„ერთი შენობიდან უნდა იმართოს მთელი სასწავლო პროცესი“ – მშობლის პოზიცია
„დაწყებით კლასებში უნდა გამოირიცხოს ონლაინ სწავლება, მაგრამ მაღალ კლასებში, ვფიქრობ პირიქით, უნდა დაიხვეწოს სწავლების დისტანციური რეჟიმი“, -უთხრა EDU.ARIS.GE-ს ორი მოსწავლის მშობელმა, შორენა გვირჯიშვილმა.
პანდემია, სავარაუდოდ, დასასრულს მიუახლოვდა. ორ წელიწადზე მეტია, რაც მოსწავლეებს მანამდე მიუჩვეველ, ონლაინ სწავლების რეჟიმში უწევდათ განათლების მიღება, რაც ბევრი მშობლის პროტესტს იწვევდა, რადგან ასეთი რეჟიმით სწავლას არაეფექტურად მიიჩნევდნენ. ახლა კი, როდესაც სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლა ფაქტობრივად საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მიღებულმა გამოცდილებამ და ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი მშობელი სხვაგვარად დააფიქრა.
შორენა გვირჯიშვილი EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, მომხრეა თუ არა, ონლაინ სწავლების რეჟიმი გაუქმდეს, პასუხობს:
„კარგი იქნება, პროგრამული სწავლების დამკვიდრება, რისთვისაც სისტემის მთლიანად შეცვლა იქნება საჭირო. მაგალითად, პროგრამულად ხსნიდეს ამა თუ იმ თემას პედაგოგი ონლაინ რეჟიმში და ბავშვს კი, რომელმაც შეიძლება ვერ გაიგო ეს ახსნილი ერთი ნათქვამით, ჰქონდეს საშუალება, გადაახვიოს და კვლავ მოისმინოს ის მონაკვეთი. იქვე უნდა იყოს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებული სამუშაოები და ამ სამუშაოების შესრულების ფონზე უნდა მივხვდეთ, რამდენად ჩაწვდა ბავშვი იმ პროგრამის ამა თუ იმ ნაწილს, გარკვეულ თემას.
„ნამდვილად უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ერთი შენობიდან იმართოს მთელი სასწავლო პროცესი. დასახვეწი იქნება პროგრამები. აღარც ის წიგნები გამოადგებათ, რომლითაც ახლა ხელმძღვანელობენ. რადგან ამ ეტაპზე იმის განხორციელება, რასაც მე ვგულისხმობ, შეუძლებელია, ბავშვებმა აუცილებლად უნდა იარონ სკოლაში. ონლაინ სწავლება ძალიან კარგი საშუალებაა, მაგრამ გააჩნია სკოლას. საჯარო სკოლებში რომ სწავლების პროცესი მთლიანად ჩავარდა პანდემიის გამო, ფაქტია“, – გვითხრა შორენა გვირჯიშვილმა.
კითხვებზე, რამდენად სჭირდებათ ბავშვებს სოციუმთან ურთიერთობა, რასაც ონლაინ სწავლების რეჟიმი ფაქტობრივად გამორიცხავს და ასევე, რა ეშველებათ იმ პედაგოგებს, რომელიც „ერთი შენობიდან მართვის“ შემთხვევაში უმუშევრად დარჩებიან, ორი მოსწავლის მშობელი პასუხობს, რომ სოციუმთან ურთიერთობა აუცილებელია, მაგრამ თუ გვინდა, ჯანმრთელი თაობა, უნდა გვქონდეს უფასო სპორტული წრეები.
„აქ ბავშვი რომ შეგყავს მაგალითად, ფეხბურთზე, შეიძლება ის გადასახადი ბევრი არაფერია, რასაც ყოველთვიურად იხდი, მაგრამ იმის იქით იმხელა თანხა გიჯდება მშობელს იქ ბავშვის სიარული, იძულებული ხარ, ამ წრეებს მოსწყვიტო შენი შვილი. თუ ყველას შეეძლება, ამა თუ იმ წრეზე ატაროს შვილი, გაჯანსაღდება მთელი თაობა და თან აღარც ნარკოტიკს მიეძალებიან და აღარც სასმელს.
„რაც შეეხება პედაგოგების უმუშევრად დარჩენას, ერთ-ერთ ქარხანაში მყავდა ბავშვები, სადაც ყველაფერი ავტომატიკაზეა. ტექნიკურმა პროგრესმა უამრავი მუშის ადგილი შეიწირა. თან, ბევრი ისეთი მასწავლებელია ამ სისტემაში დასაქმებული, სკოლას საერთოდ რომ არ უნდა გააკარო! ბავშვს მასწავლებელი ზოგჯერ ისეთ სტრესში აგდებს, საერთოდ უსწავლელს სტოვებს და სწორედ ასეთი მიდგომაა შესაცვლელი“.