„ფრაზა – საჩუქარი გაგვიკეთეთ და შემაჯამებელი არ დაგვაწერინოთ, განსაკუთრებით აქტიურდება“ – სემესტრის ბოლო სკოლებში
სულ მალე სკოლებში საახალწლო არდადეგები დაიწყება და მოსწავლეები საკლასო ოთახებს დატოვებენ. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულისა და ახალი წლის მოახლოების სიხარულის ბოლომდე შეგრძნებას კი, ერთი გარდაუვალი ფაქტი, საბოლოო ქულების მოლოდინი უშლის ხელს.
შეფასებებზე ნერვიულობასა და დღესასწაულის სიხარულს შორის გამართულ დუელში ელენე რუხაიაც აღმოჩნდა. ელენე მეშვიდე კლასშია და EDU.ARIS.GE–ს საკუთარ განცდებზე უყვება: „ჯერ ისევ ვნერვიულობ, რადგან ნიშნები არ დაწერილა და სამ საგანში საკონტროლოც დასაწერი დაგვრჩა. იმდენად ახლოს არის ახალი წელი და იმდენად გვიხარია, რომ საკონტროლოებზე კონცენტრირებაც გვიჭირს. მოსწავლეები ვისურვებდით, რომ მასწავლებლებს ბოლო მომენტამდე არ შემოენახათ შემაჯამებლები და სემესტრის ბოლო კვირებს მშვიდად შევხვედროდით“.
ჩვენი რესპონდენტი თანატოლებს ურჩევს არ იზარმაცონ, რომ სემესტრის ბოლოს ქულებზე ნერვიულობა მასავით არ მოუწიოთ. EDU.ARIS.GE იმითაც დაინტერესდა, თუ როგორ ხედავს პედაგოგი მოსწავლეს წინასაახალწლო აჟიოტაჟში. ამის გასაგებად ანი მეხუზლას, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ვესაუბრეთ. რომელიც გვიყვება, რომ მოსწავლეები ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან, თუმცა არა სწავლის მხრივ, არამედ საახალწლო განათებებით ხელში დაჰქრიან მთელ სკოლაში.ამბობს, რომ ბავშვებში სიზარმაცე უკვე ნოემბერიდან შეიმჩნევა და დეკემბერში პიკს აღწევს, არდადეგების მოლოდინში კი, „ბავშვებს გული აქვთ გაწურული“.
„დეკემბერი სასკოლო ცხოვრებაში რთული თვეა. სემესტრი სრულდება, რაც ბევრ შემაჯამებელ დავალებას და შფოთვას უკავშირდება. შემაჯამებლების ფუსფუსს, საახალწლო ფუსფუსი ერთვის და ეს ბავშვებიც ასე გაორებულები არიან. სიზარმაცის მაჩვენებელი მატულობს. ფრაზა – საჩუქარი გაგვიკეთეთ და შემაჯამებელი არ დაგვაწერინოთ, ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება. ახალი წლის მოლოდინს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიც ემატება და მოსწავლეების შინაგანი აჟიოტაჟი კონტროლს აღარ ექვემდებარება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ანი მეხუზლამ.
ახალი წლის მოახლოების სიხარული თითოეული სკოლის მოსწავლის სახეზე კარგად იკითხება. სკოლებში ზამთრის არდადეგების ვადები, განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი, რომლის შესაბამისად დასვენება 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. ვინაიდან წელს 14 და 15 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
ასევე იხილეთ:
ზამთრის არდადეგების ვადები სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ცნობილია