კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე
7-14 ივლისს ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი IYPT 2021 გაიმართა. ტურნირს საქართველომ, კონკრეტულად კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა!
ნაკრების შემადგენლობა: ნინი ქუჩულორია (კომაროვის სკოლა); ნიკა ნიკურაძე (კომაროვის სკოლა); ნიკა მალცევი (კომაროვის სკოლა); ლევან ლოლაშვილი (ვეკუას სკოლა), ნენე ჟვანია (ვეკუას სკოლა).
ნაკრების მწვრთნელები: ბექა ბზეკალავა, მარიამ მჭედლიძე, ლაზარე ოსმანოვი და გიორგი ბახტაძე.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი (International Young Physicists’ Tournament ან IYPT) არის გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო სამუშაოებში, შესაბამისად შეჯიბრის ფორმატი მიახლოებულია კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნების საერთაშორისო სტანდარტებთან. ყოველწლიურად, ზაფხულში 17 ამოცანა ხდება ცნობილი და მათზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები თვითონ წყვეტენ, თუ როგორ მიუდგებიან მოცემულ პრობლემას, რაც მათში ამოცანაზე შემოქმედებითად მიდგომის და სწორი კითხვის დასმის უნარს ავითარებს. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია მოხსენების ეტაპი, ანუ თვითონ ტურნირის მიმდინარეობის პროცესი, სადაც გადამწყვეტია ორიგინალური კითხვებისა და ჭკვიანური პასუხების სწრაფად მოფიქრების უნარი. მოსწავლეები საკუთარი კვლევის მოხსენებასა და სხვისი ნაშრომების ობიექტურ, მეცნიერულ კრიტიკას ეჩვევიან.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ტურნირზე საქართველოს წარმომადგენელს, გიორგი ხომერიკს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საორგანიზაციო გუნდს ტურნირის ორგანიზებისა და წარმართვისთვის.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!