კომაროვის სკოლის მოსწავლე კრეატიული წერის კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა
კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ცოტნე ფურცელაძე კრეატიული წერის კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდთან” თანამშრომლობით ჩაატარა კრეატიული წერის კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუკეთესო ნაშრომის ავტორის გამოვლენას.
კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს მრავალი რაიონიდან. მოსწავლეებს ადგილზე უნდა აერჩიათ სამი სათაურიდან ერთ-ერთი და 1 საათსა და 30 წუთში უნდა შეესრულებინათ დავალება.
კონკურსის ჟიურიში იყვნენ სამინისტროს და “ჰელფინგ ჰენდის” წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, პუბლიცისტები, მწერლები და ამ სფეროს ექსპერტები.
ცოტნეს ნაშრომმა ჟიურის სიმპათია დაიმსახურა და მაღალი ასაკოვრივი კატეგორიის გამარჯვებულად დასახელდა. დაჯილდოება გაიმართა 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ცოტნე სმარტფონით დაჯილდოვდა.
“მე-7 კლასიდან მსურდა, დამემსხვრია სტერეოტიპი და დამემტკიცებინა, რომ კომაროვში მხოლოდ ფიზიკა და მათემატიკა არაა მაღალ დონეზე. მე ეს უკვე მესამედ შევძელი”, – განაცხადა ცოტნე ფურცელაძემ.