GE
6 მაისი, 2019 12:30

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსზე მე-4 ადგილი მოიპოვეს

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ალექსანდრე ხოხიაშვილმა, თამარ და დიმიტრი კორკოტაშვილებმა გამოგონებით – „მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა“ – ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ The Intel International Science and Engineering Fair-ის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსზე მიმართულებაში „რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები“ მე-4 ადგილი მოიპოვეს.

კონკურსი აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩატარდა. გამომგონებელი მოსწავლეები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ პრიზიორები არიან.

„მიკროკონტროლერი ეს არის მცირე კომპიუტერი, რომელიც მოთავსებულია მხოლოდ ერთ ჩიპში. მისი გამოყენების სფერო თითქმის შეუზღუდავია. იგი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ამოცანა გადაიჭრას არა კლასიკური (ფიზიკა, მათემატიკა, პროგრამირება) მეთოდით, არამედ სწავლებით. მაგალითად, თუ გვინდა, რომ რობოტმა იაროს თეთრ ზოლზე, ამისთვის სპეციალიზებული პროგრამის შექმნის ნაცვლად, საკმარისია ჩვენი სისტემით აწყობილი რობოტი გარკვეული დროის განმავლობაში ვატაროთ ზოლზე და ის თვითონ გამოიმუშავებს ამ უნარს“, – ასე ხსნიან მოსწავლეები საკუთარი გამოგონების უპირატესობას.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება