GE
15 იანვარი, 2026 12:19

დაუწერენ თუ არა არებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც დღეს სკოლას აცდენენ – სწავლა განახლდა

დღეს, 15 იანვარს, საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო.

საგაკვეთილო პროცესის განახლების პარალელურად, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი თბილისში და ამ მიზნით, დედაქალაქის არაერთი საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.

როგორც ირკვევა, მეორე სემესტრის პირველ სასწავლო დღეს, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი არასახარბიელოა. დირექტორებისგან ასევე გავიგეთ, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც დღეს გაკვეთილზე არ გამოცხადდნენ, „არები ჩვეულებრივად დაეწერებათ“.

130-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია კოპალიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს, სკოლაში ნაკლები ბავშვი მივიდა – „ისეთი დასწრება არ არის, როგორიც უნდა იყოს“:

„არდადეგების შემდეგ ასე იციან ხოლმე. ძირითადად უფრო მაღალ კლასებშია ეს ვითარება. დაბალი კლასების მოსწავლეების მშობლები რეკავენ და აფრთხილებენ ხოლმე მასწავლებლებს, თუ დასწრებას ვერ ახერხებენ. მაღალი კლასების მოსწავლეების შემთხვევაში კი პირიქით, ჩვენ ვრეკავთ იმის გასარკვევად, თუ რატომ არ მოვიდნენ. მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“.

147-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ირინე წიკლაურის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პირველ ცვლაში ნაკლები ბავშვი გამოცხადდა, თუმცა უფრო მეტ მოსწავლეს მეორე ცვლაში ელოდებიან.

საგაკვეთილო პროცესზე დასწრება „ნორმალურია“ 124-ე საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორის, მადონა მუმლაძის თქმითაც, „არიან ბავშვები, მაგრამ ყველა, რა თქმა უნდა, არა“.

მოსწავლეთა 100%-იანი არა, მაგრამ „რაღაც რაოდენობა“ მივიდა დღეს 87-ე საჯარო სკოლაში. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა, ლია მერებაშვილმა გვითხრა, ზოგ კლასში 15 მოსწავლეა, ზოგან -13, ზოგან – 7.

განსხვავებული ვითარებაა 139-ე საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორის, ნოდარ ქავთარაძის თქმითაც, „იშვიათი გამონაკლისის სახით, 139-ე საჯარო სკოლაში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე გამოცხადდა“.

ასევე იხილეთ:

როცა არდადეგების შემდეგ მერხთან დაბრუნება არცთუ ისეთი მარტივია – სამოტივაციო ფრაზები მოსწავლეებისთვის

schools.ge (ნ)