„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები, საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში იმყოფებოდნენ.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი დღის განმავლობაში, მოსწავლეები ვენაში, United Nations Office at Vienna-ში გამართული GSD ტურს დაესწრნენ და გაიგეს, თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია.
ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო Sustainable Development Goals-ის, ანუ გაეროს მდგრადი განვითარების 17 კონვენციის გაცნობა. მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებისა და ინტერაქტიური ფორმატის საშუალებით გაიგეს, თუ როგორ ებრძვიან სიღარიბეს, იცავენ გარემოს, აუმჯობესებენ განათლებასა და ქმნიან უკეთეს მომავალს ყველასთვის.
მეორე დღეს, გაიმართა შეხვედრა ვენის მერიაში. მერიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო შენობის ისტორიული მნიშვნელობა, ესაუბრა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპებსა და ზოგადად, მის როლზე ქალაქის მართვის პროცესში. მოსწავლეებმა, ასევე, ღია და დახურული დარბაზები და ივენთ ჰოლი დაათვალიერეს.
ვიზიტის მესამე დღეს, მოსწავლეები ავსტრიის პარლამენტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის განმავლობაში მათ შეისწავლეს, თუ როგორ იქმნება კანონები, როგორ მიმდინარეობს დებატები, რა როლი აქვთ პარლამენტარებს და რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.
მოსწავლეები ევროპის პარლამენტში ჩაერთნენ role-play game-ში, რომელიც არის ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობა. მათ თავად მოირგეს ევროპარლამენტარების როლი, განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, ჩაერთნენ დებატებში და მიიღეს გადაწყვეტილებები ისე, როგორც რეალურ პარლამენტში ხდება. ეს მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.