კომაროვის ბუნებისმეტყველთა კლუბის წევრებმა „ლისის ტბის ჰიდრობიოქიმური მდგომარეობის შეფასება“ წარადგინეს
3 აპრილს კომაროვის ბუნებისმეტყველთა კლუბის წევრებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შესრულებული პროექტი – „ლისის ტბის ჰიდრობიოქიმური მდგომარეობის შეფასება“ წარადგინეს (SRC/6/7/17).
წარდგენას ესწრებოდნენ: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ალექსანდრე სურმავა, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი – ნათია გიგაური, სკოლის დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები. შეხვედრა გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, ქიმია-ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ლიანმა ინწკირველმა, ხოლო პროექტის შინაარსი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის შემსრულებლებმა, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს შეეფასებინათ ლისის ტბის წყლის ხარისხი და შეემუშავებინათ რეკომენდაციები წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლისის ტბის წყალი არის სულფატური, მაღალმინერალიზებური, კალციუმისა და მაგნიუმის იონების მაღალი შემცველობით. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ლისის ტბის წყალი მცირედ დაბინძურებულია ფეკალური სტრეპტოკოკებით, ხოლო ეშერიხია კოლის მაჩვენებელი ყოველთვის დაბალია შესაბამის ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე.
მოსწავლეთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, სასურველია წყლის ხარისხის მონიტორინგი, დაიდგას დამატებითი ნაგვის ურნები და ბანერები მოწოდებით – „გავუფრთხილდეთ გარემოს!“.
მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს ჩატარებული კვლევითი სამუშაო, აღნიშნეს, რომ გაიღრმავეს ცოდნა ბუნებისმეტყველების საგნებში და გამოთქვეს სურვილი, კვლავ გაგრძელდეს მათი ჩართულობა სამეცნიერო მუშაობაში.