GE
7 აგვისტო, 2024 10:44

ინგლისურის სპეციალისტი: „სკოლებში უცხო ენის სწავლას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, 2024 წლის აბიტურიენტების შედეგები გამაფრთხილებელია!“

„ქვეყანაში ბევრი ტურისტია, თავადაც ძალიან აქტიურად მოგზაურობენ, უჩნდებათ სურვილი, ისწავლონ ინგლისური ენა.. უყურებენ სერიალებს, ფილმებს, უსმენენ უცხოურ მუსიკას, აქვთ სამსახური და ხედავენ ენის პერსპექტივას. ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი ფაქტორია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან უცხოურ ენაში აბიტურიენტების კარგი შედეგების შეფასებისას ინგლისური ენის გამოცდილი სპეციალისტი, მირანდა ქვაჩახია.

პედაგოგი, რომელსაც 16-წლიანი რეპეტიტორობის გამოცდილებაც აქვს, საკუთარი მოსწავლეების მაგალითით გვიხსნის, თუ როგორ შესძლო წლევანდელმა 1080-მა აბიტურიენტმა ინგლისურ ენაში უმაღლესი – 70 ქულის მოპოვება.

სპეციალისტი ეჭვობს, რომ სკოლებს, მომავალ სტუდენტებსა და პოტენციურ დასაქმებულებს წინ დიდი გამოწვევა ელით:

„წელს 37 აბიტურიენტი მყავდა და მათგან 3-მმა აიღო უმაღლესი ქულა. აბიტურიენტები, რომლებმაც ასეთი მაღალი შედეგების დაფიქსირება შეძლეს, ინგლისურს B2 დონეზე ფლობენ, რაც ცალსახად არის მისასალმებელი, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი იქნება კონკურენცია უნივერსიტეტებში და დასაქმების მხრივ?! რთულია, კონკურენცია გაუწიო მას, ვინც 18 წლის ასაკში B2 და C1 დონეზე ფლობს ინგლისურ ენას და კიდევ ვითარდება. ამიტომ ყველას ვურჩევ – ნებისმიერი ასაკის პოტენციურ დასაქმებულს, ახლა მაინც მოეკიდეთ ენის სწავლის საკითხს მეტი გულისყურით!“.

ენის სპეციალისტს რჩევა სკოლის პედაგოგებისთვისაც აქვს. მირანდა ქვაჩახია ამბობს, რომ არც წელს ჰყოლია ისეთი მოსწავლე, რომელიც მასთან “სკოლიდან მოტანილი” ცოდნით მივიდა. შესაბამისად, ინგლისური ენის გამოცდაზე მოპოვებული შედეგების გათვალისწინებით, პედაგოგი გამოწვევებს სკოლებშიც ხედავს:

„დარწმუნებული ვარ, რომ არიან სკოლაში ისეთი პედაგოგები, რომლებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ენების შესწავლას და ხაზს ვერ გადავუსვამთ. ჩემი პრაქტიკიდან კი ასე დაემთხვა, რომ სკოლიდან მოტანილი ცოდნით არ მოსულან. ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში, ალბათ, სკოლებში ენის სწავლას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. არ მინახავს სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც ინგლისურ ენას B2 და C1 დონეზე მხოლოდ საკუთარი მონდომების შედეგად, სასაუბრო პრაქტიკისა და სპეციალისტის დახმარების გარეშე ფლობს, ეს, შეიძლება, ერთეული შემთხვევები იყოს.

„2024 წლის აბიტურიენტების შედეგები გამაფრთხილებელია, სკოლებში ენის სწავლას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს! ვიღაც იმიტომ არ უნდა დარჩეს დაუსაქმებელი ან სასურველი სამსახურის გარეშე, რომ ვერ შეძლო ენის სწავლისთვის საკმარისი ფინანსების მობილიზება“, – აღნიშნავს ინგლისურის სპეციალისტი.

და თქვენ რას ფიქრობთ?

ასევე იხილეთ:

„გამოიცანი ვინ ვარ“ – თამაში, რომლითაც მოსწავლეს, შვილს მწერლის ბიოგრაფიას მარტივად შეასწავლით (+ვიდეო)

ჩაკეტილი მოსწავლიდან ლიდერ მოსწავლემდე – კითხვა და გამოსავალი, რომელსაც ფსიქოლოგი მშობლებსა და პედაგოგებს სთავაზობს

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში