მოსწავლის ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური ქსელები – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა
თუ თქვენ ინტერნეტისა და სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებელი ხართ, ალბათ, არ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ მოსწონს თქვენს შვილს „Facebook“-ი, „Instagram“-ი, „TikTok ”-ი თუ სხვა სოციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის მქონე აპლიკაცია.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ნამდვილად ყველანი ვართ დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე. უმრავლესობა უფრო მეტად დამოკიდებულიც. ამიტომ, სანამ ეკრანთან „მიმჯდარ“ ბავშვს თუ თინეიჯერს ხმამაღალი განცხადებებით მივმართავთ, ღირს გაიხსენოთ თავად რას აკეთებდით სულ ორიოდე წუთის წინ და თქვენს კითხვას ცოტა სხვაგვარი ფორმულირება მისცეთ. მაგალითად ასეთი: „რამდენი ხანია, რაც ეკრანთან ხარ, შენი ლიმიტი ხომ არ ამოიწურა?!“.
საინტერესოა, რას გვირჩევენ ასეთ დროს ფსიქოლოგები, როგორ უნდა იმოქმედონ მშობლებმა, თუ სურთ, შვილის მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობაც დაიცვან და გონებრივ განვითარებასაც შეუწყონ ხელი. თან, ეს ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ შვილისთვისაც მისაღები და გასაგები იყოს.
EDU.ARIS.GE ფსიქოლოგსა და ტრანსფორმაციის მწვრთნელს (ქოუჩს), ქეთი ქოქაშვილს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი მშობლების ყველა აქტუალურ შეკითხვას გასცემს პასუხს და მათ პრაქტიკულ რჩევებსაც გაუზიარებს.
– ქალბატონო ქეთი, პირველ რიგში, გვითხარით, რამდენად ადეკვატურია მშობელთა პანიკა, როცა ხედავენ, რომ მათი შვილი დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში და რა უნდა იცოდნენ დროის ლიმიტებთან დაკავშირებით?
-ნამდვილად ადეკვატურია და მოგახსენებთ, რატომ. ვიცით, რომ არა მხოლოდ არასრულწლოვნების, არამედ ზრდასრულთათვისაც არსებობს ოპტიმალური ლიმიტები სოციალურ ქსელებში დროის გატარებისთვის. თუ ამ ლიმიტს გადავაჭარბებთ, ადეკვატური სიმპტომებიც არ დააყოვნებს. ამას არასრულწლოვნების შემთხვევაში პედიატრებიც მუდმივად იმეორებენ და ჩვენც, ფსიქოლოგები. მშობლებს ვეტყვი, რომ დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვმა ეკრანთან დღეში მაქსიმუმ 1 საათი უნდა გაატაროს, ხოლო თინეიჯერმა მაქსიმუმ 3 საათი. ვიცით, რომ ამ ასაკში მოსწავლეებს ინტერნეტის მოხმარება განსაკუთრებით სჭირდებათ, მიზეზი მხოლოდ ესაა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, საერთოდ არ არის საჭირო, დაწყებითი კლასის მოსწავლეს 9 წლამდე ჰქონდეს სოციალური ქსელი. თუმცა, შეუძლია, ისარგებლოს მაგალითად, „ვოთსაფის,“ „ვაიბერის“ „სკაიპის“ აპლიკაციით, თუ ეს აუცილებელია და ოჯახიც საჭიროდ მიიჩნევს. დრო კი, რასაკვირველია, უნდა იყოს ლიმიტირებული. აქ მხოლოდ წუთებზეა საუბარი, რაც ჩვენს შვილს სჭირდება მაგალითად იმის გასარკვევად, როგორ არის მისი მეგობარი, რომელსაც სიცხე აქვს. მოიკითხოს ახლობელი ან უბრალოდ ეკონტაქტოს დამრიგებელს. ეს, ძირითადად მაშინ ხდება, როცა მშობელს არ აქვს დრო და ბავშვს ავალებს, გაიგოს რა აქვს საშინაო დავალებად. როგორც უკვე გითხარით, საუბარია წუთებზე, მაქსიმუმ 35 წუთი, თუ ეს აუცილებელია. თინეიჯერების შემთხვევაში კი დრო უფრო მეტია, მაქსიმუმ 1 საათამდე, ანალოგიურად იგივე მოტივებით.
– რა ითვლება ერთგვარ „საგანგაშო სიგნალებად“ მშობლისთვის?
-თუ სოციალური ქსელი ბავშვსა თუ თინეიჯერზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს, რაც ინტერნეტის არალიმიტირებულ მოხმარებასთან ერთად, კიდევ სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად იმით, ვინ არიან მისი ვირტუალური მეგობრები, რას უყურებს და რას კითხულობს… მას აუცილებლად ექნება ეს ჩივილები და სწორედ ისაა საგანგაშო მშობლისთვის:
ძილის პრობლემები. გვიან იძინებს და უჭირს დაძინება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაღლილი არ არის;
ნაკლებ დროს ატარებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ამჯობინებს ვირტუალურ ურთიერთობებს;
აქვს განწყობის ცვალებადობა. ხან ზედმეტად ენერგიული და ემოციურია, ხან კი პირიქით -მოდუნებული და დაღლილი.
წონის პრობლემები. თუ წონა მუდმივად განიცდის ცვლელებებს. წონაში იმატებს მკვეთრად, ან მკვეთრად იკლებს;
ნაკლებ დროს უთმობს სწავლას, დასვენებასა და გართობას. ძირითად დროს სოციალურ ქსელებში ატარებს და ეძებს მიზეზებს, რომ ახსნას, რატომ ხდება ასე;
აქვს საკუთარ თავთან და სხეულთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულებები და პრობლემები. მუდმივად სხვებს ადარებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ მათთან შედარებით ის -„ძალიან შეუხედავი“ და „მსუქანია“, თინეიჯერებში ეს პრობლემები განსაკუთრებით აქტიურად იჩენს თავს;
– რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ სურს, ბავშვი ინტერნეტსაც არ მოწყვიტოს, მაგრამ დაიცვას მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა?
– მშობელი უნდა დააკვირდეს, რა მოსწონს მის შვილს სოციალურ ქსელებში და გამოძებნოს ალტერნატივა, ჩამანაცვლებელი აქტივობების სახით. მაგალითად, თუ ბავშვს მოსწონს მეგობრებთან მიმოწერა, მიიპატიჟოს მისი მეგობრები სახლში, ამით აჩვენებს, რომ რეალური ურთიერთობები უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ვირტუალური;
– ჩართოს საოჯახო საქმიანობაში. აღიდგინოს შვილთან კომუნიკაცია, რადგან, როგორც წესი, სოციალურ ქსელში თავიდან ფეხებამდე ჩართულ ადამიანებს, ოჯახის რეალური წევრებისთვის დრო ნაკლებად რჩებათ და არც მათთან კომუნიკაციით გამოირჩევიან;
– თავად შეამციროს სოციალური ქსელის გამოყენების ლიმიტები და შვილთან ერთად ჰობით, ფიზიკური აქტივობით დაკავდეს. მშობელი თავად უნდა იყოს მაგალითი შვილისთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს შვილი მისი შენიშვნებისა თუ რჩევების გაგებას, ასევე გაზიარებასაც;
– იყოს მაქსიმალურად ყურადღებით დააკვირდეს, რისთვის იყენებს შვილი სოციალურ ქსელებს, რას აჟღერებს. აუცილებელია, მშობელს, ე.წ „მეგობრებში“ ჰყავდეს შვილი და ხშირად ესტუმროს მის „პროფილს“, რადგან ამ გზით ის მისი და მისი ინტერესების შესახებ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებს. ეს არ უნდა ჰგავდეს მაკონტროლებელ აქტივობას, არამედ უბრალოდ თვალი ადევნოს, რომ არაფერი დარჩეს მისი ყურადღების მიღმა.
– შესთავაზოს წიგნი ინტერნეტის ნაცვლად, რეალური ადამიანები, ვირტუალურის ნაცვლად. დაგეგმოს პიკნიკი, ექსკურსია, უბრალოდ გაისეირნოს შვილთან და მის მეგობრებთან ერთად, ეს აუცილებლად მოეწონება ბავშვსაც;
– იყოს ყურადღებით, აკონტროლოს შვილის ჯანმრთელობა. ვიცით, რომ სოციალური ქსელი შეიძლება, გახდეს საშიში და დამაზიანებელი იმ შემთხვევაშიც, თუ ლიმიტებს ვიცავთ. მაგალითად, შეგვიქმნას მხედველობის პრობლემები, ხერხემლის გამრუდება, ფსიქო-ემოციურად დაგვაზიანოს. ამას აუცილებლად სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა. ამიტომ, მშობელს მეტი სიფხიზლე მოეთხოვება.