„ეს შესაძლებელია!“ – როგორ დავეხმაროთ ბავშვს ან მოზარდს, ხატოს უკეთესად, თუ ამის ნიჭი არ აქვს – მხატვრის რეკომენდაციები მშობლებს
ხატვა ბევრი ბავშვის თუ მოზარდისთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. განვითარების სპეციალისტები ამბობენ, რომ ხატვა ბავშვის სააზროვნო ენაა, რომლითაც ის როგორც გარემოს, ისე საკუთარი თავის, პიროვნული „მეს“ გადმოცემას ახერხებს. მშობლები, როგორც წესი, განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან რას ხატავს მათი შვილი. თუ ნახატი „კარგი“ გამოვიდა, სიამაყით ამბობენ: „ნახე, ჩემმა შვილმა რა დახატა?!“, შემდეგ კი ნაშრომს ოჯახის სამუზეუმო ექსპონატად აქცევენ. არის შემთხვევები, როცა ბავშვს ნახატი „კარგი არ გამოსდის“, ის მისი მეგობრის შესრულებულ ნახატს უყურებს და მოწყენილი ამბობს: „ჩემმა კლასელმა უფრო კარგად დახატა“. იმისთვის, რომ ასეთ დროს მშობელს სამოტივაციო პასუხი ჰქონდეს და არა პირიქით, აუცილებელია, მეტი იცოდეს თუნდაც იმის შესახებ, რა სარგებელი მოაქვს ხატვას მისი შვილისთვის. ასევე იცოდეს, თავად როგორ დაეხმაროს ბავშვს ხატვის შესაძლებლობის განვითარებაში.
EDU.ARIS.GE ამ სტატიაშიც მშობლების ინფორმირებასა და დახმარებას შეეცდება. ჩვენი რესპონდენტია მხატვარი და ხატვის პედაგოგი სოფო მღვდელიძე, რომელიც მშობლებს ყველა საჭირო რჩევას აძლევს და საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.
-ქალბატონო სოფო, პირველ რიგში, გვითხარით, რატომ თვლით აუცილებლად, რომ მშობლები ბავშვს ხატვის სურვილის განვითარებაში უნდა ეხმარებოდნენ?
-ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ხატვა მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის, როგორც ფსიქო-სოციალურ, ისე პიროვნულ განვითარებაში. კონკრეტულად ჩამოგითვლით: მოტორიკის განვითარებაში, აზროვნების, ფანტაზიის, დაკვირვების, ლოგიკური მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ხატვა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ერთგვარად განტვირთვის ფუნქციასაც ასრულებს, ბავშვებს აყვარებს ხელოვნებას და შემოქმედებითს ხდის. სულ რომ არ გახდეს მომავალში მხატვარი ის ყველაფერი, რაც ხატვის პროცესს მოაქვს, ერთგვარი ბაზისს უქმნის იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს როგორც ინდივიდი, პიროვნება, იყოს შემოქმედებითი, განვითარებული და წარმატებული.
-„ნიჭიერია ხატვაში“ ან „საერთოდ არ აქვს ნიჭი“. მშობლები, ბავშვის ხატვის შესაძლებლობის შესაფასებლად, ამ ფრაზებს ხშირად იყენებენ. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს და როგორი იყო თქვენი მშობლების მიდგომა?
-ხატვა გარკვეულწილად ნიჭთან არის დაკავშირებული, თუმცა, ხატვის სწავლა და საოცარი ნამუშევრების შექმნა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ამიტომ, ფრაზა: „ხატვის ნიჭი არა აქვს“ ჩემთვის სრულიად უადგილოა, ხშირად აფერხებს ბავშვის უნარების განვითარებას და თავდაჯერებულობას აკარგვინებს მას. როცა შვილის ხატვის შესაძლებლობებს აფასებთ, ყოველთვის მხარდამჭერი უნდა იყოთ. გაითვალისწინეთ ასაკი და სთხოვეთ გადმოსცეს საკუთარი ჩანაფიქრი, ახსნას, რის დახატვა სურდა და როგორ გადმოგვცა ჩანაფიქრი. შეგიძლიათ კორექტულად რჩევის მიცემაც, მაგალითად: „მე ამ ფორმას ოდნავ მოვამრგვალებდი ან გავადიდებდი, შენ როგორ ფიქრობ? მეთანხმები თუ ასე გირჩევნია, რომ დატოვო?”.
–როცა მშობელს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, შვილი კერძო ხატვის გაკვეთილებზე ატაროს, თავად რის გაკეთება შეუძლია ბავშვის დასახმარებლად?
-როდესაც მშობელს არ აქვს საშუალება, შვილი კერძო ხატვის გაკვეთილებზე ატაროს, დაუშვებელია, უთხრას ბავშვს, რომ რადგან არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, მას არაფერი გამოუვა, რადგან „მთავარია რეპეტიტორი“. ეს ასე არ არის. ყველა დიდი მხატვრის უკან თვითნასწავლი დგას და ჩვენ ეს ვიცით. აკადემიური განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ინტერნეტში არის ხატვის უფასო ფოტომასალა, „ნაბიჯ-ნაბიჯ“ დასახატი ფიგურები. ასევე, შეგიძლიათ, ნახოთ ვიდეო გაკვეთილებიც. სხვათა შორის, პანდემიის პერიოდში შევქმენი Facebook გვერდი „ხატვის გაკვეთილები”, სადაც ვიდეო გაკვეთილებს ვაქვეყნებდი. უამრავი ადამიანი უყურებდა და უფროსებმაც პირველად სცადეს, დაეხატათ. ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ნახატი კარგი გამოუვიდათ.
-სოფო, უთხარით ჩვენს მკითხველ მშობლებს, რის გაკეთებაა აუცილებელი, რომ ბავშვისთვის ხატვა სასიამოვნო პროცესად იქცეს და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან ამ პროცესში?
- ნუ შეაფასებთ თქვენი შვილის შესაძლებლობებს მკაცრად ნუ გააკრიტიკებთ მის ნამუშევრებს, პირიქით, შეაქეთ მისი იდეა და მცდელობა;
- მიეცით სტიმული. შეაგროვეთ მისი ნამუშევრები, გააკარით მაცივარზე, კარზე, თვალსაჩინო ადგილას, თუ ბავშვს სურს, რომ გამოფინოს. ან აკინძეთ ალბომის სახით. ყოველი უკეთესი ნამუშევარი თვალსაჩონოს გახდის მის წარმატებას, ხოლო მოზრდილ ასაკში ღიმილისმომგვრელი მოგონება იქნება;
- მიეცით თავისუფლება და არჩევანი მასალებში. მიეცით ნება, მოსინჯოს სხვადასხვა მასალები. მიეხმარეთ ფანქრის წვერების გათლაში. ერთად იზრუნეთ სისუფთავეზე, შეიძინეთ ან შეუკერეთ წინსაფარი, ფერადი მძივები. საღებავებით მუშაობისას, მაგიდაზე და იატაკზე გაზეთები დააფინეთ. სამუშაოს დასრულების შემდგომ კი ასწავლეთ, რომ თქვენთან ერთად მიალაგოს სახატავი ნივთები და ინვენტარს გაუფრთხილდეს.
- ასწავლეთ, რომ ნამუშევრები არ დაჭმუჭნოს და არ დახიოს იმ შემთხვევაშიც, თუკი არ მოეწონება. აგრძნობინეთ, რომ მის მიერ შექმნილი ყოველი ნახატი თუ ნივთი თქვენთვის მნიშვნელოვანია. აგრძნობინეთ მხარდაჭერა.
- როდესაც თქვენს შვილს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება და ზედმეტად ბუზღუნებს, უთხარით შემდეგი ფრაზა: „თუ სხვას გამოსდის, შენც გამოგივა, ხოლო თუ სხვას არ გამოუვიდა, შენ მაინც უნდა სცადო და გამოგივა!” ამ ფრაზას ხშირად ვიყენებ ხოლმე მოსწავლეებთან და დამიჯერეთ, ჯადოსნური ძალა აქვს!
- არასოდეს უთხრათ ბავშვს „ეს რა დაგიხატავს!“ შენიშვნის მიცემა დაივიწყეთ. ხატვა თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი, შინაგანი სამყაროს გადმოტანაა.
- ყურადღება მიაქციეთ, რა ფერებს იყენებს ბავშვი უფრო ხშირად, რადგან ეს მის განწყობას და გრძნობებს გამოხატავს.
- უთხარით შვილს, რომ მას შეუძლია, იყოს საკუთარი თავის მასწავლებელი რეპეტიტორის დაქირავებისა თუ აკადემიური განათლების მიღების გარეშეც. ბავშვს შეუძლია, იმუშაოს საკუთარ თავზეც, თუ მას აქვს რწმენა, რომ ეს შეუძლია. ყოველდღე გაუმეორეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ საკუთარი თავის მასწავლებელი იქნება.