კომაროვის სკოლის წარმატება ინფორმატიკის 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე
კომაროვის სკოლის ინფორმაციით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 2, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვა.
ინფორმატიკის 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში 87 ქვეყნის 343 მოსწავლე მონაწილეობდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ოლიმპიადა დისტანციურად ჩატარდა და მას ორგანიზება სინგაპურმა გაუწია. საერთაშორისო ოლიმპიადაზე თითო ქვეყნიდან 4 მოსწავლე მონაწილეობს და სასიხარულოა, რომ მედალი ოთხივე ქართველმა მოსწავლემ დაისაკუთრა.
საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდაგენლობა: ნიკა ბირკაძე (კომაროვის სკოლა) – ოქროს მედალი, თეიმურაზ თოლორაია (კომაროვის სკოლა) – ოქროს მედალი, არჩილ ბასაძიშვილი (კომაროვის სკოლა) – ვერცხლის მედალი, ლუკა მუშკუდიანი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი.
ნაკრების ლიდერი – გოჩა მანდარია, ნაკრების თანალიდერები – ზაზა გამეზარდაშვილი, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, ვახტანგ შეკიშვილი.
საქართველოს ნაკრები გუნდურ არაოფიციალურ ჩათვლაში მე-8 ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგია. პირველ შვიდ ადგილზე აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის, იაპონიის, კანადის, სამხრეთ კორეისა და ირანის ნაკრები გავიდა.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპადებზე საქართველოს მოსწავლეების მიერ აღებული ოქროების რაოდენობამ 7-ს მიაღწია. საქართველოს ნაკრების მოსწავლეებს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 7, ვერცხლის 11 და ბრიჯაოს 36 მედალი აქვთ მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ოქრო ნიკა ბირკაძისთვის რიგით მესამეა. 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით იგი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ისტორიაში საუკეთესო შედეგების რეიტინგით მე-7 ადგილზეა. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ ინფორმატიკის ნაკრების 3 წევრი – ნიკა ბირკაძე, თეიმურაზ თოლორია და ლუკა მუშკუდიანი მათემატიკის 2020 წლის ეროვნული ნაკრების წევრებიც არიან.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
კომაროვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას მრავალწლიანი მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელი საქმიანობისთვის.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და გულშემატკივრებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!