კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება მათემატიკის მასტერსის მე-11 ოლიმპიადაზე
მათემატიკის მასტერსის მე-11 ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
მიმდინარე წლის 20-დან 25 თებერვლის ჩათვლით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მათემატიკის მასტერსის მე-11 ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადაზე მონაწილეობა მხოლოდ მიწვეულ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადაზე. მასტერსზე საქართველოს მოწვევა წელს პირველად მოუვიდა და შერჩეულმა ნაკრებმა საკმაოდ დამაჯერებელ წარმატებასაც მიაღწია. უძლიერესი ნაკრებების რეიტინგში 25 სახელმწიფოს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.
საქართველოს გუნდის ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო. არცერთი მათგანი ინდივიდუალურ ჩათვლაში უპრიზოდ არ დარჩენილა:
- ნიკოლოზ ბირკაძე – ვერცხლის მედალი;
- ბაქარ გამეზარდაშვილი – ვერცხლის მედალი;
- თეიმურაზ თოლორაია – ბრინჯაოს მედალი;
- ლუკა მუშკუდიანი – საპატიო სიგელი.
გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ივანე გოქაძე, დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.
გუნდის გამგზავრება და ოლიმპიადაზე მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.