ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ
“ჩემი შვილი ნიჭიერი და უნარიანია, მაგრამ ზარმაცია, როგორ დავეხმარო, წავახალისო თუ პირიქით”, – ამ ტიპის შეკითხვებს, რომლის ადრესატებიც მშობლები არიან სოციალურ ჯგუფებში მრავლად შევხვდებით. ის რომ გამოსავლის ძიება მარტივი არ არის მშობლებმა თავადაც კარგად იციან და არც „მრჩევლებისა“ თუ „ექსპერტების“ ნაკლებობას უჩივიან…
ვინაიდან საზაფხულო არდადეგები ახლოვდება, ზაფხული კი საუკეთესო დროა დასვენებისთვის, შვილთან მეტი დროის გატარებისა და აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის…
EDU.ARIS.GE ჩვენი მკითხველი მშობლების დახმარებას შეეცდება. თქვენთვის აქტუალურ საკითხზე, ვესაუბრებით, კარიერული განვითარების სპეციალისტს, განვითარების ფსიქოლოგს, ეკატერინე ლეგაშვილს.
– ეკატერინე, პირველ რიგში გკითხავთ, რა იმალება ერთგვარი თავსატეხის „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცის“ მიღმა, შეიძლება შვილი იყოს ნიჭიერი და ზარმაცი ?
– ყველა მშობელს, ერთხელ მაინც უთქვამს ფრაზა: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია“. ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ამ ფრაზას, მშობლებიც და მასწავლებლებიც. თითქოს ამით ცდილობენ გამართლება მოუძებნონ იმ ფაქტს, რომ ბავშვს თუ მოზარდს არ აქვს ინტერესი რაღაც კონკრეტულისადმი. რეალური პრობლემა კი სულ სხვაა. ყველას სჭირდება სწორი მიმართულების მიცემა და დახმარება, რომ იპოვოს მისთვის საინტერესო, თუნდაც სასკოლო საგანი, რომელიც თანხვედრაში იქნება მის უნარებთან, ინტერესებთან, შესაძლებლობებთან. თუ მშობელი ხელს არ შეუწყობს შვილს და იარლიყებს მიწებებას დაიწყებს, „ნიჭიერია“, „უნიჭოა“ ის ვერ გამოასწორებს სიტუაციას და ვერც შვილის კეთილგანწყობას მოიპოვებს.
– რა ითვლება ნიჭიერებად ქართველი მშობლებისთვის
– თუ ბავშვს აქვს სააზროვნო უნარ-ჩვევები, შეუძლია სხარტი აზროვნება, მასალის სწრაფი ათვისება, უკრავს, მღერის, ცეკვავს… მშობელი ფიქრობს, რომ ის ნიჭიერია. როდესაც ადამიანი ნიჭიერია რამეში მას ეს გამოსდის თავისთავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, როდესაც იგივე საქმის შესასრულებლად სხვას სჭირდება ბევრი მუშაობა და ძალისხმევის გაწევა. რაც შეეხება უნარს, ყველანაირი უნარის შეძენა და განვითარება შესაძლებელია. მაგალითად, როცა მოსწავლეს დაწყებით კლასში შეუძლია რთული არითმეტიკული ამოცანის ამოხსნა, ვამბობთ, რომ ის ნიჭიერია. დავუკვირდეთ, თუ მან არ იცის ამოცანის ამოხსნის ხერხები, წინარე ცოდნა არ აქვს, რაც არ უნდა უნარიანი იყოს ის ვერ შეძლებდა იმავეს. ნიჭი მაინც წვრთნის შედეგია, ბეჯითად მუშაობის და შრომის.
– როგორ დავეხმაროთ, შვილს საკუთარი ნიჭიერების სწორად რეალიზებაში წახალისებით? გაგვიზიარეთ ეფექტური მეთოდები
– ყველა ადამიანში იმალება პოტენციალი, რომელსაც გამოვლენა სჭირდება. გარკვეულ შემთხვევებში ამას თავად ახერხებს პიროვნება, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა პროფესიონალის დახმარება დამალული პოტენციალის გამოსავლენად. ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევები, როდესაც ბავშვის კვლევის საფუძველზე აღმოგვიჩენია მისი ინტერესის სფერო და როდესაც ბავშვმა იცის, რომ ამ სფეროსთვის ესა და ეს კონკრეტული საგნებია საჭირო, ინტერესი უღვივდება ამ საგნების მიმართ და სიზარმაცე მეორე პლანზე გადადის. მშობლებს ხშირად უთქვამთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვის დამოკიდებულება სწავლის მიმართ შეიცვალა და გაუმჯობესდა. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ეს, სწორი კონსულტაცია სპეციალისტთან. რაც შეეხება წახალისებას, ჯილდოები და საჩუქრებს კი ნამდვილად შეიძლება იყოს სტიმული, მაგრამ – არაეფექტურია. ზოგადად, ყველა სკოლას ყავს ფსიქოლოგი, თუ მშობელს არ აქვს შესაძლებლობა სპეციალისტს მიმართოს, შეუძლია გამოიყენოს სკოლის რესურსიც, თუმცა პირველ რიგში საჭიროა თავად გაიაროს კონსულტაცია სკოლის ფსიქოლოგთან და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.
მშობლებს ვურჩევ:
- იყავით შვილების მხარდამჭერები და არა პირიქით! თუ ვერ სწავლობს მათემატიკას ან ქიმიას, ან უცხო ენებს ვერ ითვისებს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ის უნიჭოა… ნუ გექნებათ გადაჭარბებული მოლოდინები და მოთხოვნები შვილების მიმართ!
- ნუ მოახვევთ თავს თქვენს სურვილებს! ნუ მოექცევიან საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ! ხელი არ შეუშალოთ იყვნენ რეალიზებულები იქ, სადაც სურთ, რომ იყვნენ. თქვენ უკვე აირჩიეთ თქვენი საქმე და პროფესია – ახლა მათ ადროვეთ!
- ნუ იქნებით მხოლოდ სკოლისა და აკადემიური განათლების იმედად! თუ გაქვთ შესაძლებლობა აიყვანეთ კერძო მასწავლებელი. მიეცით საშუალება შვილს ჩაერთოს სხვადასხვა არა საკლასო აქტივობებში სასკოლო ასაკიდანვე, ამ გზით მათ შესაძლებლობებს ნიჭად აქცევთ.
- და ბოლოს, მიმართეთ სპეციალისტს, რომ სწორად განსაზღვრონ თქვენი შვილის ინტერესები, სურვილები და შესაძლებლობები.
ასევე იხილეთ: