მოსწავლეებმა მასწავლებელს ვარსკვლავი გაუხსნეს და „ოსკარი“ გადასცეს
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ლილი აბუსერიძეს მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა „ვარსკვლავი გაუხსნეს“ და საუკეთესო მასწავლებლის „ჯილდოც“ გადასცეს.
პედაგოგისთვის განკუთვნილი „ვარსკვლავი“ სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიების დასასრულს აანთეს. ლილი აბუსერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და სიურპრიზმა ბევრი ატირა, რადგან მასწავლებლისთვის ამაზე უკეთესი ჯილდო არ არსებობს.
„ბავშვებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი ღონისძიებას, რომელიც IV კლასის დამთავრების აღსანიშნავად გავაკეთე. რეპეტიციები კი გვქონდა, მაგრამ არ ველოდი, ისე კარგად გამოუვიდათ ყველაფერი გამოსაშვებ საღამოზე. ვარსკვლავი კი ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. შუაში ჩემი სახელი და გვარი წერია და გარშემო – ჩემი საყვარელი მოსწავლეების სახელები. მშობლებმა „ოსკარის“ ჯილდოც გადმომცეს, როგორც საუკეთესო პედაგოგს. ძალიან ლამაზი, ორიგინალური ჯილდო იყო“, – ყვება მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან.
პედაგოგი თვლის, რომ მოსწავლეების სიყვარული მათდამი მეგობრულმა განწყობამ განაპირობა. ამბობს, რომ როდესაც რაიმე არ მოსწონს, მოსწავლეებს კი არ სჯის, მეგობრულად უხსნის, რაც იმის წინაპირობაა, რომ იგივე შეცდომას ბავშვები აღარ იმეორებენ.
„ძალიან მეგობრული ვარ ბავშვებთან და ამით ბევრს ვიგებ. როდესაც ბავშვებთან მეგობრობ, მათ უფრო აქვთ შენი ხათრი და რიდი. ორი სსმ პირი გვყავს ამ კლასში. საუბარი უჭირთ და მათ ნათქვამს მხოლოდ მე და მათი მშობელი დედა ვხვდებით. ეს ორივე ბავშვი, ამ ღონისძიებაზე, სცენაზე დავაყენე. მათ ცოტა მეტი მოფერება სჭირდებათ. ერთი მათგანი მეორე კლასიდან სწავლობს ჩვენთან და მისმა დედამ მითხრა, ბათუმის ბევრი სკოლა მოვიარეთ აქ მოსვლამდე, კერძო სკოლაშიც დამყავდა, მაგრამ თქვენ რომ შეგეგუათ და შეგეჩვიათ, ასე სხვას ვერავისო.
„მე ყველა ბავშვი ერთნაირად მიყვარს. ბავშვებს კი მკაცრი მასწავლებელი არ უყვართ. ეს სულ სხვა თაობაა და თუ მეგობრული არ იქნები, ვერ მიგიღებენ. მეგობარიც უნდა იყო და მომთხოვნიც. როდესაც ბავშვი მეგობრად აღგიქვამს, უფრო კარგად სწავლობს, რადგან ერიდება შენი, ცდილობს, არ გაწყენინოს და გული არ გატკინოს“, – ამბობს ემოციებით დატვირთული პედაგოგი EDU.ARIS.GE-სთან, რომელიც ასევე გვყვება, რომ მისი „ვარსკვლავის გახსნა“ ბავშვებსაც არანაკლებად უხაროდათ – ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.
ასევე იხილეთ:
გაკვეთილზე მომზადებული მინდვრის ფხალი იმერულად – „გემრიელი“ აქტივობა სხვიტორის სკოლაში
„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში