GE
3 იანვარი, 2023 12:23

ის, რაც ზამთრის არდადეგების დროს უნდა იცოდეთ – პასუხები მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე და საოჯახო აქტივობები

საქართველოს მასშტაბით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზამთრის არდადეგები უკვე დაწყებულია. სკოლის არდადეგები კი ხშირად, მშობლების დაღლას ნიშნავს, ისინი ხომ სკოლის რეჟიმს მოწყვეტილი შვილების ყოველდღიური გამოწვევებითაც კავდებიან.

ამ გამოწვევების შესახებ ვესაუბრეთ EDU.ARIS.GE თბილისელ მშობელს, დიასახლის ნინო ხარჩილაძეს, რომელიც 9 და 15 წლის შვილების აღზრდის პროცესში აქტიურადაა ჩართული. რადგან ნინოს სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავს და მშობლების მრავალფეროვან აუდიტორიასთან ურთიერთობს ვთხოვეთ, მათგანაც გაეგო, რას თვლიან მშობლები ზამთრის არდადეგების მთავარ გამოწვევად და ჩვენთვის ის კითხვები გამოეგზავნა რომლებზე პასუხების მიღებაც მშობლებს განსაკუთრებით აინტერესებთ. ნინომ აქტუალური შეკითხვები მოგვაწოდა, ამის შემდეგ კი, ქუთაისის #24 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგსა და დამრიგებელს, თავადაც მშობელს, თათია ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც სხვა მშობლებისგან გამოგზავნილ ყველა აქტუალურ კითხვას გასცა პასუხი.

მშობელი: ყოველდღიურად უნდა იმეცადინოს თუ არა ბავშვმა ზამთრის არდადეგების დროს, ეს აუცილებელია?

თათია ჯინჭარაძე: ზამთრის არდადეგები 2 კვირიან პერიოდს მოიცავს. როცა მოსწავლეებს აქვთ საშინაო დავალებები, აუცილებლად უნდა შეასრულონ, ამისთვის ყოველდღიური მეცადინეობა საჭირო არაა. თუ რომელიმე საგანში მოცემული აქვს გადაჭარბებული რაოდენობის დავალებები, ეს ნამდვილად შეცდომაა პედაგოგის მხრიდან, და, რა თქმა უნდა, მაშინ უფრო მეტი დრო დასჭირდებათ მათ შესასრულებლად. გირჩევთ, არდადეგების პერიოდი, თქვენი შვილისთვის უფრო მეტად ძალების აღმდგენ პერიოდად აქციოთ და მეცადინეობით ზედმეტად არ გადატვირთოთ, რადგან შემდეგ სკოლას დაღლილები და უკმაყოფილოები დაუბრუნდებიან.

მშობელი: შესაძლებელია, რომ კარგი მოსწავლე არდადეგებმა გააზარმაცოს?

თათია ჯინჭარაძე: მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ კარგი მოსწავლეები არდადეგებზე ისვენებენ, მშვიდდებიან, ენერგიას აღიდგენენ და ამასთან ერთად, მეცადინეობენ კიდეც. მათ გამომუშავებული აქვთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც კარგ მოსწავლეებად აქცევთ. ყველა მშობელს ვეტყვი, რომ არცერთი მოსწავლის გაზარმაცება არ მოხდება, თუ პედაგოგიც იზრუნებს ამაზე და მოსწავლეებს დავალებებს „თავზე საყრელად“ არ მისცემს.

მშობელი: ყველაზე ხშირად რა შეცდომებს ვუშვებთ მშობლები ზამთრის არდადეგების პერიოდში?

თათია ჯინჭარაძე: ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რა თქმა უნდა, ზედმეტი მეცადინეობაა. როცა ყველა საახალწლო სამზადისშია ჩართული, მშობლები ბავშვს „დასაქმებისთვის“ აძლევს სხვადასხვა სახის სამეცადინოს. ბავშვი კი, ამ დროს თავს ზედმეტად და დაჩაგრულად გრძნობს, უჩნდება პროტესტის გრძნობა, არ ეკიდება მასალას ყურადღებით და საბოლოდ, დიდი ანტიპათია უჩნდება სკოლასა და მასწავლებლის მიმართ, რადგან თვლის, რომ მისი თავისუფლება სწორედ სკოლამ და მასწავლებელმა შეზღუდა.

მშობელი: არდადეგების დასრულების შემდეგ, ეტყობათ თუ არა სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს, ვისმა მშობელმა როგორ იმუშავა შვილის განვითარებაზე?

თათია ჯინჭარაძე: მრავლად არიან მოსწავლეები, რომლებმაც ბევრი იმუშავეს და იმეცადინეს და აქ მშობლის წვლილიც აუცილებლად იქნება. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, შედეგიც სახეზეა და ეტყობათ, მაგრამ პედაგოგმა ეს არ უნდა აღნიშნოს, მით უმეტეს კლასის წინაშე. მასწავლებელმა ყველა მოსწავლეს მადლობა უნდა გადაუხადოს და გამორჩევით არავინ შეაქოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მშობელი: როგორი უნდა იყოს „კარგი“ მშობლის ერთი დღე?

თათია ჯინჭარაძე: კარგი მშობელი უნდა ითვალისწინებდეს, რომ დასვენება და განტვირთვა ბავშვებსაც სჭირდებათ. იცით, რომ ზამთრის არდადეგები 2 კვირა გრძელდება. ეს არ არის ისეთი დრო, რომ მოვინდომოთ და ამ პერიოდში მან ყველაფერი ისწავლოს. უმჯობესია, თუ სწავლას დღეში 40-50 წუთს დაუთმობს, უფრო მეტ დროს კი დასვენებასა და ურთიერთობებს, სოციალიზაციის პროცესს. კარგ მშობელს შვილი ჩართული უნდა ჰყავდეს საახალწლო სამზადისში, უნდა ჩამოწეროს საყიდლების სია, სტუმრების… უნდა დაიხმაროს კერძების გაკეთების დროს და აგრძნობინოს, რომ ისიც სრულფასოვანი ოჯახის წევრია.

მშობლების კითხვებზე პასუხების შემდეგ, თათია მასწავლებელმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველ მშობლებს ის აქტივობებიც გააცნო, რომელთა შესრულებაც შვილებთან ერთად შეუძლიათ. თათიამ გვითხრა, რომ ამ აქტივობებში ორივე მშობლის მონაწილეობაა სასურველი.

„ჯადოსნური ნახვის ხის სათამაშო”

დიდ თაბახის ფურცელზე ვხატავთ ნაძვის ხის სათამაშო ბურთს. ვყოფთ ხაზით ოთხ ნაწილად და შიგნით ვწერთ შეკითხვებს. წითლად-ვინ ვარ მე, მწვანედ-ჩემი საყვარელი საახალწლო ტრადიცია, ყვითელად-ჩემი საყვარელი სადღესასწაულო სიმღერა. ლურჯად-ჩემი სახალწლო სურვილი, ეს აქტივობა ეხმარება მშობლებს, უკეთ გაიცნონ შვილი და ასევე, შვილსაც, რომ უკეთ იცნობდეს მშობელს.

„ჯადოსნური მძივი”

ბავშვს ვაძლევთ სხვადასხვა ფერის ლამაზ მძივებს და ვაძლევთ სხვადასხვა სახის ინსტრუქციას. მაგალითად: ააწყვე სამაჯური რომლის მძივის რაოდენობა არ იქნება ლუწი და 30-ზე მეტი; ააწყვე ყელსაბამი, სადაც ყოველი 5 წითელი მძივის შემდეგ იქნება 6 მწვანე, ჯამში 40 მძივი. შეგვიძლია, თავად ვცვალოთ ინსტრუქცია სირთულის მიხედვით, ჩვენი აწყობილი მძივები კი ოჯახის წევრებს ვაჩუქოთ.

„ერთად ავანთოთ სახალწლო ნაძვის ხე”

ვხატავთ დიდ ნახვის ხეს. შიგნით ვწერთ სხვადასხვა სიტყვებს: ზმნას, (დარბის)ზედსართავ სახელს (ლამაზი, ჭკვიანი, მეგობრული…) გვერდით კი ჩამოვწერთ ყველა კატეგორიას და მივუწერთ ფერს. მაგალითად ზმნა -წითლად უნდა გააფერადოთ, ზედსართავი სახელი-მწვანედ. ზმნისზედა-ყვითელად, არსებითი სახელი-ლურჯად. ნაძვის ხეს კი აანთებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სიტყვა სწორად გაფერადდება, თუ თქვენს შვილს გაუჭირდება ამ აქტივობის შესრულება, აუცილებლად დაეხმარეთ, რომ ოჯახის მხარდაჭერა იგრძნოს.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში