„საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო სკოლაში კვება უფასო“; „უფასო კვება ძალიან რთული საკითხია“ – განათლების სამინისტროსა და კომიტეტის პოზიციები
საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას წლებია ელოდებიან. სხვადასხვა დროს ამ საკითხზე საუბარი არაერთხელ გააქტიურდა, არაერთი რეკომენდაცია და დაპირება გაიცა, თუმცა ქართველ მოსწავლეს სკოლაში საკვებით უფასოდ სახელმწიფო ამ დრომდე არ უზრუნველყოფს.
ბევრჯერ მივიწყებული პრობლემა ამჯერად დღის წესრიგში მოქალაქეებმა დააყენეს – მაისში, პარლამენტში დარეგისტრირდა 9 მოქალაქისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, რომელიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას და შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვს. საინიციატივო ჯგუფს ცვლილებების პაკეტი მომზადებული აქვს, საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში კი, საკუთარ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა პოზიცია აქვთ მოქალაქეთა ინიციატივასა და ზოგადად, უფასო სასკოლო კვების შემოღებაზე როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და 13 მაისს, შეკითხვები კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ლაშხს და მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას დაუსვა.
რა პოზიცია აქვს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს
მარიამ ლაშხმა ჩვენთან საუბრისას დაასახელა ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც, მისი თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო კვების პროგრამა ამ დრომდე არ მოქმედებს. როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გასათვალისწინებელია როგორც პროგრამის ფინანსური ღირებულება, ისე მთელი რიგი საკითხები, რომელთა შორისაც სურსათის უვნებლობის კონტროლი და სკოლებში ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობაცაა:
„წინა ორი მოწვევის პარლამენტში ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იდგა. მე არ მეგულება ადამიანი, ვინც შეიძლება, იდეურად თქვას, რომ წინააღმდეგია, რომ უფასო იყოს კვება სკოლებში. შეგვიძლია, სადღეგრძელო ვთქვათ, მაგრამ ამას უნდა შესაბამისი განხორციელება. სჭირდება ძალიან დიდი ბიუჯეტი… ძალიან დიდი ჯაჭვია – საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ იქ მომზადდეს კვება, [გასათვალისწინებელია], რა ტექნოლოგია და აღჭურვა უნდა იყოს, სურსათის უვნებლობა როგორ უნდა იყოს მონიტორინგში და ნუტრიციოლოგია და ა.შ.“.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა, „ჯერ ამის შესაძლებლობა ისე, რომ პირდაპირ გათვალისწინებული იყოს [ბიუჯეტში], არ არის“.
„განხილვა [საკითხის] მუდმივად მიმდინარეობს. როდესაც სკოლების რეაბილიტაცია ხორციელდება, იქ გათვალისწინებულია ის სივრცეები, სადაც უნდა მოეწყოს. ანუ რაღაც ნაბიჯები ნელ-ნელა გადადგმულია, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება უფასო კვება, დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია… რა თქმა უნდა, მეც დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს იყოს. წინა მოწვევის პარლამენტში მოდელიც მაქვს დადებული, ფერმერების ჩართულობით, რეგიონებში, მაგრამ ჯერ ამის შესაძლებლობა ისე, რომ პირდაპირ გათვალისწინებული იყოს [ბიუჯეტში], სამწუხაროდ, არ არის“, – აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ლაშხის თქმით, ამ ეტაპზე, სკოლაში მოსწავლის კვებით უზრუნველყოფის სხვადასხვა მოდელი მოქმედებს, მათ შორის სკოლების დიდ ნაწილში ე.წ. ბუფეტები ფუნქციონირებს, სადაც პროდუქცია „ადეკვატურ ფასად“ იყიდება.
„კვების უზრუნველყოფის ნაწილში, არის სხვადასხვა ტიპის მოდელები ქვეყანაში. არ ვიცი, საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო კვება უფასო, როდესაც ყველაზე უფრო სოციალური წყობა იყო ჩვენს ქვეყანაში… ფაქტი არის ის, რომ უმეტეს სკოლებში ე.წ. ბუფეტებია და გვაქვს დადგენილება, რა საკვები არ უნდა შეიტანონ. თვითონაც ვიყავი და აბსოლუტურად ადეკვატურ ფასიანი საკვები იყიდება… აქ კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას – არასწორი ინტერპრეტირებები მოხდა UNICEF-ის კვლევის. მეც დღეს სამსახურში რომ დამისვან კითხვა – „გშია თუ არა სამსახურში?“, ვეტყვი, რომ მშია, იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ჭამას გრაფიკიდან გამომდინარე. არიან ძალიან შეძლებული ადამიანების შვილები, რომლებსაც ფულსაც ატანენ სკოლაში და ისიც იტყვის, რომ შია. ჯერ ერთი, რომ არასწორად არის დასმული კითხვა და ზოგადად, ამ პასუხებით იმის თქმა, რომ ბავშვებს შიათ სკოლებში, არის არასწორი და მავნებლური“, – განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
რა პოზიცია აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
როგორც ზვიად გაბისონიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, სკოლებში უფასო სასკოლო კვების შემოღების გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღო იმიტომ, რომ თავად საკითხი „ძალიან რთულია“ და არა იმიტომ, რომ მხოლოდ ფინანასების პრობლემაა.
„ძალიან სენსიტიური საკითხია. მხოლოდ ფინანსების პრობლემა არ არის. სურსათის უვნებლობის პრობლემაა, კონტროლის პრობლემა – ბავშვებს ეხებათ საკითხი, ინფრასტრუქტურის პრობლემაა. სტატისტიკაც რომ ვნახეთ, ევროკავშირის ქვეყნებშიც ძალიან რთული საკითხია და ასეთი ტიპის გადაწყვეტილება სამინისტრომ დღემდე ამიტომ ვერ მიიღო და არა იმიტომ, რომ ფინანსების საკითხია. გულწრფელად გეუბნებით, ბავშვების ჯანმრთელობაზეა საუბარი და ძალიან გვეშინია. ვნახოთ, დაველოდოთ ინიციატივას, არ მინახავს ჩანაწერი და რამდენად რეალისტურია, ამაზე საუბარი გამიჭირდება. ფინანსურადაც ძალიან ძვირი პროექტია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის გამოწვევა“, – გვითხრა ზვიად გაბისონიამ.
ასევე იხილეთ:
„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები