GE
21 მარტი, 2022 15:27

ფუკოს ქანქარა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში – რის სწავლას შეძლებენ მოსწავლეები უნიკალური ექსპერიმენტისგან

თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის ვესტიბიულში ფუკოს ქანქარა დამონტაჟდა. ფუკოს ცდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი ექსპერიმენტია, რომელსაც ხშირად იმეორებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი დედამიწის დღეღამური ბრუნვის პირველი ექსპერიმენტული დადასტურებაა.

სკოლის ამ საინტერესო სიახლის შესახებ პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამარ კაპანაძე ამბობს, რომ ფუკოს ქანქარის დადგმის იდეა მათი სკოლის ფიზიკის მასწავლებლებს ეკუთვნით, რამაც მოსწავლეებში ტექნიკური საგნების აუცილებლობის მეტად გაგებას და მათი მოტივაციის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ფუკოს ქანქარა ძალიან მნიშვნელოვანი მათემატიკური ექსპერიმენტია, რომელშიც ბავშვები იყვნენ ჩართულები. ზოგადად, ტექნიკური საგნების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ბავშვი ერთვება ამ პროცესში, ის ტექნიკური საგნების აუცილებლობას უფრო მეტად იგებს და მოსწავლეთა მოტივაცია უფრო მაღლდება. ჩვენი ტრენერები მასწავლებლის სახლის პროგრამის პროექტში არიან ჩართულნი და ამის ფარგლებში განხორციელდა ეს პროექტი. რამდენადაც ვიცი, საქართველოს არცერთ სკოლაში არ არის ფუკოს ქანქარა. იდეა ფუკოს ქანქარის გაკეთებისა, ჩვენი ფიზიკის მასწავლებლებს – მაია აფხაიძეს და გრიგოლ ჯაფარიძეს ეკუთვნით. ქანქარა დამონტაჟებულია შემოფარგლული ტერიტორიაზე, რომელიც კარგად მისადგომი და დასანახია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორმა.

იდეის ერთ-ერთი ავტორი, მაია აფხაიძე კი გვიყვება, რომ ფუკოს ქანქარას მონტაჟი ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის, პროცესი მიმდინარეობს და ქანქარა სრულყოფილ სახეს მალე მიიღებს.

„ფუკოს ქანქარის დამონტაჟების იდეა დიდი ხანია, რაც გვაქვს. პრობლემა ის იყო, რომ გვინდოდა უნივერსალური საკიდის გაკეთება, რომელიც ამ ექსპერიმენტის შედეგების კვლევის დროს იქნებოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო, მაგრამ მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა. ახლახან კი ჩავერთეთ მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, რომელსაც დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა და იქ დავგეგმეთ, რომ ფოკუს ქანქარა ახლებური ხედვით გაგვეკეთებინა. ექსპერიმენტი ჯერ დასრულებული არ არის.

„მოგეხსენებათ, ძველი სკოლაა. მართალია, აშენდა და განახლდა, მაგრამ გადახურვა აქვს ისეთი, რომ ასეთი ხელსაწყოს მარტივად დაკიდება ძალიან რთულია. უნივერსალური საკიდი კი გამოსაჩარხია და ვერ ვპოულობთ ხელოსნებს, დაფინანსებაც სხვაგვარი უნდა და შეგვეშალა ხელი დასრულებაში“, – გვითხრა მაია აფხაიძემ.

ფიზიკის მასწავლებელი ამბობს, რომ ქანქარა დაახლოებით 15 მეტრ სიმაღლეზეა დამაგრებული და საკმაო ეფექტსაც ქმნის.

„დაახლოებით 15 მეტრ სიმაღლეზეა დამაგრებული და ჯერ კიდევ უნდა გაიზომოს ეს ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით, ავწონოთ ბურთი… ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ ბევრი ექსპერიმენტი და ამ შედეგების გათვალისწინებით, ბავშვებთან ერთად მუშაობასა და კვლევებში მერე ჩავრთოთ. ეს ძალიან საინტერესო ცდაა, რომელიც ექსპერიმენტულად ადასტურებს დედამიწის დღეღამურ ბრუნვას. შესაბამისად, ბევრი რამის კვლევის საშუალებას მისცემს ბავშვებს. ამ ქანქარის დამონტაჟებით, ბავშვებისთვის შეიძლება რხევითი მოძრაობის შესწავლა, ნიუტონის კანონების, ინერციული და არაინერციული ათვლის სისტემების შესწავლა და თვალნათლივ დანახვაც შეეძლებათ…

ქანქარა დამონტაჟებულია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ ამ მოძრაობის კარგად ვიზუალიზაციისთვის. ქანქარა ავამუშავეთ და დაახლოებით ორსაათნახევარი იმოძრავა. თვალსაჩინო იყო ეფექტიც, თუმცა მხოლოდ უფროსკლასელებმა იციან მისი მექანიზმის შესახებ. ქანქარას რომ საბოლოოდ ავამუშავებთ, მუდმივად არ იმოძრავებს. როდესაც ექსპერიმენტის ან კვლევის ჩატარება დაგვჭირდება, ავამოძრავებთ და ეფექტიც იქნება დასანახი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაია აფხაიძემ.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში