GE

სკოლებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესები დამტკიცდა – სკოლისა და მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით დამტკიცდა „სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი“, სადაც გაწერილია როგორც წესები, ისე სკოლისა და მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები.

EDU.ARIS.GE 5 ივნისს გამოქვეყნებულ წესებს უცვლელად წარმოგიდგენთ:

სკოლებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ:

ა) აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი;

ბ) სკოლის შინაგანაწესში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი

წესის რეგულირების სფერო და მიზანი

1. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი (შემდგომ – წესი) ადგენს სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის პირობებს, ასევე, სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, მოსწავლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სპეციალური სათავსის მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს.

2. წესის მიზანია სკოლაში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების რეგულირებით სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ეფექტიანობის, მოსწავლეთა კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სათანადოდ გამოყენების კულტურის დანერგვა.

წესის მოქმედების სფერო

წესი ვრცელდება სასწავლო პროცესის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ყველა მოსწავლეზე, გარდა ამ წესით ან/და ამ წესის საფუძველზე სკოლის მიერ დადგენილი შემთხვევებისა.

ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება – მობილური ტელეფონი/სმარტფონი, „ჭკვიანი“ საათი, პლანშეტური კომპიუტერი, პორტატიული კომპიუტერი;

ბ) სასწავლო პროცესი – პირველი გაკვეთილის დაწყებიდან ბოლო გაკვეთილის დასრულების ჩათვლით პერიოდი (შესვენებების ჩათვლით);

გ) სკოლა – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;

დ) საგანგებო სიტუაცია – სკოლაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ისეთი ვითარება, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ან აშკარა საფრთხე შეიძლება შეუქმნას სასწავლო პროცესს, მოსწავლეებს ან/და სკოლის ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებს, აგრეთვე, მათ ან/და სკოლის ქონებას;

ე) გადაუდებელი შემთხვევა – მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ძალადობის, ბულინგის ან/და დაუყოვნებლივ შეტყობინების სხვა საჭიროება;

ვ) უფლებამოსილი პირი – კლასის დამრიგებელი/საგნის მასწავლებელი/დირექციის წარმომადგენელი/სკოლის ექიმი;

ზ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი – სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი;

თ) სპეციალური სათავსი – მობილური ტელეფონის/სმარტფონის და „ჭკვიანი“ საათის შესანახი სპეციალური სათავსი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების პირობები

1. სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება აკრძალულია, გარდა ამ წესით ან/და ამ წესის საფუძველზე სკოლის შინაგანაწესით დადგენილი შემთხვევებისა.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო პროცესის განმავლობაში მათი ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა ან/და გამოყენება.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:

ა) უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;

ბ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;

გ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;

დ) სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;

ე) მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;

ვ) სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. ამ შემთხვევებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება მიზნობრივი ან/და დროებითია.

მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია

1. მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია ხორციელდება სკოლის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

2. სკოლა ვალდებულია განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები, მათ შორის: სკოლის დირექციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კლასის დამრიგებლის ან სკოლის ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სასკოლო საინფორმაციო სისტემები/სოციალური ქსელები და სხვა.

3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული სკოლის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების შესახებ.

სკოლის უფლებამოსილებები და ვალდებულებები

1. სკოლა ვალდებულია ამ წესის მიზნებისთვის უზრუნველყოს აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-დამონტაჟება.

2. სკოლა უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, პლანშეტური კომპიუტერისა და პორტატიული კომპიუტერის შესანახი სათავსები შეისყიდოს და დაამონტაჟოს.

3. როგორც წესი, სპეციალური სათავსები უნდა განლაგდეს თითოეულ საკლასო ოთახში. ამასთან, სკოლა უფლებამოსილია, სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს სპეციალური სათავსების განლაგების პრინციპი.

4. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სათანადოდ შენახვისა და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისთვის დაბრუნების ორგანიზებას.

5. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სპეციალურ სათავსში მოთავსებას და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ გატანაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი/პირები.

6. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დროებით შენახვასა და მოსწავლეებისთვის მათ დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დაკარგვით ან/და დაზიანებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სკოლა ვალდებულია სკოლის შინაგანაწესში ასახოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. სკოლის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლა უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი პირობები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ წესს.

8. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში გააცნოს მშობლებს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წესი და ამ წესთან დაკავშირებული შესაბამისი აქტები.

მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები

1. მოსწავლეს, ამ წესით ან/და ამ წესის საფუძველზე, სკოლის მიერ დადგენილი პირობების დაცვით, უფლება აქვს სკოლაში იქონიოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები.

2. მოსწავლე სასწავლო პროცესის განმავლობაში ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება შეინახოს სპეციალურ სათავსში, გამორთულ მდგომარეობაში, გარდა ამ წესით დადგენილი შემთხვევებისა.

3. გარდა ამ წესით დადგენილი შემთხვევებისა, მოსწავლე ვალდებულია პირველი გაკვეთილის დაწყებამდე მობილური ტელეფონი/სმარტფონი და „ჭკვიანი“ საათი განათავსოს შესაბამის სპეციალურ სათავსში, რომელიც მათ ორგანიზებულ და კონტროლირებად შენახვას უზრუნველყოფს.

4. მოსწავლეს უფლება აქვს, სასწავლო პროცესის განმავლობაში პლანშეტური კომპიუტერი და პორტატიული კომპიუტერი შეინახოს ჩანთაში ან სკოლის მიერ განსაზღვრულ სივრცეში/სათავსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამორთულ მდგომარეობაში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მინიმალური მოთხოვნები სპეციალური სათავსის მიმართ

1. სპეციალური სათავსი გამოიყენება სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეების სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების უსაფრთხოდ შენახვისათვის.

2. სპეციალური სათავსი უნდა უზრუნველყოფდეს არანაკლებ ერთი კლასის მოსწავლეთა მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების განთავსებას და უნდა შეიცავდეს კლასში მოსწავლეთა შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალურ სექციას. თითოეული ინდივიდუალური სექცია უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ შესაძლებელი იყოს მობილური ტელეფონის/სმარტფონის, დამცავი ბუდის და „ჭკვიანი“ საათის განთავსება.

3. სპეციალური სათავსი უნდა იყოს დამზადებული მყარი და უსაფრთხო მასალისგან და უზრუნველყოფდეს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დაზიანებისგან დაცვას.

4. სპეციალური სათავსის კონსტრუქცია უნდა იყოს მდგრადი და უსაფრთხო, არ უნდა შეიცავდეს ბასრ კიდეებს ან/და სხვა ისეთ ელემენტებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსწავლეებს. როგორც წესი, სპეციალური სათავსი უნდა იყოს დახურული და საკეტიანი დამცავი კარით აღჭურვილი. სკოლა უფლებამოსილია, სკოლის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს სპეციალური სათავსების დიზაინი, ისე რომ მასში განთავსებული მოწყობილობები იყოს მაქსიმალურად დაცული.

5. სპეციალური სათავსი უნდა განთავსდეს სკოლის შენობაში. სპეციალური სათავსი შეიძლება იყოს კედელზე დასამაგრებელი, დასადგამი ან სხვა ტიპის კონსტრუქციის. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალურ სათავსზე მოსწავლის ხელმისაწვდომობა და მასწავლებლის ან სკოლის შესაბამისი პერსონალის ვიზუალური კონტროლი.

6. სპეციალური სათავსის განთავსება არ უნდა აფერხებდეს საევაკუაციო გზებისა და სასკოლო სივრცის უსაფრთხო და შეუფერხებელ გამოყენებას.

წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა

1. სკოლა ვალდებულია განახორციელოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნები სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

2. მოსწავლის მიერ ამ წესის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სკოლა, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, შინაგანაწესში უზრუნველყოფს ამ წესის დარღვევისათვის მოსწავლისა და სკოლის უფლებამოსილი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრას.

4. სკოლის მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს სკოლის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამავე თემაზე:

„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური