სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში
სახალხო დამცველმა დღეს, 1-ელ აპრილს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვთა განათლების უფლებაზეც არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში არსებული 2 086 საჯარო სკოლიდან, 297-ში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში – სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.
როგორც ომბუდსმენი წლიურ ანგარიშში უთითებს, ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, მოსწავლეებზე უარყოფითად აისახება.
„2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2 086 საჯარო და 206 ავტორიზებული კერძო სკოლა, რომელთაგან 9 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. 2025-2026 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული მოსწავლეების ჯამურმა რაოდენობამ 643 801 შეადგინა.
297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში – სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად მოსწავლეთა დიდი კონტინგენტით არის განპირობებული. მითითებული 22 სკოლიდან 16 შემთხვევაში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა.
საყურადღებოა, რომ ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში.
ასევე იხილეთ:
როგორია მოსწავლეთა რაოდენობა საფეხურების მიხედვით საჯარო და კერძო სკოლებში – ბოლო მონაცემები