GE
19 სექტემბერი, 2022 13:30

ქარელელი მასწავლებლების ტრადიცია სასწავლო წლის დაწყებისას – „ბავშვმა თუ ეს არ დაინახა, რაც არ უნდა ასწავლო, ეფექტური არ იქნება“

ქარელის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებლები, სკოლის დაწყების დღეს, დღის მეორე ნახევარში,  რომელიმე ახლომდებარე ტაძარს სტუმრობენ, ბუნებაში სეირნობენ და „ენერგიული სტარტისთვის“ ემზადებიან.

სკოლის დირექტორი, ლია ჭაბუკაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ყვება, რომ ასეთი გასეირნება უკვე წლებია, ტრადიციად აქცია და სასწავლო წლის დაწყების წინ მსგავსი სახის რელაქსაცია აუცილებლადაც მიაჩნია.

„სასწავლო წლის პირველ დღეს მივდივართ რომელიმე ტაძრის მოსალოცად. წელს სერაფიმე საროველის სავანეში ვიყავით. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღეს თითქმის ყველა მასწავლებელი ერთდ ვართ. სკოლაში 47 მასწავლებელია და წელს, ამ გასეირნების დროს, 40-ნი ვიყავით. ყოველთვის ხდება, რომ ვიღაცას ობიექტური მიზეზი აქვს და ვერ მოდის. 7 წელია, რაც დირექტორი ვარ და მას მერე ეს გასეირნება ფაქტობრივად ტრადიციად ვაქციეთ. ამ დროს ერთმანეთი მონატრებული გვყავს, თან ვლოცულობთ ერთად, ღმერთს შევთხოვთ, რომ წარმატებული სასწავლო წელი გვქონდეს… ასე გაძლიერებულები და მოტივირებულები ვიღებთ ენერგიულ სტარტს. ბუნებაში სულ სხვა ენერგია, რაც შენზეც გადმოდის და სწავლის დაწყების წინ ეს პატარა რელაქსაცია აუცილებლად გვჭირდება“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მარშრუტი, სად წავლენ ერთად მასწავლებლები, ახლომდებარე ტაძარზე კეთდება, რათა ნახევარ დღეში მოასწრონ. ამ ტრადიციად ქცეული ამბის გამო კი, როგორც დირექტორი ყვება, ყველა მასწავლებელს ამაღლებული განწყობა აქვს.

„იმ დღეს ჯერ სკოლაში გვქვს საზეიმო ცერემონია და შუადღით გავდივართ. შარშან მცხეთაში ვიყავით, ორი წლის წინ ძამის ხეობაში… ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც. ისედაც ამაღლებული დღეა ჩვენთვის სწავლის დაწყების დღე და ამას ესეც რომ ემატება, მოზღვავებული ემოციები გვაქვს“, – გვიყვება ლია ჭაბუკაშვილი.

დირექტორი თვლის, რომ მასწავლებლების ერთად ყოფნა და კარგი ურთიერთობა მოსწავლეებზეც აუცილებლად დადებითად აისახება. ბუნებაში ერთად გასეირნება კი ერთ-ერთი აქტივობაა, თუ როგორ შემქნა, განამტკიცო და აამაღლო თანამშრომლობითი კულტურა.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და მასწავლებლებს შორის კარგი დამოკიდებულება. ეს თუ არ არის, სასწავლო პროცესიც ვერ მიდის კარგად. ყველა სკოლას სჭირდება იმის გააზრება, რომ ერთი ოჯახი და ერთი გუნდია. ასეთ არაფორმალურ გარემოში გასვლა ურთიერთობებს განამტკიცებს და კავშირებს, ერთმანეთთან დამოკიდებულების კულტურას ამაღლებს. აღიარებულია, რომ ერთიანობა, თანამშრომლობა და კოლეგიალობა აუცილებელია. ამის გარეშე ვერცერთ საქმეს, ვერცერთ სამსახურში ვერ გააკეთებ კარგად. მოსწავლეებზე აუცილებლად აისახება ის, რომ მასწავლებლების ერთიანობას უყურებენ. ბევრი მასწავლებელი თავისი გაკვეთილის ფარგლებში ასწავლის, როგორი მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა დღეს, მულტიკულტურული გარემოს შექმნა… ბავშვი რომ ხედავს, მასწავლებლებს შორის არ არის დალაგებული ურთიერთობები, ვფიქრობ, აბსოლუტურად არაფერი იქნება ეფექტური, რაც არ უნდა ასწავლო. არცერთი შენი სიტყვა არ გაჭრის. პირადი მაგალითი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მილიონი სიტყვა“, – ამბობს ქარელელი სკოლის დირექტორი.

ასევე იხილეთ:

მოსწავლეების მიერ მოგროვილი სიკეთეები და მასწავლებლის საჩუქარი ბავშვებს

პედაგოგების თეატრალური დასი – 143-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების ერთობა სწავლა-სწავლებისთვის და სცენაზე

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში