„ცუდი ამინდი არ უნდა იყოს დაბრკოლება“ – რა ალტერნატივა გვაქვს სკოლაში, თუ აცივდა და ექსკურსიაზე ვერ მივდივართ
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, როცა ჰაერის ტემპერატურა დაბლა იწევს, პედაგოგებს ახალი გამოწვევები აქვთ. თუკი ცხელ სეზონზე ღია გაკვეთილებსა და კლასგარეშე აქტივობებს ხშირად მიმართავენ, ცივი ამინდები მათ უკვე ამის შესაძლებლობას აღარ აძლევს. თუმცა ალტერნატივა ყოველთვის მოიძებნება.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა ტიპის აქტივობები შეუძლია შესთავაზოს მასწავლებელმა ბავშვებს, თუ ცუდი ამინდის გამო, მათი ექსკურსიაზე წაყვანა ვერ ხერხდება. ვესაუბრეთ, თბილისის #106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგსა და დამრიგებელს ინა მეცხვარიშვილს, რომელმაც გვიამბო, თუ რატომ იკავებენ თავს მასწავლებლები, ექსკურსია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაგეგმონ და რა სახის ალტერნატიული აქტივობებს მიმართავენ ასეთ დროს.
ინა მასწავლებელმა გვითხრა, რომ ბავშვებს ექსკურსიები განსაკუთრებით უყვართ, ამიტომ მხოლოდ ძლიერი არგუმენტით შეგვიძლია ვუთხრათ: „სამწუხაროდ, ახლა ვერ წავალთ“. ინას თქმით, ე.წ ძლიერი არგუმენტი არის ცუდი ამინდი, სიცივე, ქარი, წვიმა… ასევე, როცა რეალურია რისკი ვირუსების შეყრის. დანარჩენ შემთხვევაში კი, უარის თქმა დაუშვებელია, რადგან ეს მოსწავლეების სასწავლო მზაობასა და მოტივაციაზეც უარყოფითად აისახება.
„არაფორმალურ გარემოში ყოფნა არა მხოლოდ ბავშვებს, ჩვენ, დიდებსაც ძალიან გვიყვარს, მით უფრო პროდუქტიული კვირის შემდეგ. ბავშვებიც ასევე არიან, მათაც სჭირდებათ განტვირთვა და დასვენება, რის შესაძლებლობასაც საყვარელ არასაკლასო აქტივობებში ხედევავენ და ასეთია მათთვის ექსკურსიაც. ზამთრის პერიოდში, როცა საგრძნობლად ცივა და ამინდის პროგნოზიც წინასწარ ვიცით, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული ბავშვი ექსკურსიაზე წავიყვანოთ, მით უფრო, თუ არსებობს ვირუსების შეყრის რისკი. ვფიქრობ, ამის გარდა, არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, ბავშვებს ექსკურსიაზე წასვლაზე უარი ვუთხრათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უარს ვეუბნებით, აუცილებელია, რომ შევთავაზოთ სხვა ალტერნატივა, არასაკლასო აქტივობების სახით. ყველა პედაგოგმა იცის, რომ თუ ბავშვი ჩვენგან მუდმივად იღებს „არას“ ეს მათ მოტივაციასა და სასწავლო მზაობაზე უარყოფითად მოქმედებს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინა მეცხვარიშვილი.
ის მოსწავლეების კლასში გამოკეტვას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ცუდმა ამინდმა მასწავლებლის განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს, რადგან პასიურობის უფლება პედაგოგებს არ აქვთ. ჩვენი რესპონდენტი კოლეგებს ურჩევს, არ დაიზარონ და დაგეგმონ ე.წ გასვლითი ღონისძიებები, თუნდაც სკოლასთან ახლოს.
„მინდა ყველა პედაგოგს ვუთხრა, რომ ცუდი ამინდი არ არის დაბრკოლება და არც მიზეზი, რომ ბავშვები კლასში გამოვკეტოთ. შეიძლება კლასი ვერ მიგვყავს ექსკურსიაზე, მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც. მაგალითად, დავგეგმოთ აქტივობა სკოლის ეზოში, მოვაწყოთ პიკნიკი, სხვადასხვა გასართობი თუ შემოქმედებითი აქტივობები. ვფიქრობ, წელიწადის ყველა სეზონზე, ჩვენი მოსწავლეები მრავალფეროვანი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით უნდა აღვჭურვოთ და თავად არ უნდა დავაწესოთ ბარიერები. იმ შემთხვევაში კი, როცა ბავშვის გულწრფელ ინიციატივაზე „მასწავლებელო წავიდეთ რა სადმე“, პასუხი გვაქვს – „არა“, თავად ვქმნით ბარიერებს“, – ამბობს ინა მეცხვარიშვილი.