GE
3 მარტი, 2023 11:30

ეს მშობლიური ლიტერატურა, სასურველია, თქვენს შვილს სკოლის დასრულებამდე ჰქონდეს წაკითხული – ჩამონათვალი სპეციალისტისგან

ხშირად ისეც ხდება, რომ მშობელი შვილს საყვედურობს, რატომ არ არის იგი წიგნიერი, „თავად ხომ შვილის ასაკში მთელი ბიბლიოთეკა ჰქონდა წაკითხული“. მთელი შეიძლება არა, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ არის წიგნები, რომლებიც სასურველია, სანამ სკოლას დავამთავრებთ იქამდე გვქონდეს წაკითხული. არც ის დაგვავიწყდეს, წიგნის კითხვა დაგვიანებული არასდროსაა.

EDU.ARIS.GE შეეცადა, იმ მშობლიური მხატვრული ლიტერატურის შესახებ მოეძიებინა ინფორმაცია, რომელიც სასურველია, ჩვენს შვილებს სკოლის დამთავრებამდეც ჰქონდეთ წაკითხული და თუ წაკითხული არა, იცოდნენ მაინც მათ შესახებ. როგორც მოსწავლეების, ისე მშობელთა ინფორმირებისთვის, ფილოლოგს, თბილისის #50 საჯარო სკოლის პედაგოგსა და ქართული მხატვრული ლიტერატურის ერთგულ მკითხველს, თამარ ავდალიანს ვესაუბრეთ.

– თამარ, უთხარით ჩვენს მკითხველ მშობლებს, ძირითადად რა ტიპის ლიტერატურას კითხულობენ მოსწავლეები და არის თუ არა ინტერესი მშობლიური მხატვრული ლიტერატურის მიმართ?

– პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ წიგნიერება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, წიგნის კითხვა პრობლემას წარმოადგენს და ვფიქრობ, კლასგარეშე კითხვას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც არაფორმალური განათლების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. მშობლებს ვეტყვი, რომ მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა, საბედნიეროდ, ბავშვების დიდ ნაწილს ხშირად ვხედავ წიგნით ხელში, მათი ინტერესის სფერო საკმაოდ ფართოა, მოიცავს სათავგადასავლო, დეტექტიური თუ რომანული ჟანრის ლიტერატურას. რაც შეეხება მშობლიურ ლიტერატურას, მოსწავლეებს განსაკუთრებით ხიბლავთ თანამედროვე მწერლების მიერ გამოცემული წიგნები, რომლებიც ბესტსელერად იქცა, თუმცა კარგი იქნებოდა, კლასიკასაც იგივე მონდომებით კითხულობდნენ.

– მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სასკოლო პროგრამაში ფრაგმენტულად არის შეტანილი ქართული მხატვრული ლიტერატურა და მოსწავლეები ბოლომდე არ კითხულობენ წიგნებს, თქვენ როგორ შეაფასებდით, ეს ნამდვილად ასეა?

-ვფიქრობ, სასკოლო პროგრამაში მეტ-ნაკლებად საკმარისი რაოდენობაა ქართული ლიტერატურისა, თუმცა უპრიანი იქნებოდა სახელმძღვანელოების მოდიფიცირება და თანამედროვე მიდგომებთან დაახლოება. ამავდროულად, პედაგოგს შეუძლია, თავადაც შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებით მასალა, რადგან ქართული ლიტერატურა საკმაოდ მრავალფეროვანი და ამოუწურავია. გარდა იმისა, რასაც სკოლის პროგრამა სთავაზობს მოსწავლეს, კლასგარეშე კითხვა კლასში ნასწავლი მასალის დამატებას უნდა შეადგენდეს, რათა მოსწავლე აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბდეს. დამატებითი ლიტერატურის წაკითხვა ხელს შეუწყობს ნასწავლი მასალის უფრო საფუძვლიანად, სიღრმისეულად დამუშავებას.

– უთხარით მშობლებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მოსწავლეებმა მშობლიური ლიტერატურა იკითხონ?

– ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში ქართული ლიტერატურის გაცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაცნობა-შესწავლა, მოსწავლეს გამოუმუშავებს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობას ქართული კულტურის მიმართ. თუ მოსწავლეს ხელს შევუწყობთ, რომ შეიყვაროს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ლიტერატურა, ის სხვა კულტურების პატივისმცემელ პიროვნებად ჩამოყალიბდება. მშობლიურ ლიტერატურაში ხომ ყველაფერი ახლობელი და ნაცნობია, რაც საკუთარი თავისა და ქვეყნის ისტორიის გაცნობაში გვეხმარება, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, მე ვიტყოდი, სახელმწიფო მნიშვნელობისაც კი.

– რას ურჩევდით მშობლებს, როგორ გაუღვიძონ შვილს მშობლიური წიგნების კითხვის სიყვარული?

-მოგახსენებთ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომ შეძლონ შვილს წიგნი შეაყვარონ და არა პირიქით.

1. კითხვისადმი სიყვარულის გაღვივება ადრეული ასაკიდანვეა შესაძლებელი-ბავშვს წიგნის სიყვარულს ვერ დავაძალებთ, თუმცა სავსებით შესაძლებელია, წიგნის კითხვას მივაჩვიოთ.
2. წიგნის კითხვის კულტურა მშობელმა უნდა ჩამოუყალიბოს შვილს. რაც უფრო ხშირად დაინახავს ბავშვი მშობელს კითხვის პროცესში, ვფიქრობ, მით უფრო დიდი შანსია, ამან კითხვისადმი ინტერესი და სიყვარული გაუღვივოს.
3. კითხვის სწავლების პროცესში, კითხვის უნარის განვითარებისთვის, საჭიროა ოჯახის წევრებთან დისკუსია წაკითხულის შესახებ. ამ დროს მდიდრდება ლექსიკური მარაგი, ბავშვს უვითარდება აზროვნების უნარი, აქტიურდება წარმოსახვა, ემოცია.
4. მშობლებმა სწორად უნდა გაიაზრონ იაკობ გოგებაშვილის რჩევა: „მშობლები მოვალენი არიან, ყოველ დღე ბავშვებს ერთი თავისუფალი საათი მაინც მოანდომებინონ წიგნის კითხვა“.

– დაგვისახელეთ ის ქართული მხატვრული ლიტერატურა, რომელიც ფიქრობთ, რომ სკოლის დასრულებამდე მოსწავლეს წაკითხული უნდა ჰქონდეს…

სანამ ჩემს ჩამონათვალს თქვენს მკითხველ მშობლებსა და მოსწავლეებს გავაცნობ ვიტყვი, რომ ცუდი წიგნი არ არსებობს, ლიტერატურის სწორად შერჩევას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. სასურველია, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მოსწავლეს სკოლის დამთავრებამდე წაკითხული ჰქონდეს რამდენიმე ნაწარმოები მაინც, გთავაზობთ არასრულ სიას:

ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, ლეო ქიაჩელის, ნოდარ დუმბაძის,- გოდერძი ჩოხელის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობები;

მიხეილ ჯავახიშვილი: „თეთრი საყელო“, „არსენა მარაბდელი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“;

ვასილ ბარნოვი: „ტრფობა წამებული“, „მიმქრალი შარავანდედი“;

გრიგოლ აბაშიძე: „ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“;

კონსტანტინე გამსახურდია: „დავით აღმაშენებელი“; „დიონისოს ღიმილი „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“;

ჯემალ ქარჩხაძე: „იგი“, „ზებულონი“, ანტონიო და დავითი“;

ოთარ ჭილაძე: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“;

გურამ გეგეშიძე: „ცოდვილი“.

გურამ დოჩანაშვილი : „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, მოთხრობები: „ყველაზე კარგი პაპა“ „ჩვენს ეზოში წვიმა მოდის“;

ნაირა გელაშვილი: „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, „სარკის ნატეხი“;

თემურ ბაბლუანი: „მზე, მთვარე და პურის ყანა“;

დათო ტურაშვილი: „ჯინსების თაობა“; „„გურჯი ხათუნი“;

აქვე დავძენ, რომ მოსწავლე შეზღუდული არ უნდა იყოს არჩევანში, რა წაიკითხოს და როდის. მასწავლებელი მრჩევლის როლში უნდა მოევლინოს და კლასგარეშე საკითხავი მასალის შერჩევისას მხოლოდ დამხმარე უნდა იყოს.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში