„მშობლიური ენის ათვისება უჭირთ” – ფილოლოგი წლევანდელ პირველკლასელებზე საუბრობს და მშობლებს ეხმარება
„თუ თქვენი პირველკლასელი მშობლიურ ენას რთულად ითვისებს არ შეშინდეთ, ეს მათ თანატოლებშიც ასეა. როცა ყოველდღიურ მეტყველებაში ამდენი უცხო სიტყვაა, მარტივი არ არის ქართული ენა დაასწავლო“, – ამის შესახებ ფილოლოგი, თბილისის 64-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, სალომე ჯინორიძე EDU.ARIS.GE ესაუბრება.
პედაგოგი მშობლებს ეხმარება და პრაქტიკულ ინსტრუქციას აძლევს.
რას უნდა დაუთმონ დრო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა:
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ წინადადების სწორად აგების წესებს, ლექსიკის დახვეწას. ასევე, ფრაზეოლოგიური გამონათქვამების სიტყვამონაცვლე კონტექსტებში ამოსავალი სიტყვის ჩანაცვლებას ნაცვალსახელითა და სინონიმური ლექსიკით; მოსწავეებს დაწყებით საფეხურზე უჭირთ ბრუნვის სწორად გამოყენება, სიტყვათა შეთანხმება. ამიტომ, ამ მიმართულებთ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
„აგრეთვე აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს სასვენი ნიშნების: წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის (ჩართულ გამოთქმებთან და მიმართვასთან )მართებულად გამოყენება. წლევანდელ პირველკლასელებს მშობლიური ენის ათვისება უჭირთ. ვფიქრობ, თუ ამ ინსტრუქციას გაითვალისწინებენ, ზედა კლასებში შეძლებენ თხზულების სრულფასოვნად დაწერას დ ესეს წერის სწავლა-სწავლების პროცესიც გაუმარტივდებათ“, – აგვიხსნა სალომე მასწავლებელმა.
ფილოლოგის პრაქტიკული რჩევები ასეთია:
შესაფერისი ენობრივი გარემოს შექმნა – სადაც ბავშვის ლექსიკური მარაგი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ოჯახურ გარემოზე.
ხშირად ესაუბრეთ შვილებს – წაახალისეთ მათი მხრიდან თავისუფალი მსჯელობა, აზრის ჩამოყალიბება გარკვეული საკითხისადმი და გრამატიკულად გამართული საუბარი.
ეცადეთ, კითხვა აქციოთ ყოველდღიური ჩვევად – ვინაიდან რეგულარული კითხვა ხელს უწყობს გრამატიკული უნარების გაძლიერებას, აზროვნებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას.
ხელი შეუწყვეთ წერის კულტურის განვითარებას – წერა არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ფორმალური დავალება.
წაახალისეთ ბავშვი, რომ წეროს დღიური – შექმნას მოკლე მოთხრობები, მეგობრებს მისწეროს წერილები და ა.შ მოთმინება და პოზიტიური უკუკავშირი მშობლის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი ასპექტია. ბავშვის მიერ დაშვებული გრამატიკული შეცდომები ბუნებრივი პროცესის ნაწილია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მშობლებმა არ გაუღვივოთ შიში წერისა და გამოთქმის მიმართ, არამედ პოზიტიური მოტივაციით დაეხმაროთ მათ გაუმჯობესებაში.
ქართულ ენასა და ლიტერატურას მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემა არ სჭირდება –მასწავლებლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ბავშვში ინტერესის გამოწვევა და აზროვნების უნარის განვითარება. ამისათვის კი უპრველესად მიმაჩნია აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენება – გრამატიკისა და მართლწერის სწავლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წესების დაზეპირებით. პრაქტიკული სავარჯიშოები, ტექსტის ანალიზი, დისკუსიები და შემოქმედებითი წერის დავალებები ხელს შეუწყობს ცოდნის განმტკიცებას.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გრამატიკული წესები აღიქვან არა როგორც ცალკეული კანონები, არამედ როგორც ცოცხალი ენის ნაწილი – ამ მხრივ, სასწავლო ტექსტებთან მუშაობა, ანალიზი და გადამუშავება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
აუცილებელია, მოსწავლეებმა დაინახონ, რომ წერის პროცესში შეცდომების დაშვება ნორმალურია და მთავარი მათი გააზრება და გამოსწორებაა. ამიტომ, შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ პროგრესზე.
საჭირო ნიუანსია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების წახალისება – ვინაიდან მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ გრამატიკული კონსტრუქციები, ამასთანავე შეძლონ აზრის ზუსტად და ლოგიკურად ჩამოყალიბება, არგუმენტირებული მსჯელობა.