შეიძლება თუ არა მოსწავლისთვის საუზმის გამოტოვება – გასათვალისწინებელი რჩევები ნუტრიციოლოგისგან
ხშირად გვესმის, რომ დილის კვებას მოსწავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საკვების შემცველობა და ხარისხი კი უდიდეს გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. ამის მიუხედავად, მშობლებსა და შვილებს შორის საუზმესთან დაკავშირებით აზრი, არცთუ იშვიათად, ორად იყოფა – უფროსი თაობის წარმომადგენლები დილის კვების აუცილებლობაზე საუბრობენ, მოზარდები კი ხშირად უგულებელყოფენ მას.
EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა გაერკვია, რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე მოსწავლისთვის და შეიძლება თუ არა მისი გამოტოვება, რას უნდა ითვალისწინებდნენ მშობლები და რა არის ის ძირითადი ნივთიერებები, რაც მოზარდმა დილით უნდა მიიღოს. ამ კითხვებით მეცნიერებათა დოქტორს, კლინიკურ ნუტრიციოლოგ მაია გაბრიჭიძეს მივმართეთ:
„ზოგჯერ ხდება, რომ დილით მშობელი ბავშვისთვის საუზმის მიწოდებას ვერ ასწრებს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ კვების ეს კომპონენტი ძალიან ღირებულია მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება – გავითვალისწინოთ, რომ კვება იყოს რეჟიმული, რომლის დროსაც ორგანიზმი ეჩვევა გარკვეულ მონაკვეთში გარკვეული ტიპის კვებას – ეს ყველაზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუ ოჯახში არის დილის კვებისთვის გაწერილი დრო და მშობელი ასწრებს ბავშვისთვის საუზმის მიწოდებას, ძალიან კარგია. მოკლედ რომ ვთქვათ, საუზმე მოსწავლისთვის აუცილებელია“.
კითხვას, რა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის ორგანიზმში დილის კვების გამოტოვებამ, ნუტრიციოლოგი ასე პასუხობს:
„საუზმის გამოტოვება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ნაღვლის ბუშტში მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილი ნაღველი იცლება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი საკვებს მიიღებს. ამიტომ, საუზმის სისტემატური უგულებელყოფა ნაღვლის შეგუბებას, შემდეგ კი ნალექის და კენჭების წარმოქმნას იწვევს. საუზმის გამოტოვება ასევე უარყოფითად მოქმედებს მოზარდის გონებაზე. აზროვნებისთვის თავის ტვინს სჭირდება ენერგია, რომელსაც იგი საკვებიდან გლუკოზის სახით იღებს. თუ გლუკოზის სწრაფი მარაგი ამოიწურა, იწყება მისი სხვა წყაროებიდან მიღება: პირველად იხარჯება სარეზერვო ცილები და მხოლოდ ამის შემდეგ – ცხიმი. გლუკოზის უკმარისობის დროს ბავშვი ცუდად აზროვნებს, აქვს გონების დაბინდვის მოვლენები. ამგვარად, ბავშვის ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის 80% სწორედ რომ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ახერხებს მშობელი ან სკოლა მოსწავლისთვის საუზმის მიწოდებას“.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, დილის კვება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცხელ კომპონენტს, ეს შეიძლება იყოს თბილი კაკაო, ჩაი, რძე, სხვადასხვა სახის ფაფა.
„საუზმეში არსებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები უნდა დაბალანსდეს შემდეგი პროპორციით 1:1:4, აქედან ყველაზე დიდი წილი – 4, სწორედ გონებრივი შრომისათვის საჭირო ნახშირწყლებია, მხოლოდ ეს უნდა იყოს რთული ნახშირწყლები და არა ტკბილეული. თუ მშობელი ვერ ასწრებს სახლში საუზმის მიწოდებას, სასურველია, შვილს სკოლაში წასახემსებელი კვების ნაკრები გაატანოს. ნაკრებში უნდა შედიოდეს: ცილა და ცხიმი -კვერცხის, კარაქის, ხაჭოს და ყველის სახით. ნახშირწყლები: ბოსტნეულის – სალათის ფოთოლი, კიტრი, პომიდორი და თუნდაც ერთი სახეობის ხილის სახით“, – გვითხრა ნუტრიციოლოგმა.
როგორც მაია გაბრიჭიძე ამბობს, ბავშვებში მოიმატა კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა და ჭარბი წონით გამოწვეულმა მეტაბოლურმა დარღვევებმა, გახშირდა პრედიაბეტური მდგომარეობები და დიაბეტის შემთხვევები, რაც არასწორი კვების რეჟიმის, არაბალანსირებული კვებისა და კვებითი ჩვევების დარღვევის შედეგია.
ასევე იხილეთ:
გაქცევა რეალობიდან? – რა დატვირთვა აქვს ზღაპარს ბავშვისთვის
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ჯიუტობს – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მშობლებს
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი
-
ცნობილია, საჯარო და კერძო სკოლების რამდენ მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი 2024-2025 წელს – საქსტატის მონაცემები by სკოლების ამბები