მოსწავლეების მიერ ასომთავრული ასოებით შესრულებული „დედა ენის“ ამბავი
თბილისის 48-ე საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა უძველესი ქართული დამწერლობით, ასომთავრულით, გოგებაშვილის „დედა ენა“ გადაწერეს და ილუსტრაციებიც დაურთეს.
ვის გაუჩნდა იდეა, ასეთი პროექტი განეხორციელებინა, ამის გასარკვევად, EDU.ARIS.GE სკოლის დირექტორს, ირმა ფუხაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თავდაპირველად, ასომთავრულის შესწავლის იდეა გაჩნდა VII კლასში, როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია მღებრიშვილი, ქართული ენის სახელმწიფო დღეს, 14 აპრილს, ბავშვებს ქართული დამწერლობის ისტორიაზე ესაუბრა.
„მაია მღებრიშვილმა მოსწავლეებს უამბო ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც აკაკი შანიძეს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, აკაკი შანიძე ჯვრის მონასტერთან ახალგაზრდებთან ერთად ყოფილა და მათ უთხოვიათ, ტაძარზე არსებული წარწერის გაშიფვრა, რომელიც ასომთავრული ასოებით იყო შესრულებული. აკაკის უთქვამს, ტაძარზე წერია, სირცხვილი იმ ქართველს, ვინც მე ვერ წამიკითხავსო.
„მაია მასწავლებლის მიერ მოყოლილი ეს ამბავი გახდა მოტივაცია VII კლასელი მოსწავლეებისთვის, რომ ასომთავრული შეესწავლათ. მათ მოიძიეს საქართველოს ეკლესია-მონასტრებზე გაკეთებული ყველა ასომთავრული წარწერა, გაშიფრეს და ეს მათთვის აზარტული და საინტერესო პროცესი გამოდგა. შემდეგ კი შთაბეჭდილებები გაუზიარეს თავიანთ პირველ მასწავლებელს, ლეილა ვაშაკიძეს“, – მოგვიყვა ირმა ფუხაშვილმა.
როგორც დირექტორი ამბობს, ლეილა ვაშაკიძეს გაუჩნდა იდეა, ასომთავრული ესწავლებინა თავისი სადამრიგებლო, III კლასის მოსწავლეებისათვის. პატარებმა კი შეისწავლეს ძველი დამწერლობა და გოგებაშვილისეული „დედა ენაც“ გადაწერეს და ეს ამბავი ყველა მოსწავლისათვის სასიამოვნო აქტივობა აღმოჩნდა. კლასში 25 ბავშვია. ზოგმა უკვე დაამთავრა „დედა ენის“ ასომთავრული ასოებით გადაწერა, ზოგი კი ახლაც აგრძელებს ახალი წიგნის შექმნას.
ირმა ფუხაშვილის ინფორმაციით, მსგავსი გამოცემა არც არსებობს. დირექტორი იმედოვნებს, რომ ზოგი მოსწავლე თავის ნამუშევარს გაიმეტებს და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს, ზოგი კი ოჯახში შეინახავს, როგორც საგანძურს.
„ვფიქრობ, ამ ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ ასომთავრული ასოები და ყველაფერის წაკითხვას სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ. ეს კი მათ გაუღრმავებს საქართველოს ისტორიისა და ქართული ენისადმი სიყვარულს. რუდუნებით, სათუთად მიუდგნენ და ძალიან ლამაზ ილუსტრაციებსაც ურთავენ. დახატვაში ზოგს მშობელი ეხმარება, ზოგს კი ეს თვითონ შეუძლია. რაც მთავარია, ასოებს მხოლოდ მოსწავლეები წერენ. ეს არ ყოფილა მასწავლებლის დავალება, თვითონ ბავშვებმა მოინდომეს და მშობლებსაც უხარიათ, ასე კარგად რომ იციან მათმა შვილებმა ასომთავრული“, – ამბობს ირმა ფუხაშვილი.
სკოლის დირექტორს, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, მომავალი სასწავლო წლისთვის უფრო დიდი გეგმებიც აქვს – უნდა, მოსწავლეებმა ასომთავრულით გოგებაშვილის მოთხრობებიც გადაწერონ და სხვა ბევრი აქტივობაც განახორციელონ:
„ბევრი რამ მაქვს გეგმაში – მოვინახულებთ ეკლესია-მონასტრებს, წავიკითხავთ იქ არსებულ წარწერებს. ბავშებისთვის საინტერესო და სტიმულის მიმცემი იქნება, როცა აღმოაჩენენ ახალ წარწერებს და თან გაიგებენ, რა წერია“.
ასევე იხილეთ: