GE
10 აპრილი, 2023 12:30

კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო

მოსწავლეებში STEM მიმართულებით (ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო.

საქართველოსა ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, უკვე 200 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს STEM მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა და მაღალი ხარისხის განათლება.

STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ერთწლიანია და ის ორ მოდულად იყოფა. პირველი მოდული 18 მარტს დაიწყო და ივნისის ბოლოს დამთავრდება, მეორე მოდული კი 15 სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით გაიმართება.

სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი რეგიონიდანაა. გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათობით, პლატფორმა თიმსის მეშვეობით ტარდება.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იღებენ იმ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, რომელიც შემდგომში დაეხმარება მათ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა და საკუთარი მომავალი STEM მიმართულებას დაუკავშირონ.

აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში სკოლაში ადგილების რაოდენობა 150-დან 201-მდე გაიზარდა.

საქართველოს ბანკის ინიციატივით, რეგიონში მცხოვრე 60 მოსწავლეს, რომლებმაც მისაღებ გამოცდაში უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად უფინანსდებათ.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში