GE
14 ივნისი, 2022 16:55

მოსწავლეების მიერ მოგროვილი სიკეთეები და მასწავლებლის საჩუქარი ბავშვებს

„მადლიერების ყულაბა“ – ასე ჰქვია სახალისო აქტივობას, რომელიც თბილისის 145-ე საჯარო სკოლაში, VI კლასში განხორციელდა. კლასის ხელმძღვანელი კი, რომელიც ამ იდეის ავტორია, ამავე სკოლის დირექტორი, მაია ოსიყმიშვილი გახლავთ.

მოსწავლეებმა, სასწავლო წლის დასაწყისში, საკუთარი ხელით დაამზადეს ყულაბები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ფურცელზე წერდნენ მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეებს და თავთავიანთ ყულაბებში ყრიდნენ. 13 ივნისს კი ყველამ ერთად გადაწყვიტა, რომ ყულაბების გახსნის და ერთმანეთისთვის ამ ყველაფერის გაზიარების დრო მოვიდა.

მაია ოსიყმიშვილი, რომელიც ამავე კლასს ინგლისურ ენასაც ასწავლის, EDU.ARIS.GE-ს კეთილი აქტივობის შესახებ მოუყვა:

„მადლიერება სოციო-ემოციური სწავლების ერთ-ერთი მეთოდია. წლის დასაწყისში, გაკვეთილზე განვიხილეთ, თუ რა არის მადლიერება და სიკეთე. მე მნიშვნელობა და არსი გავაცანი, პერეზენტაციები ამ თემაზე კი თავად მოსწავლეებმა მოამზადეს. შემდეგ შევქმენით „მადლიერების ყულაბები“. ქილების მოტანა დავავალე ბავშვებს, რომლებიც მერე თავიანთი ხელით მოხატეს. ზოგმა პირდაპირ იყიდა ყულაბა და ის მოიტანა. 29 ბავშვია ამ კლასში და 29 ყულაბა გვქონდა ოთახში. პატარა დღიურებში იწერდნენ, რა გააკეთეს იმ დღეს და კვირის ბოლოს თავიანთ ყულაბებში ათავსებდნენ“.

ბავშვები ფურცლებზე წერდნენ, რომ მშობელს დაეხმარნენ საშინაო საქმეებში, გამოკვებეს უპატრონო ძაღლები, მოხუცს ჩანთა მიატანინეს სახლში, უსინათლოს დაეხმარნენ გზის გადაკვეთაში, ერთ-ერთ პირველკლასელს გაკვეთილის წაკითხვაში დაეხმარნენ… ერთმა გოგონამ ისიც დაწერა, რომ დედას ნამცხვრის გამოცხობაში დაეხმარა და სხვებმა რეცეპტი მოსთხოვეს – ჩვენს გავაკეთებთ სახლშიო. ასე დააგროვეს მოსწავლეებმა გაკეთებული სიკეთეები და მისი გავრცობაც მოინდომეს.

„ასეთი აქტივობებით კომუნიკაციას, კრიტიკულ აზროვნებას, ემპათიას, პატივისცემას სწავლობენ ბავშვები. მერე თვითშეფასებაც გააკეთეს – ვის რომელი ქმედება მოეწონა. ყველაზე მეტად, ადამიანების დახმარება და დახმარების სურვილი რომ ჰქონდათ, ეს მოეწონათ. ყველა ბავშვს ჰქონდა ჩანაწერი მის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე, ოღონდ ზოგს – მეტი და ზოგს – ნაკლები. ძალიან ამაყები იყვნენ, როდესაც თავიანთ გაკეთებულ სიკეთეებზე ყვებოდნენ“, – მოგვიყვა მაია ოსიყმიშვილი.

მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვების მიერ გაკეთებული თითოეული სიკეთე მისთვის საჩუქარს ჰგავდა. არც თავად ჩამორჩა და ყველა მათგანს საჩუქარი მანაც გაუკეთა:

„მათთვის ბრელოკები დავამზადებინე, სადაც ხის ფირფიტაზე ამოტვიფრულია სიტყვები: „მადლიერება სულის კეთილშობილების ნიშანია“.

ასევე იხილეთ:

გაკვეთილზე მომზადებული მინდვრის ფხალი იმერულად – „გემრიელი“ აქტივობა სხვიტორის სკოლაში

„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში