„ჩვენი გმირი“ – რა ქმედებით დაუფასა მშობლიურმა სკოლამ გამარჯვების გოლის ავტორს მიღწევა – დირექტორი ნიკა კვეკვესკირზე საუბრობს
„ნიკა დიდი მოტივაციაა დღეს ჩვენთვის. ვამაყობთ, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობდა. ბავშვები ამბობენ, მან რაც შეძლო, ჩვენც შეგვიძლია, თუ ბევრს ვიშრომებთო – რა უნდა იყოს ამაზე დიდი სიხარული?!“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 26 მარტს გატანილი გამარჯვების გოლის ავტორის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, ნიკა კვეკვესკირის მშობლიური სკოლის დირექტორმა, ლია გრიგოლიამ განუცხადა.
ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში სიხარულითა და სიამაყით ამბობს, რომ ნიკას ფოტო, წარწერით – „ჩვენი გმირი“ დღეს სკოლის შესასვლელში გამოფინეს, რომელზეც გამარჯვების გოლის გატანის მომენტია ასახული.
ლია გრიგოლია მოგვითხრობს რას ჰყვებიან ნიკას პედაგოგები ჩემპიონის შესახებ და იხსენებს, რომ როცა ფეხბურთელი მათი მოსწავლე იყო, მაშინ სკოლა ზუგდიდის მე-15 საჯარო სკოლის სახელს ატარებდა.
“პედაგოგები, რომლებიც ნიკას უშუალოდ ასწავლიდნენ, ჰყებიან, რომ ის იყო ძალიან მშრომელი, მონდომებული, ენერგიული, დაუზარელი და რაც მთავარია – საოცრად კეთილი ბავშვი. სულ ვარჯიშობდა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი მოტივაციაა ის დღეს თითოეული ჩვენგანის, მოსწავლეებისათვის. ბედნიერები ვართ და სიამაყით გამოვფინეთ დღეს მისი ფოტო სკოლის შესასვლელ კართან, მშრომელი მოსწავლის ფოტო, რომელმაც გვასახელა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი, ლია გრიგოლია.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გამარჯვების გოლის ავტორი, ნიკა კვეკვესკირი გახლდათ.