იწვევს თუ არა მოსწავლეებში სქოლიოზს მერხთან არასწორად ჯდომა – ორთოპედის განმარტება და რჩევები მშობლებს
სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, მოზარდებს საკმაოდ ხშირად აწუხებთ. ეს არის დაავადება, რომელიც ბევრი ფაქტორის გავლენით პროგრესირებს და შესაძლოა, ჯანმრთელ ბავშვებშიც გამოვლინდეს.
რა იწვევს სქოლიოზს, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE მედიცინის დოქტორს, ბავშვთა ორთოპედ ლევან ქაჯაიას ესაუბრა.
ლევან ქაჯაიას განმარტებით, არსებობს ოთხი ტიპის სქოლიოზი – თანდაყოლილი, ნერვ-კუნთოვანი, დეგენერაციული და იდიოპათიური, მათგან ყველაზე ხშირად, დაახლოებით, 70-80%-ში კი ბავშვთა იდიოპათიური სქოლიოზი გვხვდება:
„სქოლიოზი ხერხემლის სტრუქტურული დეფორმაციაა, რომლის დროსაც მალები განიცდის მუტაციას და იხრება. თანდაყოლილი სქოლიოზის დროს დეფორმაცია იღებს C-ს ფორმას, გამომწვევი მიზეზი დამატებითი მალაა. ნერვ-კუნთოვანი სქოლიოზი ყველაზე ხშირად ნერვული და კუნთოვანი დაავადებების ფონზე ვითარდება. დეგენერაციული სქოლიოზი გვხვდება მოზრდილებში. რაც შეეხება იდიოპათიურს, ასახასიათებს S-ს ფორმის გამრუდება, მისი გამომწვევი მიზეზი კი უცნობია. რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ბავშვთა იდიოპათიურ სქოლიოზს ვხვდებით პრაქტიკაში, გეტყვით, რომ გოგონებში უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებში. გამოვლენის პროცესს უფრო მეტად ვაკვირდებით 9-10 წლიდან და დაახლოებით, 15 წლამდე პერიოდი არის ასაკი, როდესაც ხერხემალს შეუძლია, ზრდასთან ერთად, დეფორმაციის მომატება განიცადოს“.
კითხვას, რა შეიძლება აღმოჩნდეს სქოლიოზის მაპროვოცირებელი, მაგალითად, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწორად ჯდომას მერხთან, ლევან ქაჯაია ასე პასუხობს:
„მერხთან სწორად ჯდომა მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია, სწორად მოხდეს ზურგის კუნთოვანი კარკასის განვითარება და ფორმირება. თუმცა, მერხთან არასწორი ჯდომა ვერ ქმნის სტრუქტურულ სქოლიოზს. მალების როტაცია მხოლოდ სწორად ჯდომით არ ყალიბდება. ანუ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ მოსწავლე მერხთან არასწორად დაჯდება, ამით გამოიწვევს მალთა როტაციას, რომელიც შემდგომში, შესაძლოა, განვითარდეს როგორც სქოლიოზი – რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“.
როგორც ბავშვთა ორთოპედი გვეუბნება, იმისთვის, რომ მშობელმა შეძლოს სქოლიოზის პირველი ნიშნების ამოცნობა, ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ბეჭის ასიმეტრიას. ისეთ მდგომარეობას, როდესაც ზურგის ერთი მხარე უფრო გამოწეულია, ვიდრე მეორე. ვითარებას, როცა მაისურის ჩაცმის დროს, არ ხდება ზურგზე მისი სწორად მორგება და ა.შ.
„მშობლებს ვურჩევდი, მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ. მოზარდი დამოუკიდებლად შედის აბაზანაში, დადის ჩაცმული – ასეთ დროს, მშობელი ვერ აკვირდება მას და შესაძლოა, რაღაც გამოგვეპაროს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოზარდი პერიოდულად პედიატრს გაასინჯონ. თუკი პედიატრი ჩათვლის საჭიროდ, ბავშვთა ორთოპედთან გადაგამისამართებთ, რის შემდეგაც, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რომელი ტიპის სქოლიოზთან გვაქვს საქმე, რადგან ოთხივეს შემთხვევაში სხვადასხვა სახის მკურნალობა ტარდება.
თუ რენტგენოგრამა აჩვენებს ხერხემლის ცვლილებას – არის პატარა გადახრის კუთხე და არ აღემატება 10 გრადუსს, არ ნიშნავს, რომ ბავშვს სქოლიოზი აქვს. 10-დან 25 გრადუსამდე ხდება სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარება. თუ 25 გრადუსიდან ზევით არის გადახრის კუთხე, აუცილებლად ვიყენებთ ბრეისინგს. თუ გადახრის კუთხზე 45 გრადუსს აღემატება, ხშირ შემთხვევაში, კორექციისთვის ქირურგიული ჩარევა ტარდება“, – ამბობს ბავშვთა ორთოპედი.
ასევე იხილეთ:
შეიძლება თუ არა მოსწავლისთვის საუზმის გამოტოვება – გასათვალისწინებელი რჩევები ნუტრიციოლოგისგან
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი