GE
17 მაისი, 2022 17:36

მათემატიკის ოლიმპიადა მასწავლებლებისთვის – კომაროვის სკოლის ახალი პროექტი

კომაროვის სკოლა იწყებს კიდევ ერთ ახალ პროექტს – მათემატიკის ოლიმპიადას მასწავლებლებისთვის. პროექტის მიზანია, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელთა პროფესიული წახალისება და ქსელის, როგორც STEM-ის საფუძვლის, გაძლიერება.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მათემატიკის ან ფიზიკის უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებელს (გარდა ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სტატუსის მქონე სკოლებისა).
  •  მათემატიკის/ფიზიკის/კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი ან გავლილი აქვთ, ან გადიან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას.

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყება 12 მაისს და დასრულდება 29 მაისს.

სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ: https://bit.ly/39Xhb2Y

მონაწილეებმა პირველ ტურში უნდა წარმოადგინონ საკუთარი სტატუსის (მასწავლებლის, მასწავლებლობის მაძიებლის ან 60-კრედიტიან პროგრამაში მონაწილეობის/დასრულების) დამადასტურებელი დოკუმენტი.

ოლიმპიადის ორივე ტურში მონაწილეებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ოლიმპიადის აკადემიური პროგრამა:

ოლიმპიადის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამით გათვალისწინებულსა და კიდევ დამატებით კალკულუსის საკითხებს.

ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად.

ოლიმპიადის პირველი ტური:

  • პირველ ტურის ტესტი შედგება დახურულბოლოიანი 30 ამოცანისგან. თითოეული ამოცანის ქულა მითითებული იქნება ტესტში.
  • თარიღი: 2022 წლის 5 ივნისი, 11 საათი. ხანგძლივობა 3 სთ (მონაწილეებს ადგილი ეცნობებათ მითითებულ ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონულ ფოსტაზე)
  • იმავე დღეს ყველა მონაწილეს შეეძლება ნახოს თავისი ნაშრომის სკანირებული ვერსია.
  • პირველ ტურში თითოეული მონაწილის ნაშრომს მიენიჭება უნიკალური კოდი და შედეგები გამოქვეყნდება ამ კოდით.
  • პირველი ტურის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 7 ივნისს. აპელაცია მიიღება 8 და 9 ივნისს.
  • პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 11 ივნისისა.

ფინალურ ტურში გადავა საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე, აგრეთვე ის მონაწილე, რომლის შედეგიც დაემთხვევა რეიტინგით 30-ე შედეგს.

ოლიმპიადის ფინალური ტური:

  • ფინალური ტურის ტესტი შედგება ღიაბოლოიანი 7 ამოცანისგან. თითოეული ამოცანის მაქსიმალური ქულა მითითებული იქნება ტესტში.
  • თარიღი: 2022 წლის 18 ივნისი. 11 საათი. ხანგძლივობა- 4,5 საათი. ადგილი გამოცხადდება მოგვიანებით.
  • 19 ივნისამდე თითოეულ მონაწილეს შეეძლება ნახოს თავისი ნაშრომის სკანირებული ვერსია.
  • არაუგვიანეს 21 ივნისისა ფინალური ტურის მონაწილეებს მიეწოდებათ ამოცანების შეფასების კრიტერიუმები.
  • პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.
  • აპელაცია მიიღება 26 და 27 ივნისს.
  • საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 29 ივნისისა.

გამარჯვებულები:

ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგებით დამტკიცდება რეიტინგული სია.

თუ რომელიმე ორ მონაწილეს ფინალურ ტურში ექნება ერთი და იგივე ქულა, გათვალისწინებული იქნება ოლიმპიადის პირველ ტურში მიღებული შედეგი. თუ პირველი ტურის ქულაც იგივეა, მონაწილეები გაიყოფენ შესაბამის ადგილებს.

ოქროს მედალი და ოქროს მედალოსნის დიპლომი გადაეცემა ფინალური ტურის საუკეთესო შედეგის მქონე 3 მონაწილეს.

ვერცხლის მედალი და ვერცხლის მედალოსნის დიპლომი გადაეცემა ფინალური ტურის მე-4-9 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს.

ბრინჯაოს მედალი და ბრინჯაოს მედალოსნის დიპლომი გადაეცემა ფინალური ტურის მე-10-18 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს.

ოლიმპიადის ყველა ფინალისტს, რომელიც ვერ მოიპოვებს ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, გადაეცემა ფინალისტის დიპლომი.

ოლიმპიადის ფინალურ ტურში პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა ფულადი პრიზი- 2400 ლარი და ოლიმპიადის გამარჯვებულის თასი.

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა ფულადი პრიზი- 1600 ლარი.

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა ფულადი პრიზი- 1000 ლარი.

ოლიმპიადის ყველა ვერცხლის მედალოსანს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები.

იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგული სიის დამტკიცების შემდეგ, მაგალითად, მოხდა შემდეგი: მე-2 და მე-3 შედეგი აღმოჩნდა ერთი და იგივე (როგორც ფინალურ, ასევე პირველ ტურში, მე-9 და მე-10 შედეგი და ა.შ.) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების, ასევე, ფულადი პრიზების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომაროვის სკოლის ვებგვერდს ან ფეისბუქგვერდს (FB: სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School).

კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სტატუსის მქონე სკოლების მასწავლებლები ოლიმპიადაში არ მონაწილეობენ.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მისწეროთ სკოლას ფეისბუქგვერდზე ან მეილზე: komarovi.mathteachersolimp@gmail.com, ან დაუკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2392157 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე.

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში