GE
10 დეკემბერი, 2018 13:33

ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში კომაროვის სკოლის მათემატიკის ფესტივალი 2018 გაიმართა

საქართველოში ბევრი მოსწავლე დაინტერესებულია მათემატიკით. ცნობილია, რომ ეროვნულ ოლიმპიადაზე წარმატებას, ძირითადად, ფიზიკა მათემატიკის სკოლის მოსწავლეები აღწევენ. ამ ფესტივალის ფარგლებში მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს არასპეციალიზირებული სკოლებიდან მიეცათ შესაძლებლობა, გამოევლინათ თავიანთი ცოდნა, დაეხვეწათ გუნდური მუშაობის და ლოგიკური აზროვნების უნარები.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 50-მდე სკოლის გუნდმა. ორი ნახევარფინალის შემდეგ გამოვლინდნენ ფინალისტები: თბილისის არქიმედეს სკოლის, ევროპული სკოლის, ქალაქ თბილისის №146 საჯარო სკოლის, ქალაქ თბილისის №159 საჯარო სკოლის, ქართულ-ინგლისური სკოლის „ბრიტანიკა“, “ბაქსვუდის ​” საერთაშორისო სკოლის, ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლის, ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლის, ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლის, რუსთავის №22 საჯარო სკოლის, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. №1 საჯარო სკოლის და თელეთის საჯარო სკოლის გუნდები.

გამარჯვებული გუნდის წევრებს, თბილისის არქიმედეს სკოლის სამ მოსწავლეს: გივი ჯიღაურს, ნიკა ხაჩატუროვს და დემნა ნოღაშვილს გადაეცა I ხარისხის დიპლომები და თასი. I ადგილზე გასული გუნდის სამივე წევრი დაჯილდოვდა ტექნიკის ვაუჩერებით.

II ხარისხის დიპლომი გადაეცა ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლის სამ წევრს: ივანე ურჯუმელაშვილს. ნიკა განჯელაშვილს და ოთარ აღლაძეს. II ადგილზე გასული გუნდის სამივე წევრი დაჯილდოვდა წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით.

ფესტივალის სურათები იხილეთ ბმულზე.

III ხარისხის დიპლომი გადაეცა ევროპული სკოლის სამ წევრს: ნუგზარ შოშიაშვილს, ანამარია იაკობიძეს და ომარ შეყილაძეს. წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ III ადგილზე გასული გუნდის სამივე წევრი დააჯილდოვა წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა (გარდა მათემატიკური სკოლებისა).

კომაროვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ექსპოჯორჯიას, ჩვენი სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს და სკოლის 2018 წლის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის ორგანიზებაში.

კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია წარმატებას უსურვებს მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს და ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება