GE
6 თებერვალი, 2017 13:04

კომაროვის კურსდამთავრებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს  წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.

ელენე მაჩაიძე  კომაროვის სკოლის 2015 წლის კურსდამთავრებულია და ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო. აღსანიშნავია, რომ MIT- ის სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს. კომაროვის სკოლიდან  მესამე მოსწავლე გაემგზავრება მასაჩუსეტსის ინსტიტუტში, გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან. აღსანიშნავია, რომ MIT-ის ბაკალავრის პროგრამაზე სულ 4 ქართველი სწავლობს, აქედან 3 კომაროვის კურსდამთავრებულია. ელენე მაჩაიძე 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. ელენემ TOEFL–ის ტესტში 120-იდან 106 ქულა მიიღო; SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT –ის მათემატიკის ტესტში 800-იდან 800 და ფიზიკაში 800-იდან 770 მიიღო.

ელენე კომაროვის წარჩინებული მოსწავლე იყო და სისტემატიურად ესწრებოდა სკოლის ინფორმატიკის წრეებს, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან დაეხმარა MIT-ში მოსახვედრად. ელენეს მოპოვებული აქვს მრავალი მედალი ინფორმატიკაში სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 2 ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე;  კომაროვის სკოლის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გუნდური მესამე ადგილი იმავე ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი – ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2015 წელს, ბრინჯაოს მედალი ევროპის ოლიპიადაზე 2015 წელს.

ელენე ავტორია ვებ-საიტის www.coder.ge, რომელიც კომაროველ მეგობრებთან (ნიკა ნადირაძე და ნიკოლოზ სვანიძე) ერთად იმისთვის შექმნა, რომ ინფორმატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის დამატებითი ქართული სამეცადინო პლატფორმა მიეწოდებინა. ელენეს თქმით, მსგავსი ამოცანები ძირითადად რუსულ და ინგლისურ ენებზეა, ამიტომ ის სტუდენტები, რომლებსაც უცხო ენები უჭირდათ,  ხშირად ვერ ახერხებდნენ ამოცანების გაკეთებას.

მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა. 2016-2017 წლის QS World University Rankings – ის მიხედვით კი, MIT პირველ ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა, HarvardUniversity, University of Cambridge, University of Oxford და სხვა.

კომაროვის სკოლა ულოცავს ელენეს ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას უსურვებს მას და ამ სკოლის ყველა მოსწოვლეს!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება