„მცირე ბიუჯეტითაც დაუვიწყარი მოგონებები შევქმენით“ – წამყვანი პედაგოგი საკუთარი ბოლო ზარისა და ახალი ტენდენციის შესახებ
„ვსწავლობდი ქუთაისის ულამაზეს სკოლაში. ჩვენი ბოლო ზარი ჩვენმა დამრიგებელმა და მშობლებმა დაგეგმეს და ჩვენთვის არავის უკითხავს აზრი – რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა. მაშინ ძირითადად ასე ხდებოდა“, – ასე იხსენებს საკუთარი სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებას წეროვნის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი, ირმა მესხორაძე EDU.ARIS.GE–სთან და იმ განსხვავებების შესახებ საუბრობს, რომელიც 70-80-იანი წლების აბიტურიენტობასა და დღევანდელს შორის არის.
„ჩვენს კლასში 35 მოსწავლე ვიყავით. ბოლო ზარზე სკოლის ფორმები გვეცვა – გოგონები თეთრი წინსაფრებითა და თმაზე ბაფთები ვიყავით წარმოდგენილი, ბიჭებს შავი შარვალი და თეთრი პერანგები ეცვათ. საზეიმო ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა, შემდეგ წავედით გელათში, ფოტოების გადასაღებად. სკოლის საკმაოდ რთული გამოცდების შემდეგ კი ბანკეტი გადავიხადეთ. მცირე ბიუჯეტითაც დაუვიწყარი მოგონებები შევქმენით”, – იხსენებს პედაგოგი.
გვიყვება, რომ ბანკეტს, რომელიც ერთ-ერთი კლასელის უზარმაზარ ვერანდაზე გადაიხადეს, ყველა მოსწავლე ესწრებოდა – “მაშინ რესტორნის დაქირავება საკმაოდ დიდი ფუფუნება იყო და არც აუცილებლად ითვლებოდა. მასწავლებლები და მშობლებიც თან გვახლდნენ. ორდღიანი იყო ქეიფი და დროსტარება…”.
ირმა მასწავლებელი, იმ სასიამოვნო ტენდენციას გვაცნობს, რომელიც „ჯენ ზი“ და „ალფა“ თაობას ახასიათებს და საკუთარი მოსწავლეების მაგალითით გვიამბობს, თუ როგორ განსხვავებულად უყურებენ ბოლო ზარის ღონისძიებას.
„იყო ერთგვარი ტენდენცია, როცა ბოლო ზარის მოსაწყობად ათასობით ლარს ხარჯავდნენ, თუმცა შეიცვალა თაობა. ჩვენი „ჯენ ზი“ და „ალფა“ თაობა ბევრად უფრო განსხვავებულად უყურებს ამ საკითხს. ჩემს ბოლო ზარზე დედამ უბრალო კაბა შემიკერა და ჩემთვის ულამაზესი იყო, მიხდებოდა. მიხარია, რომ ახალ თაობაში ეს ტენდენცია გაჩნდა, მათ ლიმუზინი და ტრენდულ ტანსაცმელი ღირებულად აღარ მიაჩნიათ. მაგალითისთვის, შარშან გავუშვი ჩემი მეთორმეტე კლასი, თვითონ დაგეგმეს რაც უნდოდათ, ბანკეტი არ გააკეთეს, კახეთში წავიდნენ რამდენიმე დღით და იქ აღნიშნეს სკოლის დამთავრება“, – მოგვითხრო პედაგოგმა.