დაწყებითი კლასების მასწავლებლებს იაკობ გოგებაშვილის სკოლა-მუზეუმში ანბანის პირველი გაკვეთილის ჩატარება შეუძლიათ
დაწყებითი კლასების პედაგოგებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ – იაკობ გოგებაშვილის მიერ გახსნილ სკოლაში ჩაატარონ ის გაკვეთილი, რომელზეც პირველკლასელებს „აი ია“ უნდა აუხსნან, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან გოგებაშვილის მუზეუმის დირექტორმა, ნათია ადუაშვილმა ისაუბრა. გოგებაშვილის მიერ გახსნილი პირველი სკოლის ოთახი სწორედ ამ მუზეუმშია.
იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი კი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანში მდებარეობს. მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი ვარიანში, მღვდლის ოჯახში, 1840 წელს დაიბადა. მთელი ცხოვრება დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის. მისი შექმნილია სასკოლო სახელმძღვანელოები: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, „ბუნების კარი“, „დედა ენა“…
1912 წელს, როცა გოგებაშვილი მთაწმინდის პანთეონში დაასვენეს, დაკერებული ფეხსაცმელი და პიჯაკის შიგნით დაკემსილი ჟილეტი ეცვა. ამ დროს კი დიდძალი ფული დაუტოვა სკოლებს… მისი მეოხებით ქვეყანაში 1700 ქართული სკოლა გაიხსნა, მათ შორის, შორეულ სოფლებშიც კი და განათლების მიღება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
მუზეუმის დირექტორი გვიყვება, რომ პანდემიის პერიოდში მუზეუმს თითქმის არავინ სტუმრობდა. ახლა კი ვიზიტორებს ვეღარ აუდიან. მუზეუმს ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეები სტუმრობენ. კითხვაზე, როგორ შეიძლება დააინტერესო პატარები ძველი ნივთებითა თუ საუკუნოვანი ისტორიით, ნათია ადუაშვილი ამბობს, რომ ამისთვის გარკვეული ხრიკები სპეციალურად აქვთ მოფიქრებული.
„დაწყებითი კლასის მოსწავლეები გვერდს ვერ აუვლიან იაკობს. აუცილებელია, ყველამ ნახოს ადგილი, სადაც ის ადამიანი ცხოვრობდა, რომელმაც ქართველებს „აი ია“ შეუქმნა. ბავშვები მართლა გულაფანცქალებულები მოდიან. თან, ჩვენთან ისეთი გარემოა, ყველა ბავშვს ძალიან მოსწონს, როგორც კი ფეხს შემოდგამს. აქვე ბუნებრივი წყაროები ჩამოდის, ეკლესიაც არის, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და 1832 წელს არის მოსახლეობის მიერ აგებული. იქ მსახურობდა იაკობის მამა, სიმონი, ტაძრის გახსნიდან გარდაცვალებამდე. ეკლესიასა და მუზეუმს შუა ჩამოდის წყარო, სადაც ფერადი თევზები გვყავს – ოქროსფერი და ვერცხლისფერი კალმახები. საოცარი ბუნებაა.
„მუზეუმში ყოფნა რომ ბავშვებისთვის მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო, საექსპოზიციო დარბაზში გამოვფინეთ ფერად-ფერადი ნახატები და მათ ამ ფერადი ნახატებით ვესაუბრებით. მაკეტი გვაქვს, სადაც დატანილია ის დეტალები, თუ როგორი იყო ვარიანი იაკობის დროს, როგორი იყო სახლი, სადაც დაიბადა, როგორ წაიყვანა იაკობი უფროსმა ძმამ, იოანემ, თბილისში… ძველი თბილისის ხედია ქვაფენილით მოფენილი და ჩანს ურემზე როგორ ზის პატარა იაკობი. ფერადი ილუსტრაციები ბავშვს საშუალებას არ აძლევს, რომ ინტერესი გაეფანტოს“, – ყვება დირექტორი.
მუზეუმში ბავშვებს ასევე უხსნიან, რომ მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც წიგნს ძეგლი დაუდგეს და ეს საქართველოში მოხდა. ნათია ადუაშვილი ამბობს, რომ იშვიათია, ბავშვი, რომელსაც ვერ დააინტერესებ.
„მეორე სართულზე იაკობის სამუშაო ოთახია, მაგიდაა, სადაც იაკობმა „დედა ენა“ დაწერა. აქ იაკობის მიერ დაარსებული ის პირველი სკოლა, სადაც ვარიანელი გლეხების შვილები სწავლობდნენ, იმიტირებული გავქვს – მაშინდელი მერხები გვილაგია, დაფაა, სადაც იაა დახატული. ილუსტრაციაა, სადაც წელს ზემოთ გაშიშვლებული მოსწავლეა, რომელსაც ჯოხს ურტყამენ და სჯიან. იაკობმა აკრძალა სწორედ ეს დასჯა. ბავშვებს აინტერესებთ, როგორ ცხოვრობდნენ იმ პერიოდში. ვეუბნებით, ახლა თქვენ რომ გაცვიათ, ეს ლამაზ-ლამაზი ფეხსაცმელი, იმ დროს არ იკერებოდა და ნახეთ, მაშინ რა ეცვათო. ყველა ინტერესდება. იაკობის აკვანი გვაქვს, ტახტზე გადაფარებული ჭილოფები, მღვდლის სამოსი – იაკობის მამის… სადღობელი, სკივრი, მარანში ქვევრებია მიწაში ჩაფლული“, – ამბობს ნათია ადუაშვილი.
მუზეუმის დირექტორის თქმით, განვითარება და თანამედროვეობისათვის ფეხის აყოლა მუდმივად სიახლეების დანერგვას მოაქვს. ამისთვის კი სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ და ბავშვების ცხოვრებას ასე ახალისებენ.
„სიახლე ყველაფერს სჭირდება, ისე ვერ განვითარდები. ღონისძიებებს ვატარებთ წიგნის კითხვის დღეს, დედა ენის დღეს და ა.შ. ახალი სასწავლო წელი დაიწყო და პირველკლასელები ჯერ სურათების აღწერაზე არიან. ვაცხადებთ, რომ როდესაც პირველკლასელები ანბანის შესწავლაზე გადავლენ, ყველა დაწყებითი კლასების მასწავლებელს ექნება უფლება, უფასოდ ჩაატაროს იაკობის მიერ გახსნილ სკოლაში პირველი საანბანო გაკვეთილი, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს ბავშვებზე. მასწავლებელმა უნდა გაუღვივოს ბავშვებს იაკობ გოგებაშვილისადმი ინტერესი, გააგებინოს, სად მიჰყავს, რომ აქ ჩატარებული გაკვეთილის სიდიადე აღიქვას“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მუზეუმის დირექტორმა.
მუზეუმს პრობლემებიც ბევრი აქვს. მაგალითად, არ აქვთ ადმინისტრაციული შენობა, მოსაწესრიგებელია საპირფარეშოები. როგორც ნათია ადუაშვილი ამბობს, მუზეუმს საკუთარი შემოსავლით თანხა აქვს, თუმცა მისი გამოყენება ჯერ არ შეუძლიათ.
„ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი პრობლემა – საპირფარეშოები გვაქვს მოსაწესრიგებელი. არ გვაქვს ადმინისტრაციული შენობა. როცა ვმუშაობთ, ყველა დაკავებული ვართ, მაგრამ არ გვაქვს დაჯდომის საშუალება. ზაფხულში, როცა კარგი ამინდია, ეზოში ვზივართ. ზამთრისთვის ერთი ოთახი გვაქვს, რომელიც საშინელ დღეშია და იმ ოთახში ვართ ყველა თანამშრომელი. მუზეუმს რომ თანხა შემოსდის ბილეთების გაყიდვით, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციაა, ეს თანხა მთლიანად ბიუჯეტში შედის, თუმცა შეგვიძლია მისი გამოყენება, თუკი მოგვცეს ნება. ორი წელი რომ არავინ მოსულა მუზეუმში პანდემიის გამო, შესაბამისად, თანხაც არ შემოსულა. აქამდე სამათხოვროდ გვქონდა საქმე და ვეხვეწებოდით კულტურის სამინისტროს. წელს თანხა გვაქვს, მაგრამ ადვილად მაინც არ ხდება გაკეთება – პროექტი უნდა, მერე შეთანხმება… მუზეუმსაც სისტემატიურად უნდა ყურადღების მიქცევა, როდესაც ამდენი დამთვალიერებელი მოდის“, – მოგვიყვა ნათია ადუაშვილმა.
ასევე იხილეთ:
მოსწავლეების მიერ ასომთავრული ასოებით შესრულებული „დედა ენის“ ამბავი