GE
10 ნოემბერი, 2020 13:59

კომაროვის სკოლის მოსწავლეების მორიგი წარმატება ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-8 საერთაშორისო ტურნირში

საქართველოს ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-8 საერთაშორისო ტურნირში (IYNT) მიიღეს მონაწილეობა, საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ოქროსმედალოსანი გუნდის შემადგენლობაში არიან კომაროვის სკოლის მოსწავლეები: გუნდის კაპიტანი – ნიკა მალცევი, ირაკლი მიროტაძე, სანდრო ვაჩაძე; ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია, ლევან ლოლაშვილი; გუნდის ხელმძღვანელები: კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული და წრის ხელმძღვანელი – დიანა სოხაშვილი და ვეკუას სკოლის კურსდამთავრებული – გიორგი ბახტაძე.

2020 წლის ტურნირი 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის პერიოდში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 7 ქვეყნის 14 გუნდი იღებდა: შვეიცარიის, ხორვატიის, რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები, აგრეთვე რუსეთისა და საბერძნეთის 4-4 გუნდი და ყაზახეთის ორი გუნდი.

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი 17-წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინტელექტუალური კონკურსია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების შესაძლებლობებს, წარმატებით გადაჭრან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) დასმული პრობლემები. კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული დავალებები ეხება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მონაწილეებისგან როგორც ექსპერიმენტულ, ასევე თეორიულ კვლევას მოითხოვს.

საქართველოს გუნდი IYNT-ში დაარსების წლიდან მონაწილეობს. პირველივე ტურნირზე, რომელიც 2013 წელს თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში გაიმართა, საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა, 2014-2016 წლებში (ბულგარეთი, სერბეთი, ირანი) გუნდმა ზედიზედ სამჯერ ოქროს მედლები მოიპოვა; 2017-2019 წლებში (ნანკინი – ჩინეთი, თბილისი და მინსკი – ბელარუსი) კი საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. 2018 წელს თბილისში ჩატარებულ ტურნირში კომაროვის სკოლის გუნდიც მონაწილეობდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა. დღეისათვის საქართველო ახალგაზრდა ნატურალისტების მსოფლიო რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, გუნდის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და გულშემატკივრებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი