„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე
„ჩატჯიპიტისა“ და „ტიკტოკის“ თაობისთვის არასასურველი იდეის თავსმოხვევა ისეთი იოლი აღარ არის, როგორც უფროსების თაობაში იყო. წარსულში არსებული მიდგომა – „მე უნდა მივიღო ის, რაც დაწესდა“, ჩაანაცვლა პოზიციამ – „ვაკეთებ იმას, რაც ჯერ მე მომწონს და მსიამოვნებს“. მეამბოხე ხასიათი ახალგაზრდების ნაწილს როგორც ქმედებებში, ისე გარეგნულადაც ემჩნევა.
საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებს, შესაძლოა, ფორმით მოუწიოთ სიარული. EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ეს ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან ამ თემაზე გასულ სტატიაში, რომელიც თბილისში საზოგადოებრივი აზრის გამოვლენას ეძღვნებოდა, უკვე მოგიყევით. ისიც გემახსოვრებათ, რომ გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო ერთი რამ – ფორმის შემოღების წინააღმდეგი, ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების მცირე ნაწილია, დიდი უმრავლესობა კი, ამა თუ იმ არგუმენტით, მხარს უჭერს მას.
დღევანდელ სტატიაში კი სასკოლო ფორმაზე თავად მთავარი გმირები ისაუბრებენ – ადამიანები, ვინც სასკოლო ფორმა უნდა ატაროს. ჩვენ დაგეგმილი სიახლის უშუალო ადრესატებს – მოსწავლეებს მივმართეთ.
ახალგაზრდების პოზიციების მოსასმენად EDU.ARIS.GE დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა საჯარო სკოლას ესტუმრა. ჩვენი რესპონდენტები იყვნენ პირველი კლასიკური გიმნაზიის, 21-ე, 51-ე, 85-ე 179-ე, 180-ე და მე-60 სკოლების მე-8-მე-9-მე-10 და მე-11-კლასელი გოგონები და ბიჭები, ვინაიდან ამ საფეხურზე მოსწავლეებს უკვე გააზრებული აქვთ თავიანთი სტატუსიც და მოლოდინები სკოლისგან. ბუნებრივია, დამამთავრებელი – XII კლასის მოსწავლეთა ანალიზის მოსმენაც გვსურდა, თუმცა, იმ სკოლებთან, სადაც გამოკითხვას ვატარებდით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოსული ვერცერთი მეთორმეტეკლასელი ვერ ვნახეთ.
გამოკითხვისას მოსწავლეებს, ჩვენი დახმარებით, განათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი გზავნილების დაფიქსირებაც შევთავაზეთ, რომლებიც ცვლილებების პროცესში, მინისტრ გივი მიქანაძის უწყებისთვის საყურადღებო უნდა იყოს.
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
ახალგაზრდებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მათსავე სკოლასთან შევხვდით და ფორმის შესაძლო შემოღებაზე აზრის დაფიქსირება ვთხოვეთ. ის, რაც მოსწავლეთა რამდენიმედღიანმა გამოკითხვამ გვაჩვენა, არც ისე მოულოდნელი იყო – მათ უმრავლესობას სასკოლო ფორმის ჩაცმა სხვადასხვა მიზეზით არ სურს და საკუთარი მოსაზრების გამყარებასაც მრავალფეროვანი არგუმენტებით ახერხებს. ახალგაზრდები თვლიან, რომ სასკოლო ფორმით მოსწავლის თავისუფლება, ინდივიდუალიზმის გამოხატვის შესაძლებლობა და სასურველი ტანსაცმლის ჩაცმა შეიზღუდება.
სწორედ ამ მიზეზებს უკავშირებს საკუთარ უარყოფით რეაქციას 51-ე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი ანდრია. „ყველა ბავშვს ისე უნდა ეცვას, როგორც თვითონ სურს“, – გვეუბნება ახალგაზრდა, რომლის მსგავსი მოსაზრებები 180-ე და 51-ე სკოლების მე-8 და მე-9 კლასის სამ მოსწავლესაც აქვს.
51-ე საჯარო სკოლის მეათეკლასელი ბიჭი კი ჩვენთან საუბრისას არ მალავს, რომ ფორმის შემოღება არ გაუხარდება, რადგან მიაჩნია, რომ ის თავისუფლებას შეუზღუდავს. ბავშვმა საკუთარი თავი სკოლის ფორმით და ლოგოებით არ უნდა გამოხატოსო – ფიქრობს უფროსკლასელი და განათლების სამინისტროს მოუწოდებს, ფორმების შემოტანაზე გადაწყვეტილება არ მიიღოს.
ფორმის მოწინააღმდეგეთა რიგებში არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო შორსაც მიდიან და სხვა არგუმენტებთან ერთად, პრობლემას ფორმის შესაძენად გასაღებ ხარჯებში ხედავენ. მაგალითად, პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე დიმიტრი ფიქრობს, რომ ოჯახებს, რომლებიც ბავშვებს ტანსაცმელს, სასკოლო თუ არა სასკოლო გარემოსთვის, მაინც ყიდულობენ, დამატებით ფორმის შეძენა მძიმე ტვირთად დააწვება. კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც, დიმიტრი ფორმის ჩაცმას არ ისურვებდა, მისი მოწონება-არმოწონების საკითხია, ამიტომ, ურჩევნია, მასაც, როგორც სხვებს, საკუთარი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით, ოღონდ მოსწავლისთვის შესაფერისად ეცვას.
„წინააღმდეგი ვარ ფორმების შემოღების. სასწავლო სისტემაში ბევრი რამ არის შესაცვლელი, ფორმა კი მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ფორმამდე ბევრი რამეა დასალაგებელი. ამ ბევრ პრობლემას ფორმის შემოღება, როგორც პრობლემა, ისე დაემატება. სწავლა ისედაც საკმარისად რთულია, სტრესულია და კიდევ ფორმა ნამდვილად არ იქნება კარგი – მით უმეტეს, გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვებისთვის, რომელთაგან ყველას თავისი კომპლექსი აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, ფორმები სკოლაში არ უნდა შემოიტანონ. თუ მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, უფრო დაბალი კლასებისთვის უნდა იყოს და ისიც მხოლოდ ერთი წლით, რომ პატარა ასაკის ბავშვებმა გაიაზრონ, რომ ეს სკოლაა და აქ გართობის ადგილი არ არის“, – ასე გვიხსნის საკუთარ პოზიციას 21-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა.
მოსწავლეთა ერთი ნაწილისთვის ფორმა კლასიკურ სამოსთან ასოცირდება და ამ ტიპის ტანსაცმლით გამოწვეულ დისკომფორტს უკავშირდება. „ბიჭის შემთხვევაში, ზოგს საერთოდ არ მოსწონს კლასიკური შარვლისა და პიჯაკის ჩაცმა, გოგოს შემთხვევაში კი – ბოლოკაბის ჩაცმა. მოსწავლე კომფორტულად უნდა იყოს“, – ასე ხსნის საკუთარ ნეგატიურ განწყობას 21-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ბიჭი და ფორმის შემოღებას დასაშვებად, უკიდურეს შემთხვევაში, დაბალ კლასებში მიიჩნევს.
მკითხველს რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს მოსწავლეები მხოლოდ ფორმის უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას, გეტყვით, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულ უფროსკლასელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დადებით ასპექტებზეც საუბრობენ, მსჯელობენ, არგუმენტებს აფიქსირებენ, მაგრამ მაინც არ მიესალმებიან სასკოლო ფორმას. მაგალითად, 180-ე სკოლის მერვეკლასელი დემეტრე, 21-ე სკოლის მეცხრეკლასელი ნინო და მე-60 სკოლის მეათეკლასელი მართა მიიჩნევენ, რომ ფორმა ტანსაცმლის გამო მოსწავლეთა შორის ბულინგს დაასრულებდა და დილემას – „ხვალ, სკოლაში რა ჩავიცვა“ გადაწყვეტდა. თუმცა, მათთვის მთავარი მაინც გაკვეთილზე კომფორტული სამოსით ყოფნაა და ამ მიზეზით, ფორმის შემოღების პლუსებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
მოსწავლეების ნაწილი არჩევანის თავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას და გადაწყვეტილების მიმღებ უწყებას ბავშვების მოსაზრებების მოსმენასა და გათვალისწინებას სთხოვს. „ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“, – ამბობს მათე, რომელიც 180-ე სკოლის მე-9 კლასში სწავლობს. სასკოლო ფორმის შემოღებამდე, მისი ესკიზის გასაჯაროებას ისურვებდა სამინისტროსგან ამავე სკოლის მერვეკლასელი ბიჭი. მოსწავლეს თან მოსწონს ფორმის შემოღების იდეა, თან – არა. ამიტომ, მიაჩნია, რომ თუკი ეცოდინება, დაახლოებით როგორი ტანსაცმლით მოუწევს სკოლაში სიარული, მასაც და სხვა მოსწავლეებსაც, საკითხზე აზრი უფრო მარტივად ჩამოუყალიბდებათ.
იმის მიუხედავად, ვის რა არგუმენტით არ სურს სასკოლო ფორმის ჩაცმა, დედაქალაქში მოსწავლეთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოწინააღმდეგეთა რიგებში არიან ისეთები, ვისაც ფორმა არ უნდა, მაგრამ შემოღების შემთხვევაში ატარებს მას და ისეთებიც, ვინც იმდენად კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ფორმის ჩაცმას არ აპირებს. „მე მაინც ჩემი სამოსით ვივლი. თუკი სკოლაში არ შემიშვებენ, აღარ ვივლი“, – ამბობს 51-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ბიჭი. „თუ სავალდებულო გახდება, ჩავიცვამ“, – ამ ფრაზას კი მერვეკლასელი ანა გვეუბნება 180-ე სკოლიდან.
„ფორმების შემოღებას ორი სხვადასხვა მხარე აქვს. ერთი მხრივ, დადებითი არის იმიტომ, რომ დილით, სკოლაში წასვლამდე დრო დაიზოგება. არ დაგვჭირდება ბევრი ფიქრი იმაზე, თუ რა ჩავიცვათ. გარდა ამისა, ბავშვები, ერთნაირად თუ ეცმევათ, ჩაცმის სტილის გამო, ერთმანეთს არ დააბულინგებენ. მეორე მხრივ კი, უარყოფითი იქნება იმ კუთხით, რომ ფორმების შემთხვევაში, მოსწავლეებს აღარ ექნებათ საშუალება, ჩაცმის სტილით გამოხატონ საკუთარი თავი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მოსწავლეს ჰქონდეს როგორც სიტყვის, ისე ჩაცმის თავისუფლება. განათლების სამინისტროს ვეტყოდი – სწორი ფიქრია და სწორი აზრია, რომ ყველა ბავშვს ერთნაირად ეცვას, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ყველას არ მოეწონება და ყველა არ დაემორჩილება. პირადად მე, ნაწილობრივ ვემხრობი. თუ შემოიღებენ სავალდებულოდ და სკოლის განაწესში იქნება, ფორმას, რა თქმა უნდა, ჩავიცვამ“, – ასე დაიცვა საკუთარი პოზიცია თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გოგონამ.
როგორც უკვე გითხარით, ფორმას მომხრეც ბევრი ჰყავს, თუმცა მათი რიცხვი ჩვენ მიერ გამოკითხულ უფროსკლასელთა შორის, მოწინააღმდეგეთა რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია. მომხრეების ერთი ნაწილისთვის ფორმა წესრიგთან ასოცირდება, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სკოლაში ფორმით სიარული მოსწავლეთა თანასწორობას შეუწყობს ხელს და ბულინგით გამოწვეულ სტრესს შეამცირებს. სწორედ ამ არგუმენტებს იშველიებს 85-ე და 179-ე სკოლების ორი მეთერთმეტეკლასელი ბიჭი, რომლებიც EDU.ARIS.GE-ს იმასაც უმხელენ, რომ სურთ, ფორმის ტარება, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ყველასთვის სავალდებულო იყოს. „ბევრჯერ მინახავს, რომ დამცინავად ექცევიან ბავშვს, რომელსაც კარგად ვერ აცვია. ზოგი პირიქით – თავს იწონებს, რომ კარგი სამოსი აქვს“, – გვიხსნის ერთ-ერთი და განათლების სამინისტროს ფორმების შემოღების იდეასთან ერთად, მე-12 კლასის გაუქმების აქამდე გაცხადებულ გადაწყვეტილებასაც უწონებს.
„ჩემი აზრით, ნორმალურია ის, რომ სკოლაში მოსწავლისთვის ფორმა შემოიღონ. ეს კარგი იქნება განსაკუთრებით ისეთი ბავშვებისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, 5-6 წყვილი ტანსაცმელი იყიდოს. ფორმით სკოლის იერსახე უფრო მეტად მოწესრიგებულიც იქნება. მე სიამოვნებით ჩავიცვამ. ვფიქრობ, რომ მესამე კლასამდე არ არის აუცილებელი ფორმა, პატარები არიან მაინც და შესაძლოა, არაკომფორტულად იყვნენ. მესამე კლასის ზევით სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის“, – ამბობს ჩვენთან საუბრის ბოლოს 180-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა.
სკოლაში სხვადასხვა ფერის ფორმით სიარული სურს 21-ე სკოლის მეცხრეკლასელ ნიკოლოზს. მოსწავლის აზრით, თუ ფორმას „კვირაში ორჯერ მაინც“ გამოიცვლიან, ის მოსაბეზრებელი არავისთვის იქნება. ამასთან, ოჯახებს, სასკოლო ტანსაცმლის ყიდვასთან შედარებით, ფორმის შეძენით ნაკლები ფინანსური ხარჯი, ბავშვებს კი ნაკლები ფსიქოლოგიური სტრესი ექნებათ.
51-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გოგონას აზრით, ფორმის შემოღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კი მოზარდისთვის იმ დროის დაზოგვაა, რაც ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე ტანსაცმლის შერჩევაში ეხარჯება. „ზამთარში კაბებში გავიყინებით“, – ფიქრობს მოსწავლე და უნდა, რომ ფორმა გოგონებისთვის კაბის ნაცვლად, შარვლის ჩაცმას ითვალისწინებდეს. მერვეკლასელის სურვილია, უნიფორმა ყველა საფეხურის მოსწავლისთვის სავალდებულოდ შემოიღონ. „შეიძლება, მე-11-მე-12 კლასელებს ფორმის ჩაცმა არ უნდოდეთ, მაგრამ მოუწევთ“, – დარწმუნებულია ჩვენი რესპონდენტი.
„ფორმის შემოღება ერთი მხრივ კარგია, რადგან ბავშვები ერთმანეთს აღარ დასცინებენ ტანსაცმლის გამო. თუმცა, მგონია, რომ არაკომფორტული იქნება. მე-12 კლასში არც ვაპირებ სიარულს და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შემოიღებენ თუ არა. ფორმა საჭიროა, მაგრამ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ შემოიღებენ, სავალდებულო არ უნდა იყოს. შემოღებაც, ალბათ, უფრო დაბალი კლასებისთვის შეიძლება. განათლების სამინისტროს ვთხოვდი, რომ სკოლა აგვიშენონ, რომელსაც თითქმის 5 წელია ველოდებით“, – ასეთია 179-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონას ხედვა.
მომხრეები ფორმის შემოღებას ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ მიიჩნევენ. ამ მხრივ, განსხვავებული სურათია მის მოწინააღმდეგეებში – ზოგი ფიქრობს, რომ თუკი ფორმა საჯარო სკოლებში მაინც შემოვა, ის სავალდებულო არცერთი კლასისთვის არ უნდა იყოს, ზოგს კი მისაღებად მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის წარმოუდგენია.
იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხვა თბილისის სხვადასხვა უბანში ჩავატარეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგებმა აქაც სხვაობა გვაჩვენა – იმ მოსწავლეთა უმრავლესობა, რომლებსაც ფორმა სურთ, გარეუბნებში მდებარე საჯარო სკოლებში სწავლობს, ფორმის შემოღების მოწინააღმდეგე ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი დედაქალაქის ცენტრის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულმა რამდენიმე მოსწავლემ, რომლებიც მოწინააღმდეგეთა რიგებში დგანან, ფორმის ნაცვლად, ყურადღება სკოლის სხვა საჭიროებებზე გაამახვილა. მაგალითად, 21-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გოგონასთვის გაცილებით მნიშვნელოვანი უფასო სასკოლო კვება აღმოჩნდა. „თუ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ვერა, დაბალკლასელებისთვის მაინც. ყველას არ აქვს საშუალება“, – თქვა მოსწავლემ. პირველი კლასიკური გიმნაზიის მეათეკლასელი ბიჭი კი ამბობს, რომ ფორმას „გაიჭირვებს და ჩაიცვამს“, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფორმების ნაცვლად, განათლების სამინისტროში სახლიდან სკოლამდე და უკანა გზაზე, ავტობუსის დანიშვნაზე იზრუნებენ. 21-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბიჭსაც აქვს მოსაზრება, რომ „ფორმების შემოღებამდე, ბევრი სხვა საკითხია მოსაგვარებელი“, მათ შორის, საგნების არჩევის საკითხიცაა: „მოსწავლეს მე-10 კლასიდან საგნების არჩევა უნდა შეეძლოს და მე, ვისაც სამართალზე ჩაბარება მინდა, ქიმიაზე დროს არ უნდა ვკარგავდე“.
EDU.ARIS.GE-ს მიერ ჩატარებული ორი გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ – „მშობლების“ თაობას სასკოლო ფორმა სურს, „შვილებისას“ კი – არა.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
„სასკოლო ფორმა და მოსწავლის თავისუფლება – რას ამბობს კანონი?“
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
