მამა გურამ ოთხოზორიამ სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები დალოცა და „ვეფხისტყაოსნის“ საიდუმლოებებზე ესაუბრა
სკოლა ,,პოლიგლოტში“, საგანგებოდ გიორგობის დღესასწაულის, 6 მაისის აღსანიშნავად, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელ დიკა სალაყაიას ინიციტივით, შეხვედრა შედგა მამა გურამ ოთხოზორიასთან.
სკოლაში ამ დღეს განსაკუთრებული, ემოციური და მნიშვნელოვანი უწოდეს. შეხვედრაზე, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ელდინო ჯინჭარაძემ, მარიამ ბაციკაძემ და ნინი ადამიამ წარმოადგინეს პრეზენტაცია შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ შესახებ და საპატიო სტუმარს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ქართველებისათვის უძვირფასესი წიგნის, წიგნთა წიგნის, მეორე სახარებად წოდებული პოემის შესახებ.
მოსწავლეები საგანგებოდ მოემზადნენ ამ დღისათვის, სააქტო დარბაზი გაფორმებული იყო ბავშვების მიერ შესრულებული ხელნაწერების ნიმუშებით, აქვე გამოფენილი იყო სკოლა ,,პოლიგლოტის“ ბიბლიოთეკის ,,ვეფხისტყაოსნების“ უნიკალური კოლექცია. მამა გურამმა მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა, ესაუბრა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ საიდუმლოებებსა და ზოგადსაკაცობრიოდ მნიშვნელოვან თემებზე. მოძღვარმა დალოცა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები, სკოლას უსურვა წარმატებები და ბედნიერი მომავალი.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს ამ შესანიშნავი საღამოს ორგანიზებისთვის, ქალბატონ დიკა სალაყაიას – ამ პროექტის სულის ჩადგმისა და მოწყობისათვის და ქართული ენის პედაგოგს ანა ჯავახიშვილს – მოსწავლეების მომზადებისა და საინტერესო პრეზენტაციისათვის.