GE
12 ივლისი, 2026 10:00

განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“

2026-2027 სასწავლო წლიდან, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი სიახლე შემოდის – ახალ სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ფორმებთან ერთად, ცვლილება სკოლაში, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენებასაც შეეხება.

ამ სიახლის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლე სასწავლო პროცესში ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებს არამიზნობრივად ვეღარ გამოიყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება, რა სახის, ჯერ არ ვიცით.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ამ საკითხზე საუბრისას, მშობლების როლს გაუსვა ხაზი და თხოვნით მიმართა მათ, რომ დაარწმუნონ საკუთარი შვილები, სკოლაში გაჯეტების გამოყენების წესი არ დაარღვიონ.

„შეიძლება, ბავშვმა ორი ტელეფონი წაიღოს სკოლაში, ერთი ჩააბაროს და მცდელობა ჰქონდეს, რომ მეორეთი ისარგებლოს. აქ ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი შეიძლება იყოს ჩვენი საზოგადოება – მშობლები. მასწავლებელს, რა თქმა უნდა, აქვს კონკრეტული უფლებები, მაგრამ მშობელი მაინც არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი შვილისთვის. მშობლისგან ნათქვამი და მშობლის მიერ ახსნილი ეს საკითხი, ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო წონადი იქნება.

მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, რომ გვერდში დაგვიდგეს და პირველ რიგში, საკუთარ შვილებს დაუდგეს გვერდში. თუკი მათი ინტერესი არის, რომ ბავშვი იყოს სასწავლო პროცესზე კონცენტრირებული და ორიენტირებული, აუხსნას, დაარწმუნოს საკუთარი შვილი იმაში, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი – ბავშვმა უნდა განათავსოს გაჯეტი კონკრეტულ სათავსოში“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

კითხვას – რა მოხდება, თუკი მოსწავლე პერმანენტულად დაარღვევს წესს, გივი მიქანაძემ ასე უპასუხა:

„სკოლის შინაგანაწესში იქნება გარკვეული პროცედურები ასახული, რაც თითოეული სკოლის მიერ იქნება ინდივიდუალურად შემუშავებული. სასკოლო საზოგადოება, მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, შესაბამის შინაგანაწესში კონკრეტულ აკრძალვებსა და კონკრეტულ სანქციებს მიიღებს. სავარაუდოდ, გაფრთხილებაც იქნება და გარკვეული ზომებიც. მშობელთან კომუნიკაციაც იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს მინიმალურ დონეზე დავიყვანოთ, ეტაპობრივად აღმოიფხვრას. კულტურა, რომ ეს პროცედურები ასე განხორციელდეს, ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში აქტიურად დამკვიდრდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, საზოგადოების, მშობლების ჩართულობა, მონაწილეობა და ამ პროცესის ხელშეწყობა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება“, – თქვა გივი მიქანაძემ 30 ივნისს პირდაპირ ეთერში საუბრისას.

რა უნდა ვიცოდეთ სკოლაში ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე 

15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების/სმარტფონების, „ჭკვიანი“ საათების, პლანშეტური და პორტატიული კომპიუტერების არამიზნობრივი გამოყენება შეეზღუდებათ. სიახლე საშუალო და საბაზო საფეხურების მოსწავლეებს ერთნაირად ეხებათ.

სკოლაში მისულმა ბავშვმა მობილური ტელეფონი ან „ჭკვიანი“ საათი, გამორთულ მდგომარეობაში, სპეციალურად მოწყობილ დაცულ სათავსში, ხოლო პლანშეტური ან პორტატიული კომპიუტერი, ასევე გამორთული, ან ჩანთაში ან სათავსში უნდა განათავსოს – პირველი გაკვეთილის დაწყებიდან ბოლო გაკვეთილის დასრულების ჩათვლით – იგულისხმება შესვენებებიც.

ამავე თემაზე:

სკოლებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესები დამტკიცდა – სკოლისა და მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები

schools.ge (ნ)