GE
14 ნოემბერი, 2023 16:55

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ახალი, ერთობლივი პროექტი – STEM ოლიმპიადა დაიწყო

საქართველოში STEM სწავლების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისების მიზნით, კომაროვის სკოლამ და საქართველოს ბანკმა ერთობლივი პროექტი – STEM ოლიმპიადა დაიწყო.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა სკოლას, გარდა (ფიზიკა – მათემატიკური სკოლებისა).

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სკოლებმა ელექტრონულად უნდა დაარეგისტრირონ 6 მოსწავლისაგან შემდგარი გუნდი. გუნდის წევრები უნდა იყვნენ მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.

რეგისტრაცია გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.

ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად:

ა) პირველ ტურში გუნდის წევრები ინდივიდუალურად შეასრულებენ დავალებებს: გუნდის სამი წევრი მათემატიკის ამოცანებს ამოხსნის, გუნდის ორი წევრი – ფიზიკის ამოცანებს, გუნდის ერთი წევრი ინფორმატიკაში პროგრამული კოდებს შექმნის. გუნდის წევრების მიერ მიღებული შედეგების პროცენტული მაჩვენებლების შეკრებით გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპზე გადავა.

ბ) მეორე (ფინალურ) ტურში მოსწავლეები გუნდურ ფორმატში შეასრულებენ ინჟინერიის დავალებებს – კერძოდ, მათ ექნებათ გამოყოფილი სივრცე, სადაც დახვდებათ ელექტრული კომპონენტები (დაშლილ მდგომარეობაში) და 3 დავალება, რომლის შესასრულებლადაც 8 საათი ექნებათ. ამ დროის განმავლობაში გუნდებმა უნდა შექმნან დავალებების შესაბამისი პროექტები, რომელთა შესრულების ხარისხსაც ჟიური შეაფასებს.

ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდი სასწავლო – საგანმანათლებლო ექსკურსიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის დაფინანსებით გაემგზავრება შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN).

გამარჯვებული სკოლა საქართველოს ბანკისგან საჩუქრად მიიღებს მულტიფუნქციურ სივრცეს STEM მიმართულებით.

აღსანიშნია, რომ ასეთი სახის ოლიმპიადა საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

ოლიმპიადა შეიცავს სწავლების კომპონენტსაც. დარეგისტრირებულ სკოლებს პირველ ტურამდე ჩაუტარდებათ ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით 5-5 კონსულტაცია. კონსულტაციებს ჩაატარებს შესაბამისი დარგის პროფესიონალები, რომლებიც განიხილავენ აღნიშნულ საგნებში საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის სპეციფიკასა და ტესტის ნიმუშებს.

ოლიმპიადის მეორე (ფინალურ) ტურში გადასული გუნდის მენტორებს ჩაუტარდებათ 30 კონსულტაცია ინჟინერიის მიმართულებით, რომელზეც ექსპერტები განიხილავენ მიკროკონტროლერ arduino-ს მუშაობის პრინციპსა და მისი საშუალებით STEM პროექტების შექმნის სპეციფიკას.

ოლიმპიადის პირველი ტური 19 იანვარს, კომაროვის სკოლაში გაიმართება.

ოლიმპიადაზე დეტალური ინფორმაციის ნახვა და რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:

STEM ოლიმპიადა არ არის პირველი პროექტი, რომელსაც კომაროვის სკოლა და საქართველოს ბანკი ერთობლივად ახორციელებენ. აღნიშნულ ორგანიზაციებს უკვე აქვთ საერთო პროექტი STEM სკოლა, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო და უკვე ორი ნაკადი მიიღო. STEM სკოლაში სწავლა შაბათს კვირას მიმდინარეობს.

მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებათ. სწავლების ფორმატიდან გამომდინარე შექმნილია სპეციალური, უნიკალური კურიკულუმი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სწავლობენ მიკროკონტროლერ Arduino-ს გამოყენებას, მათ დაპროგრამებასა და სენსორების მართვას.

STEM სკოლაში მომდევნო (მესამე) ნაკადის მიღება 2024 წლის იანვარში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია კი 2023 წლის დეკემბერში, STEM სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში