GE

„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)

„საქართველოში, კითხვაში მიღწევის სულ მცირე მე-2 (საბაზო) საფეხურს მოსწავლეთა მხოლოდ 39%-მა მიაღწია, OECD ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს)“, – წერია საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ქართულენოვან დოკუმენტში „PISA 2025 საქართველოში“.

კვლევის შედეგების თანახმად, მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებლის თვალსაზრისით, საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება იკვეთება: ბოლო დეკადის განმავლობაში მოსწავლეთა საშუალო მიღწევის გაუმჯობესების ტენდენციის მიუხედავად, 2025 წლის ციკლში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო ქულა კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია OECD-ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ისე კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

“თუ სამივე სფეროში საქართველოს შედეგებს შედარებით პერსპექტივაში განვიხილავთ, OECD-ის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში ყველაზე მიახლოებული რეიტინგული პოზიცია საქართველოს მათემატიკაში აქვს. საქართველოს შედეგი, ასევე, მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს PISA-ს ახალ განზომილებაში – პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრაში. ამ განზომილებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევა, სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის დაშორებული საერთაშორისო საშუალოს”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიგნებებში, რომლებიც PISA-ს კონსორციუმის პირველად მონაცემებს ეყრდნობა.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე – PISA 2025 წლის შედეგები გამოქვეყნდა

რა იციან და რა შეუძლიათ საქართველოს მოსწავლეებს PISA-ს მიმართულებების მიხედვით?

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მეორე (საბაზო) საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს შეუძლიათ ნაცნობი საბუნებისმეტყველო მოვლენების ახსნა და მიღებული ცოდნის გამოყენება მარტივ სიტუაციებში, მათ შორის მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნების მართებულობის შესაფასებლად. საქართველოში სულ მცირე ამ საფეხურს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა 55%-მა მიაღწია (OECD-ის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 74%-ს შეადგენს).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (მიღწევის ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ შემოქმედებითად და დამოუკიდებლად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა მრავალფეროვან, მათ შორის მათთვის მანამდე უცნობ სიტუაციებში. საქართველოში ამ საფეხურს მოსწავლეთა მხოლოდ 1% აღწევს (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 7%-ს შეადგენს).

მათემატიკა: მათემატიკაში მეორე (საბაზო) საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირი მითითებების გარეშე გააანალიზონ და ამოიცნონ, როგორ შეიძლება მარტივი, რეალური სიტუაციის მათემატიკურად წარმოდგენა (მაგალითად, ორი ალტერნატიული მარშრუტის საერთო მანძილის შედარება ან ფასების სხვა ვალუტაში გადაყვანა).

საქართველოში, მათემატიკაში მიღწევის სულ მცირე საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა 47% იმყოფება (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 65%-ს შეადგენს).

მათემატიკაში ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ რთული სიტუაციების მათემატიკური მოდელირება, ასევე, მათი გადაჭრისთვის შესაფერისი სტრატეგიების შერჩევა, შედარება და შეფასება. საქართველოში, მოსწავლეთა დაახლოებით 2% ამ კატეგორიაში ექცევა (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 8%-ს შეადგენს).

კითხვა: კითხვაში მეორე (საბაზო) საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ საშუალო მოცულობის ტექსტში მთავარი აზრის ამოცნობა, მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე ინფორმაციის მოძიება და, ასევე, ტექსტის მიზნისა და ფორმის გააზრება, როდესაც პირობა ამას მკაფიოდ მოითხოვს. საქართველოში, კითხვაში მიღწევის სულ მცირე მე-2 (საბაზო) საფეხურს მოსწავლეთა მხოლოდ 39%-მა მიაღწია (OECD ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს).

ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (მიღწევის ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ გრძელი ტექსტების გააზრება, აბსტრაქტულ ან განყენებულ ცნებებთან მუშაობა, ასევე, ინფორმაციის შინაარსთან ან წყაროსთან დაკავშირებულ არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა. საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება (OECD-ის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 6%-ს შეადგენს).

რაც შეეხება მიღწევის საფეხურებს: მიღწევის საშუალო მაჩვენებლისგან განსხვავებით, ეს მიდგომა აჩვენებს, თუ როგორ ნაწილდებიან მოსწავლეები კომპეტენციების ფლობის სხვადასხვა საფეხურზე. PISA-ს სკალა კითხვასა და მათემატიკაში დაყოფილია რვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – შვიდ, ხოლო პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრის სფეროში – ექვს მიღწევის საფეხურად, სადაც უფრო მაღალი საფეხური უფრო მაღალი დონის ცოდნასა და უნარებს ასახავს.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ 1. PISA-ს ძირითად სფეროებში (კითხვა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მეორე საფეხური ე. წ. საბაზო საფეხურად ითვლება – ამ საფეხურზე მოსწავლეები ფლობენ საზოგადოებრივ ასპარეზზე ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან, აუცილებელ, მინიმალურ კომპეტენციებს; OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კვლავ მცირეა იმ მოსწავლეთა წილი, რომლებიც მინიმუმ ერთ საგანში მიღწევის უმაღლეს საფეხურებზე (ბოლო ორი საფეხური) აღმოჩნდნენ ან სამივე საგანში კომპეტენციის საბაზო (მე-2 ან უფრო მაღალ) საფეხურს მიაღწიეს; მიღწევის საფეხურების მიხედვით, ყველაზე საყურადღებო სურათი კითხვის მიმართულებით ვლინდება, სადაც მიღწევის საბაზო საფეხურის ქვემოთ მოსწავლეთა 61% იმყოფება. შედარებისათვის, ანალოგიური მაჩვენებელი OECD ქვეყნებში დაახლოებით ორჯერ ნაკლებია და 31%-ს შეადგენს.

პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრის (Computational Problem Solving) განზომილებაში საბაზო საფეხური ფორმალურად დადგენილი არ არის და პირობით გამყოფს მესამე საფეხური წარმოადგენს. საქართველოში, ამ განზომილებაში მოსწავლეთა შედეგები განსაკუთრებით დაბალია. მესამე საფეხურს ქვემოთ მოსწავლეთა 69% მოექცა. ანალოგიური მაჩვენებელი OECD ქვეყნებში 36%-ს შეადგენს.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის განმარტებით, PISA 2025-ის შედეგების თანახმად, 2022 წელთან შედარებით, საქართველოში ყველა ძირითად სფეროში მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა. მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ათწლეულის ფარგლებში (2015-2025) საუკეთესო შედეგები დაფიქსირდა. პროგრესი, ძირითადად, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებას უკავშირდება. მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საქართველოს შედეგები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება კითხვის სფერო. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევები იკვეთება PISA-ს ახალ მიმართულებაში – პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრაში.

“შედეგების ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ტენდენცია საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი ნიშნულიდან დაიწყო. შესაბამისად, შემოდგომ ციკლებში გაუმჯობესების ტენდენციის მდგრადობის შენარჩუნება საქართველოსთვის უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ამოცანას წარმოადგენს“, – ვკითხულობთ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე – PISA 2025 წლის შედეგები გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური