GE
5 აპრილი, 2022 12:20

დიკა სალაყაია: „მე და ჩემს შვილებს ჩვენი „კარცერ ლუქსი“ გვაქვს“

პოეტი და პედაგოგი, დიკა სალაყაია ორი შვილის დედაა – 12 წლის ემილია და 7 წლის ანრი ჰყავს. დიკა თბილისში მდებარე ორ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ამბობს, რომ ბოლო დროს პანდემიამ ყველა გეგმა შეცვალა და შვილების აღზრდაც თავისი წესებით აიძულა. დედისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვების განვითარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ტურები მოაწყოს და ასაკის შესაფერისი წიგნებიც შეარჩიოს. ადრე თუ უქმეებს შვილებთან ერთად, ხალხმრავალ ადგილას ატარებდა, ახლა შედარებით მყუდრო გარემოს ანიჭებს უპირატესობას და შაბათ-კვირას შვილები ძირითადად ქალაქგარეთ მიჰყავს.

„საბედნიეროდ, ქართველებს გვაქვს ფუფუნება, რომ ჩვენვე შევადგინოთ ჩვენი კულტურულ-შემეცნებითი მარშრუტები. ამ მარშრუტებს ძირითადად მე ვადგენ და ბავშვებიც სიხარულით ერთვებიან. ასე ერთად შემოვიარეთ საქართველო. ბოლოს ზარზმის მამათა მონასტერი მოვილოცეთ. პანდემიის თვალსაზრისითაც უსაფრთხოა მსგავსი ტიპის დასვენება და შემეცნების თვალსაზრისითაც – ძალიან ბევრის მომცემი“, – ამბობს დიკა EDU.ARIS.GE-სთან.

ორი შვილის დედა ფიქრობს, რომ ბავშვების სურვილები მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და თუ საჭირო გახდა, მათთან ერთად ისეთ ანიმაციებსაც უყუროს, რომელიც თავად შეიძლება არც აინტერესებდეს.

„მათ სურვილებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ და ამ გათვალისწინებებით ზოგჯერ მეც მიწევს მათთან ერთად ისეთი ანიმაციების ყურება, როგორიც არის მაგალითად, „ერკანტო“. დიდი ინტერესი და დრო არ მაქვს ანიმაციებისთვის, მაგრამ, შვილების ხათრით, ამას არასოდეს ვიტყობ და მათთან ერთად დიდი ინტერესით ვუყურებ, განვიხილავ. გარდა იმ უნიკალური ისტორიული ძეგლებისა და სამონასტრო კომპლექსებისა, სადაც დავდივართ, ხშირად ვფიქრობ სად წავიყვანო ბავშვები, რომ ეს მათთვისაც საინტერესო იყოს. უამრავი გასართობი ადგილია თბილისში, თუმცა მოზარდებისთვის შერჩევა არც ისე მარტივია“, – ამბობს დიკა და და იმ ადგილებს გვისახელებს, რომლებიც მისი მოსწავლე შვილებისთვის საყვარელი და მისაღებია:

  • სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი;
  • „მედიათეკა”;
  • წიგნის ფესტივალები;
  • ბაღი „გარდენია შევარდნაძე“.

„ჩემს შვილებს ჩემი პოეზიის საღამოებზე სტუმრის სტატუსით ყოფნაც ძალიან მოსწონთ. ვგეგმავ, მონაწილეობა მივაღებინო საქველმოქმედო აქციაში, რომელსაც სკოლასთან ერთად განვახორციელებ და ერთ-ერთ შშმ პანსიონატს მათთან ერთად ვესტუმრები. ისე კი, სულ უბრალოდ, თუნდაც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ „საფეხბურთო მოედანზე“ მათთან გატარებული ყველა წუთი დიდი განტვირთვა, „გადატვირთვა“ და ბედნიერებაა. მშობლებს ვურჩევ, უფრო მეტი დრო დავუთმოთ შვილებთან ერთად, თუნდაც „ერკანტოს“ ყურებას, რადგან მოვა დრო და მათ ეს თქვენს გარეშე მოუნდებათ“, – ყვება დიკა EDU.ARIS.GE-სთან.

ორი შვილის დედას წიგნების კითხვის მოტივაციისთვის ბავშვების წახალისებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს და შვილებისთვის თითოეულ წიგნს დიდი სიფრთხილით არჩევს.

„წიგნების კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენს ურთიერთობაში. ჩემმა შვილებმა იციან, როგორ უნდა გამახარონ – ეს წიგნების კითხვაა. ჩვენ ჩვენი „კარცერ ლუქსი“ გვაქვს. მე უპირატესობას ქართველ მწერლებს ვანიჭებ და ვცდილობ, ასაკის შესაფერისი ავტორები შევურჩიო და შევაყვარო ჩემს შვილებს. ემილია 12 წლის არის და ძალიან უყვარს ნოდარ დუმბაძე, ვაჟა-ფშაველა. იცით კითხვა როგორ დავიწყეთ?! პირველ კლასში იყო, როცა დუმბაძის „კუკარაჩა“ წაიკითხა. თავიდან ცოტა გაუჭირდა. წავახალისე და შემდეგ ინტერესით ჩაუღრმავდა, რადგან მოლოდინი ჰქონდა განვითარებული სიუჟეტების. შემდეგ დაემთხვა, რომ სპექტაკლ „კუკარაჩას“ თამაშობდნენ თეატრში და მასწავლებელმა ბავშვები წაიყვანა დასასწრებად. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ემილიას ჰქონია წაკითხული „კუკარაჩა“ და ამით ამაყი იყო, მე კი – გახარებული. მაშინ მიხვდა და შეიგრძნო წიგნის, წიგნიერების ფასი და სიხარული“, – მოგვიყვა დიკა სალაყაია.

ბესტსელერებს ძირითადად შვილებთან ერთად არჩევს. ცდილობს, ლიტერატურა ისე შეარჩიოს რომ ის ბავშვებისთვის ემპათიის, მოტივაციის, სიკეთის და მეგობრობის მაგალითი იყოს.

„ახლა ჩვენს „კარცერ ლუქსში“ ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ გვაქვს გეგმაში 12 წლის ასაკში წასაკითხად. რაც შეეხება ჩემს მეორე შვილს, ანრის, რომელიც 7 წლის არის და პირველ კლასშია, დამოუკიდებლად წიგნის კითხვა „ჩემი პირველი ბიბლიით“ დაიწყო და ახლა „წრიპა ბიჭის“ დღიურების ჯერია“, – ამბობს დიკა.

დიკა სალაყაია 12 წლის ასაკის მოზარდებს ურჩევს, წაიკითხონ:

  • ნოდარ დუმბაძის და მარკ ტვენის შემოქმედება;
  • ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“;
  • დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“;
  • გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“;
  • ენჯი თომასის „ღვარძლი, რომლსაც თესავ“;
  • ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“.
EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში