი ფორმა შემოთავაზებული, როგორიც არის აპრობირებული, ზოგადად არის მიღებული და მათ შორის, კერძო სკოლების თემებიც გვაქვს გათვალისწინებული – რა არის კარგი, რა გვაქვს მიღებული, რა უკუკავშირები გვაქვს და ა.შ.“.

თამარ მახარაშვილის განმარტებით, ფორმა სოციალურად დაუცველებისთვის უფასო, ყველა სხვისთვის კი ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება.

„თავდაუზოგავად მუშაობს ბევრი თვეა სამინისტრო განსაკუთრებით ფორმებზე და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბევრი მდგენელი გვაქვს გასათვალისწინებელი – ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც. ეს არის ჩვენი ორი დიდი ამოცანა. თანაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 700 000-1 800 000 ფორმაზე. ამიტომ, ეს უნდა იყოს მოსწრებადი, მაღალი ხარისხის და პლუს ხელმისაწვდომი მშობლისთვის და ლოკაციურადაც ხელმისაწვდომი. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამ პარამეტრს, ჩვენი მუშაობის შედეგად, აუცილებლად დავაკმაყოფილებთ“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

ასევე იხილეთ:

„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე

მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – დოკუმენტი

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

schools.ge (ნ)