GE
21 თებერვალი, 2022 18:27

კომაროველი ნიკა ცქიტიშვილი ნიუ იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის კამპუსში (NYUAD) ჩაირიცხა სრული 330 000 $-იანი დაფინანსებით

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს – ნიკა ცქიტიშვილს!

ნიკა ცქიტიშვილი ნიუ იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის კამპუსში (NYUAD) ჩაირიცხა სრული 330 000$-იანი დაფინანსებით ასტროფიზიკის ფაკულტეტზე !

New York University (NYU) გამოირჩევა საერთაშორისო განათლების მაღალი ხარისხითა და გამოცდილებით. NYU-ს აქვს სამი ძირითადი კამპუსი ნიუ იორკში, აბუ დაბისა და შანხაიში. ასევე, მცირე გაცვლითი კამპუსები ყველა კონტინენტზე. აბუ დაბის კამპუსში 120-ზე მეტი განსხვავებული ეროვნების სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება ორი სემესტრი უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში გაატარონ.
ნიკა კომაროვის სკოლის 2020 წლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია.

ნიკა არის:

საქართველოს ასტრონომიის კლუბის (GAC) ერთ-ერთი ადმინისტრატორი. ასტრონომიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნიკა და მისი გუნდი აწყობენ ასტრონომიის საღამოებს, დამსწრეებს საშუალებას აძლევენ ტელესკოპებით დააკვირდნენ ციურ სხეულებს , პასუხობენ მათთვის საინტერესო კითხვებს და უზიარებენ ცოდნას. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ნიკა,სხვა მოწვეული სტუმრებთან ერთად ონლაინ ფორმატში პოპულარულ ლექციებს ატარებს. ასევე, აქვთ Facebook ჯგუფი “ასტრონომიის მოყვარულთათვის”, რომელიც აერთიანებს 32 000-ზე მეტ დაინტერესებულ ადამიანს.

საქართველოში პირველი ასტრონომიის ფესტივალი “Astrofest-2020”-ის ორგანიზატორი. აღნიშნული ფესტივალი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში ნიკას გუნდის გამარჯვების შედეგად ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ასტრონომიული საღამოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და ოზურგეთში. კომპანია პლანეტარიუმთან ერთად კი კავკასიაში პირველი ონლაინ ასტრო-ფოტოკონკურსი ჩაატარეს.

2018 წლის ბაქსვუდის სამეცნიერო ბანაკის ფარგლბში 5 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და შვეიცარიაში არსებულ წამყვან კვლევით ლაბორატორია CERN-ს ესტუმრა.

2021 წელს ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის (IYNT) ჟიურის წევრი, ხოლო ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე ერთ-ერთი გიდი და მოხალისე იყო.

2018-2019 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAA) საქართველოს ნაკრების წევრი.

2017-2019 წლებში მოხალისეობრივად იყო სოციალური უნარებისა და მათემატიკის მასწავლებელი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფონდი “მომავლის გზის” მიერ მოწყობილ საბავშვო ცენტრში.

კოსმოსის გარდა ნიკას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის სპორტს. თავისუფალ დროს ჩოგბურთის თამაშს უთმობს.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ნიკას!

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-პანსიონი კომაროვი