„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში
,,მე ვაწყობ სამყაროს ისეთს, როგორიც მე მომწონს“ – ასტრიდ ლინდგრენის ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის, პეპის ამ სიტყვებით შთაგობენულმა ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელმა, როენა გოგოლაძემ სკოლაში პეპის სეირნობის დღე მოაწყო. სადამრიგებლო, Iგ კლასის მოსწავლეებთან ერთად თავადაც პეპის ფორმაში გამოეწყო, ბავშვებთან ერთად ითამაშა და იმღერა.
მასწავლებელი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება და თავისუფლების შეგრძნებაა, რაც ერთი გაკვეთილის ფორმატში წარმატებით გამოუვიდა.
„I კლასის პროგრამაში გვქონდა გასავლელი პატარა მონაკვეთი „პეპი საყიდლებზე“. ყველამ ერთად ვთქვით, მოდით, პეპის გასეირნების დღე მოვაწყოთო და შევიმოსეთ პეპის ფორმით. სკოლის უკან ძალიან კარგი ეზო გვაქვს, ამინდმაც შეგვიწყო ხელი და გავედით ეზოში, ყვავილები დავკრიფეთ, ვითამაშეთ. შევცვალეთ ის დღე ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ, მე რომ მნახეს პეპის ფორმაში. არ ელოდნენ, რომ მეც მათთან ერთად ვითამაშებდი. მასწავლებლის ფორმიდან პირდაპირ ბავშვი გავხდი… გამახსენდა ჩემი ბავშვობა და ბედნიერი ვიყავი მათთან ერთად. მეც ეს სკოლა დავამთავრე, სადაც ახლა ვმუშობ. თითქოს ბავშვობა განმეორდა და ეს განწყობა დიდებული იყო. ყველაზე მთავარი კი ბავშვების სიხარულია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან როენა გოგოლაძე.
მასწავლებელი თვლის, რომ ასეთი ღონისძიებები ბავშვებთან დაახლოებას, სტერეოტიპების მსხვრევას და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„ასეთი ამბებით იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ მასწავლებელი მუდამ სერიოზული უნდა იყოს და მხოლოდ გაკვეთილები ატაროს. მოსწავლეებმა დაინახეს, რომ მასწავლებელიც თავისუფალია და მასაც შეუძლია იყოს ბავშვი. პატარებს ძალიან მოსწონთ მეგობრული პეპი, რომელსაც არამარტო მეგობრები, ცხოველებიც უყვარს. გაკვეთილის გარდა, სხვა დამატებითი მასალებიც წავიკითხეთ პეპიზე. ბიჭებსაც უყვართ პეპი, რადგან ის მათთან უფრო მეგობრობს და კლასის ბიჭებიც ავიყოლიეთ.
„წინასწარ გამოვაცხადეთ, რომ პეპის დღე გვექნებოდა. ვთხოვე, ყველა პეპის ფორმით მოსულიყო. რამდენიმე მოსწავლეს დაავიწყდა და ისინი ადგილზევე შევმოსეთ, რომ არავის დასწყვეტოდა გული. იდეა, რომ მეც პეპი ვყოფილიყავი, იმ დღეს მომივიდა და მათთან ერთად მოვიხატე ჭორფლები, გავიკეთე თმა… ბავშვები დამეხმარნენ – ზოგს სარკე ჰქონდა მოტანილი, ზოგს ფანქარი“, – მოგვიყვა მასწავლებელმა.
პირველი კლასის დამრიგებელი თვლის, რომ ადამიანებს მართლაც შეუძლიათ, ისეთი სამყარო მოაწყონ, როგორიც მოსწონთ და ამის ცოდნა მომავალი თაობისთვის აუცილებელია.
,,მე ვაწყობ სამყაროს ისეთს, როგორიც მე მომწონს“ – პეპის ეს სიტყვები ძალიან მიყვარს და ამაზე ავაწყეთ ჩვენი დღე 13 მაისს. ასეთი ღონისძიებები ბავშვების გახსნილობასაც უწყობს ხელს და მათთვის გაკვეთილი ვალდებულება კი არა, სასურველი ხდება. ჩემი თაობა ჩარჩოებში გაიზარდა, სტანდარტული გაკვეთილები ტარდებოდა. ახლა კი ყველა აზრს ვითვალისწინებთ. შეიძლება თემას აცდენილი განმარტება თქვას მოსწავლემ, მაგრამ იმასაც ვწერთ დაფაზე და განვიხილავთ, რატომ ეგონა ასე. თავისუფლება და ბედნიერების შეგრძნება ყველაზე ძვირფასი რამ არის ამქვეყნად“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს როენა გოგოლაძემ.
ასევე იხილეთ:
„ბავშვები კეთილები, მომთმენები და მზრუნველები ხდებიან“ – რა უვითარებს ბავშვებს ადამიანურ თვისებებს